ცნობილია, რომ ჩინეთის რევოლუციის გამარჯვების საქმეში დიდი როლი ეკუთვნის სტალინს. ისიც მართალია, რომ ჩინეთის სახელმწიფოს ლიდერი, მაო ძედუნი, ოფიციალურად აცხადებდა თავს სტალინის მოწაფედ; რომ იგი საკუთარ თეორიულ შრომას მნიშვნელობას არ ანიჭებდა და თავის წარმატებებს სტალინს უკავშირებდა. მაოს სტალინი მიაჩნდა არა მარტო საბჭოთა ხალხების, არამედ ჩინელი და, საერთოდ, მსოფლიო ხალხების მასწავლებლად.
საარქივო დოკუმენტებს შორის, არსებობს ანასტას მიქოიანის წერილი, რომელიც მან ჩინეთიდან გამოგზავნა 1949 წლის თებერვალში. აი, რას წერდა იგი: „მაო ძედუნი საკუთარ როლს, როგორც ხელმძღვანელი და პარტიის თეორეტიკოსი, ამდაბლებდა”... შემდეგ: „... ის მხოლოდ სტალინის მოწაფეა და საკუთარ თეორეტიკულ შრომას მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან მარქსიზმში ახალი მას არაფერი შეუტანია”... შემდეგ: „... ჩინეთის რევოლუციის საკითხის დამუშავების დროს ის საფუძვლად იყენებდა სტალინის გამონათქვამებს, რომლებიც ჩინეთის რევოლუციის ხასიათს ეხება”...
დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთს ხელმძღვანელობდა გენერალისიმუსი ჩან კაიში და მისი მმართველი პარტია. ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ 40-იანი წლების დამდეგს არ მოიხაზა საბჭოთა კავშირის მიერ ფაშიზმის საბოლოო დამარცხების კონტურები, რასაც მოჰყვა ჩინეთში დაწყებული რევოლუციის მეტი შემართებით გაძლიერება. რევოლუციას ხელმძღვანელობდა ჩინელი კომუნისტების ბელადი მაო ძედუინი.
1945 წლის 12-14 თებერვალს იალტაში გაიმართა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს სამი ქვეყნის ლიდერები: სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ გერმანიასთან საქმე მოთავებულია და ახლა საჭიროა იაპონიის წინააღმდეგ გალაშქრება, რისი განხორციელებაც ჩერჩილმა და რუზველტმა სტალინს სთხოვეს. თავის მხრივ, სტალინმა ითხოვა, რომ მისთვის დახმარების სახით გადაეცათ გარკვეული რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, რომ, თითქოსდა მათ ნაკლებობას განიცდიდა...
გავიდა ხანი და ჩერჩილი თავის მემუარებში აღნიშნავდა, თუ როგორ მოატყუა იგი სტალინმა, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა და იარაღი აღმოჩნდა ჩინეთის რევოლუციონერთა ხელში, სახელდობრ კი – მაო ძედუნის განკარგულებაში.
ასე იყო თუ ისე, 1949 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. იმავე წლის დეკემბერში, სტალინის დაბადების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვს პირველად ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი წარმომადგენლობითი დელეგაცია მაო ძედუნის ხელმძღვანელობით.
სტალინისა და მაო ძედუნის იმდროინდელი შეხვედრებისა და მოლაპარაკების შესახებ მოკლედ და ძალზე საინტერესოდ მოგვითხრობს მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში – ფედორენკო, თავის წერილში „ღამის საუბრები”, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ „პრავდაში” (¹297, 1998 წლის 23 ოქტომბერი). იგი ორი დიდი სახელმწიფოს მეთაურების საუბრებისა და მოლაპარაკებების დროს თარჯიმნის როლში გამოდიოდა.
სტალინის და მაო ძედუნის შეხვედრები და, შესაბამისად, საუბრები, მიმდინარეობდა მოსკოვის ახლოს მდებარე კუნცევოს აგარაკზე, სადაც ისინი, ჩვეულებრივ, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შეხედულებებს სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ საკითხებზე. სწორედ ასეთი სახის საუბრების შედეგად, მიღწეულ იქნა საბოლოო შეთანხმება ორ დიდ ქვეყანას შორის მეგობრობის, ურთიერთკავშირისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების პრინციპულ დებულებათა შესახებ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1950 წლის 14 თებერვალს საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვიშინსკიმ და ჯოუ ენლაიმ. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ სტალინი და მაო ძედუნი. მეორე დღეს, 15 თებერვალს, პრესაში გამოქვეყნდა სტალინისა და მაო ძედუნის სურათები.
