საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა, 1968 წელსაა დაბადებული თბილისში. პროფესიით ჟურნალისტია – დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მისი შრომითი ბიოგრაფია 1985 წელს იწყება მეოთხე მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის ბინაზე სასწრაფო მომსახურების ბიუროში, სადაც მან 1987 წლამდე იმუშავა სანიტრად. 1990-1991 წლებში კი უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკის სანიტარი გახდა. 1992 წელს კი პირდაპირ გაზეთ თჰე Gეორგიან თიმეს-ის საზოგადოების განყოფილების რედაქტორად დაინიშნა. 1994 წლიდან გაზეთ „არგუმენტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე გახდა. 1995-1996 წლებში „დილის გაზეთის“ პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1997 წელს არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა და 2002 წლამდე „თავისუფლების ინსტიტუტის“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამების მთავარი კოორდინატორი იყო. 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრად დაასახელეს, სადაც – 2003 წლამდე დაჰყო. 2004 წელს საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით; 2008 წელს საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ზედაც, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც, 2012 წლიდან კი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრიცაა.
გივი თარგამაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2001 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა. ოჯახის წევრებად მიუთითებდა დედ-მამას და 1976 წელს დაბადებულ ძმას, ნიკოლოზს. იმხანად უძრავ-მოძრავ ქონებას მხოლოდ ბ-ნი თარაგმაძის მამა ფლობდა: 60 000 ლარად ღირებულ ბინას ყაზბეგის გამზირზე და 20 000 ლარად ღირებულ აგარაკს თეთრი წყაროში. იმავდროულად, ვასილ თარგამაძეს 1989 წლიდან ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული ფინანსთა სამინისტროსთან ერთობლივი ბინათმშენებლობის შესახებ (35 000 აშშ დოლარი). დეკლარაციაში არ არის მითითებული ოჯახის ორი დასაქმებული წევრის შემოსავალი, თუმცა იმხანად გივი თარგამაძე „თავისუფლების ინსტიტუტში“ მუშაობდა, ვასილ თარაგმაძე კი თსუ-ის ფიზიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი გახლდათ. 2002 წელს შევსებულ დეკლარაციაში ის სიახლეა, რომ გივი თარგამაძე დაქორწინდა 1979 წელს დაბადებულ ნინო მუშკუდიანზე და ვასილ თარგამაძე კიდევ ერთ სამსახურში დასაქმდა – საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების ასოციაციაში, აღმასრულებელ დირექტორად. გივი თარგამაძის წლიურმა შემოსავალმა, მათ შორის, „60 წუთიდანაც“, 4 400 ლარამდე შეადგინა. ვასილ თარგამაძემ, ორივე სამსახურიდან, 1 800 ლარი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან გივი თარგამაძე ხალხის რჩეულია, მის მიერ შევსებული დეკლარაციები საძიებო სისტემაში არ იძებნება. თუმცა 2010 წელს, უკვე მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრის რანგში შევსებულ დეკლარაციაში, გივი თარგამაძე ოჯახის წევრებად მიუთითებს მეუღლეს და ორ შვილს: 2002 წელს დაბადებულ ეკატერინეს და 2006 წელს დაბადებულ ნატალიას. ოჯახის ერთადერთ უძრავ ქონებად მითითებულია საცხოვრებელი ბინა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, 160 კვადრატული მეტრი ფართობის. მის მეუღლეს კი ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა – 2008 წლის „ნისან ინფინიტი“. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ნინო მუშკუდიანს ჰქონდა, 3 500 აშშ დოლარი. გივი თარაგმაძის, როგორც დეპუტატის სახელფასო წლიურმა შემოსავალმა 2009 წელს, 55 990 ლარი შეადგინა.
2011 წლის დეკლარაციაში ის სიახლეა, რომ ნინო მუშკუდიანს ამჯერად 2009 წლის „BMW 5 გრანდ ტურიზმო“ ჰყავს, ნაღდ ფულად კი მხოლოდ 2 500 აშშ დოლარიღა დარჩენია. 2010 წლის განმავლობაში გივი თარგამაძის წლიურ სადეპუტატო ხელფასს კი 56 000 ლარი შეუდგენია. ასევე, დეკლარაცია გვამცნობს, რომ ქ-ნ მუშკუდიანს „ნისან ინფინიტი“ 40 000 აშშ დოლარად გაუყიდია, ახალ ავტომანქანში კი 60 000 აშშ დოლარი გადაუხდია. 2012 წლის დეკლარაციის მიხედვით, ნინო მუშკუდიანს ისევ 3 500 აშშ დოლარი ჰქონია ნაღდ ფულად, ხოლო გივი თარაგმაძის სადეპუტატო შემოსავალს კი 59 000 ლარი შეუდგენია. 2013 წელს შევსებული დეკლარაციით, თარგამაძეების ოჯახს კვლავ მხოლოდ ერთი ბინა აქვთ და ერთიც ავტომანქანა ჰყავთ. ერთი ისაა, რომ ნინო მუშკუდიანს ნაღდ ფულად, დეკლარაციის შევსების დროს, 5 000 აშშ დოლარი მოუგროვებია, ხოლო გივი თარგამაძის სადეპუტატო შემოსავალმა 2012 წელს 61 500 ლარი შეადგინა.