ირაკლი კობახიძე: „პირდაპირ უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, რეალურად 45%-იანი საშუალო ყოველწლიური ზრდა გვაქვს“
2017 წლის 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შემდეგი განაცხადა: „წინა ხელისუფლების პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წელიწადში საშუალოდ მილიარდ 24,4 მილიონ ლარი იყო, 2012 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი არის მილიარდ 477 მილიონი ლარი. ანუ ჩვენ გვაქვს რეალურად 45%-იანი საშუალო ყოველწლიური ზრდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით“.
არგუმენტირებული შეფასება
ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ, რამდენი იყო საშუალო წლიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა ხელისუფლების დროს და რამდენით გაიზარდა იგი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის წლებში (2004-2012), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა იყო ცვალებადი. გრაფიკზე 1-ზე მოცემულია 2004-2012 წლებში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში. როგორც ამ გრაფიკიდან ჩანს, 2004-2012 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიურმა მოცულობამ 1 024,4 მლნ ლარი შეადგინა.
გრაფიკი 1
რაც შეეხება 2013-2016 წლებს, წინა პერიოდთან შედარებით ინვესტიციების საკმაოდ მნიშვნლოვანი ზრდა ფიქსირდება (იხ. გრაფიკი 2).
გრაფიკი 2
2013-2016 წლებში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 1 477,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 44.2%-ით აღემატება 2004-2012 წლების საშუალო წლიურ მაჩვენებელს.
დასკვნა
ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წელიწადში საშუალოდ მილიარდ 24,4 მილიონ ლარი იყო, 2012 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი არის მილიარდ 477 მილიონი ლარი, რაც რეალურად 45%-იან ზრდას გულისხმობს, არის სიმართლე.