მაო ძედუნის მოსკოვში ყოფნისას საბჭოეთის კულტურის უწყებამ გადაწყვიტა, რომ ჩინელი მეგობრებისთვის ახლოს გაეცნოთ დედაქალაქის სულიერი ცხოვრება. ამიტომ, მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ჩინელებისთვის დიდ თეატრში ეჩვენებინათ იმ დროისთვის საბჭოთა ბალეტის სიამაყე, კომპოზიტორ გლიერის ბალეტი – „წითელი ყაყაჩო”, რომლის სიუჟეტი მთლიანად ჩინეთის ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად საბჭოთა მხარის სურვილისა და მცდელობისა, მიზეზების გამო, მაო ძედუნი წარმოდგენას არ დასწრებია. ბალეტზე დამსწრე ჩინელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა მაოს ცნობილი იდეოლოგი, პროფესორი ჩენ ბოდა.
სპექტაკლის ყურების შემდეგ მოხდა კურიოზული ამბავი: ჩინელებს, განსაკუთრებით კი ჩენ ბოდას, ბალეტის სიუჟეტი, მოცეკვავეთა გრიმი და, საერთოდ, მათი თამაში არ მოეწონათ. ჩინელებმა განსაკუთრებით მიუღებლად მიიჩნიეს თვით ბალეტის სახელწოდება – „წითელი ყაყაჩო”. ჩენ ბოდამ დელიკატურად ახსნა, რომ მცენარე ყაყაჩო ჩინელებისთვის ოპიუმის სიმბოლოა, ხოლო ოპიუმი, თავის მხრივ, ჩინელებისთვის უბოროტესი მტერია, რადგან ის საუკუნეების განმავლობაში ღუპავდა ჩინელ ხალხს და ასე შემდეგ. აქვე დავუმატებთ, რომ იმჟამინდელ საბჭოთა კავშირში ბევრისთვის უცნობი იყო ყაყაჩოს ნარკოტიკული თვისება და მისი გამოყენების დამღუპველობა. ასე იყო თუ ისე, დიდ თეატრში ჩინელების სტუმრობა და სპექტაკლზე მათი დასწრება იმით დამთავრდა, რომ საბჭოთა ხელოვნების სიამაყე, გლიერის ბალეტი, დიდი თეატრის რეპერტუარიდან მოხსნეს და აღარ იდგმებოდა, მაგრამ ხრუშჩოვის პერიოდში ბალეტი აღადგინეს, ოღონდ, ახალი სახელწოდებით – „წითელი ყვავილი”.
დადგა დრო, როდესაც საბჭოთა კავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მეგობრობის, ურთიერთკავშირისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულება საზეიმოდ აღენიშნათ. აქედან გამომდინარე, მაო ძედუნმა თხოვნით მიმართა სტალინს, რომ საზეიმოდ აღენიშნათ ცერემონია არა კრემლში, არამედ სასტუმრო „მეტროპოლში”. ასეთ წინადადებაზე თავდაპირველად სტალინმა კატეგორიული უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ იგი მიღებებზე არასოდეს ყოფილა რესტორნებში ან უცხოეთის საელჩოებში. მაგრამ, მაოს დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, დასთანხმდა, რითაც დაარღვია აღთქმა, რომელსაც სტალინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში მტკიცედ იცავდა.
1950 წლის 14 თებერვალს, დანიშნულ დღესა და საათს, ჩინელი მასპინძლები და საბჭოელი სტუმრები სასტუმრო „მეტროპოლის” საბანკეტო დარბაზში შეიკრიბნენ. მართალია, იმ დროს საზეიმო ატმოსფერო და სადღესასწაულო განწყობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ დამხვედრთა სახეები რაღაც შეწუხებას, დაბნეულობას და, უფრო მეტსაც – შიშს გამოხატავდნენ, რადგან ეჭვი ეპარებოდათ, შეასრულებდა თუ არა სტალინი დაპირებას და დაესწრებოდა თუ არა საზეიმო ცერემონიალს. ყველა შემოსასვლელი კარისკენ იყურებოდა.
ბოლოს და ბოლოს, სტალინმა თავისი სიტყვა შეასრულა – იგი მივიდა სასტუმრო „მეტროპოლში”. მის გამოჩენას დიდი ოვაციებით შეხვდნენ, რასაც ბოლო არ უჩანდა. გაუთავებელმა ოვაციებმა და მის პატივსაცემად წარმოთქმულმა სადღეგრძელოებმა სტალინი დაღალა. მან ღვინით სავსე ჭიქა აიღო, ყველას ანიშნა, გაჩუმებულიყვნენ და წარმოთქვა მაო ძედუნისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სადღეგრძელო, რომლითაც გამოხატა ღრმა ისტორიული აზრები და მომავლისადმი დიდი ოპტიმიზმი.
საზოგადოებაში ადრე არსებობდა მოარული ჭორი იმის შესახებ, თითქოს მაო ძედუნმა შესთავაზა სტალინს საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება და როდესაც სტალინმა მაოს ეს წინადადება პოლიტბიუროს წევრებს აცნობა, ასეთ იდეას მხურვალედ და ერთსულოვნად მხარი დაუჭირეს. მაგრამ, მათგან განსხვავებით, სტალინმა თავისი საღი გონებითა და შორსმჭვრეტელობით უარყო მაო ძედუნის შორს გამიზნული წინადადება იმ მოტივითო, რომ, მაოს გეგმის განხორციელებით, ჩინეთი და ჩინელები სულ მოკლე დროში ჩაყლაპავდნენ საბჭოთა კავშირს თავისი ტერიტორიით და მოხდებოდა ჩინელების ასიმილირება საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ხალხთან.
ასეთი აზრი და მის გარშემო ზოგიერთების გამონათქვამები სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ამ თემაზე ლაპარაკი სტალინისა და მაო ძედუნის შეხვედრებისას გამართული საუბრების დროს საერთოდ არ ყოფილა...
სტალინი გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს. მოსკოვში მაშინვე ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ჩჟოუ ენლაი, რომელმაც მწარედ იტირა, შემდეგ კი მიიღო ინფორმაციები სტალინის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოგვიანებით ჩამოვიდა მაო ძედუნი ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს ყველა წევრის თანხლებით. იგი ცდილობდა, ემოციებს არ აჰყოლოდა, მაგრამ თავს ვერ იკავებდა. მაო გულწრფელად იყო შეძრწუნებული. მას ცრემლი მოსდიოდა, მისი თანამებრძოლები კი გულამოსკვნილი ტიროდნენ.
მაო ძედუნი და მისი თანამებრძოლები არ იზიარებდნენ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვის მიერ წაკითხულ მოხსენებას სტალინის პიროვნების კულტის შესახებ. აი, რას წერდა იმ დროს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი ოფიციალური ორგანო, გაზეთი „ჟენმინ ჟიბაო”: „ი.ბ. სტალინი შემოქმედებითად იყენებდა და ავითარებდა მარქსიზმ-ლენინიზმს”...
1956 წლის 29 დეკემბერს „ჟენმინ ჟიბაომ” კვლავ გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სტალინის დასაცავად – „კიდევ ერთხელ პროლეტარიატის დიქტატურის ისტორიული გამოცდილების შესახებ”, სადაც საუბარი იყო სტალინის კრიტიკასთან დაკავშირებით. საერთოდ, 1956 წლიდან დაწყებული, პეკინი მუდმივად იცავდა და აფასებდა სტალინს.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მაო ძედუნს პეკინში ახლდნენ ამერიკელი ჟურნალისტები და მისგან ინტერვიუ აიღეს. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვა ასეთი იყო: „იქნება თუ არა თქვენი გარდაცვალების შემდეგ მაოს პიროვნების კულტის კრიტიკა ჩინეთში?” მაო ძედუნის პასუხი ერთობ მოკლე და ლაკონური იყო: „არ იქნება, ჩინელები მე არ გამაკრიტიკებენ, რადგან მე ჩინელი ვარ”. მაომ ყველას მიახვედრა, რომ „ველიკორუსმა“ ნაციონალისტებმა ვერ აიტანეს ქართველი სტალინი, რომელიც 30 წელი ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირს.