"დედ ჰასანის" "შავი" დღეები

2010 წლიდან "დედ ჰასანი" პოსტსაბჭოური სივრცის კრიმინალური სამყაროს უპირობო მმართველი გახდა, მაგრამ უამრავი მტერიც გაიჩინა.

"მოსკოვში კრიმინალური სამყაროს "მეფის" ჩაცხრილვა, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო თურქეთში მოქმედ ქურთ შეიარაღებულებთან, რომლებიც "დედ ჰასანს" კალაშნიკოვებისა თუ ყუმბარმტყორცნების საფასურს ნარკოტიკებით უხდიდნენ".

გაზეთი "კორიერა დელა სერა" (იტალია), 2013 წლის 17 იანვარი

"ამ გველს (რუსეთის კრიმინალური სამყარო. - ავტ.) სამი თავი აქვს, "იაპონჩიკი", კალაშოვი და“"დედ ჰასანი", როგორც ჩანს, ვიღაცამ ამ თავების დაყრა დაიწყო".

რაშიდ ნურგალიევირუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ

2009 წლის 9 ოქტომბერი

("იაპონჩიკისსიკვდილის დღე)

"მომვლელის ხელში სიკვდილი, ქურდისთვის დიდ სირცხვილად მიმაჩნია, ჭეშმარიტი ქურდი ტყვიამ უნდა მოკლას".

ჰასან უსოიანი - "დედ ჰასანი"

რამდენიმე დღეა, მსოფლიო პრესა ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის კრიმინალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. პოსტსაბჭოური სივრცის ყველაზე გავლენიანი ქურდის მკვლელობა კი რუსულ მედიასივრცეში უმნიშვნელოვანეს თემად იქცა...

2013 წლის 16 იანვარს, მოსკოვში, შუადღისას, რესტორან "სტარი ფაეტონთან" "კანონიერი ქურდი" "დედ ჰასანი" (ჰასან უსოიანი) მოკლეს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, 2012 წლის ბოლოს რუსეთის ქურდული სამყარო ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინში იყო, ამბობდნენ, რომ ყველაზე გავლენიანი ქურდის, "დედ ჰასანის" წინააღმდეგ ახალი ძალები ერთიანდებოდნენ, მაგრამ იმას, რაც 16 იანვარს მოსკოვის ცენტრში მოხდა, არავინ ელოდა...

იმ დღეს ჰასან უსოიანი რესტორან "სტარი ფაეტონში" მცველებთან ერთად მივიდა. "სტარი ფაეტონი" წლების განმავლობაში "დედ ჰასანის" ე.წ. ოფისად იყო ქცეული. ის აქ მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა. სიკვდილს რამდენჯერმე სასწაულებრივად გადარჩენილი ჰასანი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა: ქალაქში გასვლისას მუდამ თან ახლდა 4 ლინკოლნის მარკის დაჯავშნული მანქანა და დაცვის ათამდე თანამშრომელი. 14.30 საათზე, შენობიდან გასვლისას, კრიმინალურ ავტორიტეტს რამდენჯერმე ესროლეს. მძიმედ დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, "დედ ჰასანი" მოკლა მოპირდაპირე სახლის მეხუთე-მეექვსე სართულის კიბის ბაქანზე ჩასაფრებულმა სნაიპერმა (ვინაიდან ფანჯარა მაღლა იყო, მსროლელი სკამზე იდგა). კილერმა  მაყუჩიანი სპეციალური შაშხანა დფკ-90 გამოიყენა, რომლითაც მხოლოდ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმები სარგებლობენ. მკვლელს მსხვერპლის მიზანში ამოსაღებად მხოლოდ რამდენიმე წამი ჰქონდა. დაახლოებით 120 მ მანძილიდან კილერმა 6 გასროლა მოახდინა, ერთი უსოიანს მოხვდა კისრის არეში, ორი ე.წ. რეკოშეტით ნასროლი ტყვიით კი გამვლელი ქალბატონი დაიჭრა (მეორე ვერსიით, ეს ქალბატონი ჰასან უსოიანს ახლდა). "დედ ჰასანის" დაცვის წევრმა კილერს ცეცხლი გაუხსნა, თუმცა უშედეგოდ. საგულისხმოა, რომ მკვლელი შენობის ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს. მას ახლა სამართალდამცავების გარდა, კრიმინალური სამყაროც დაეძებს.

ცნობილი ექსკილერის, ალექსანდრ შესტობიტოვის (ცნობილი ლიოშა-სალდატი, რომელმაც მრავალი შეკვეთილი მკვლელობა ჩაიდინა, მისი მოკლულია ოთარ კვანტრიშვილიც) შეფასებით, "ჰასან უსოიანის მკვლელი, სავარაუდოდ, არაპროფესიონალი სამხედროა. ის დარწმუნებული არ არის როგორც თავისი სროლის სიზუსტეში, ისე იარაღში; თუ გავითვალისწინებთ, რომ მან ექვსჯერ გაისროლა და მხოლოდ ერთხელ მოახვედრა მიზანს, ეს მის, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

17 იანვარს, საღამოს, "დედ ჰასანის" ცხედარი ბოტკინის საავადმყოფოს პროზექტურიდან ტროეკუროვოს სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც ღამით სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა - კრიმინალური ავტორიტეტები ქურდული სამყაროს "მეფეს" გამოემშვიდობნენ.

მედიაში კი ატყდა კამათი - სად დაასაფლავებდნენ გარდაცვლილს. ერთი ვერსიით, მისი საბოლოო განსასვენებელი ვაგანკოვის სასაფლაოზე უნდა ყოფილიყო, "იაპონჩიკის" გვერდით. თუმცა,  როგორც უსოიანის უახლოესი გარემოცვა აცხადებდა, "დედ ჰასანი" თბილისში უნდა გადმოესვენებინათ, რაზეც როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, შსს-სგან უარი მიიღეს.

სანამ გარემოცვა "კანონიერი ქურდის" დიდი პატივით დაკრძალვის დეტალებზე მსჯელობდა, მედიაში გაჩნდა კითხვები, - ვინ დგას უსოიანის მკვლელობის უკან, ვინ იქნება "დედ ჰასანის" კრიმინალური თუ ფინანსური იIმპერიის მემკვიდრე, დაიწყება თუ არა გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება პოსტსაბჭოური სივრცის ქურდულ სამყაროში...

2013 წლის 16 იანვარს ჰასან უსოიანის მკვლელობამ მხცოვან თბილისელებს   ერთი ტრაგედია გაახსენა: გასული საუკუნის 50-იან წლებში თბილისელ კოლორიტებს შორის იყო წარმოსადეგი ახალგაზრდა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ლადო ქოქიაშვილიც, რომელიც კარგი მოჩხუბარიც გახლდათ (ძველი თბილისელები ამბობენ, - დანის ხმარება მაშინ დიდ ცოდვად ითვლებოდა და მტყუან-მართლის დადგენა მხოლოდ მუშტი-კრივით ხდებოდაო), ამიტომ მეგობრები დახმარებას ხშირად მას სთხოვდნენ. ერთხელ ლადოს მეგობარმა ასტამურ აჩბამ მკერავს ქსოვილი მიუტანა პიჯაკის შესაკერად. ორიოდ დღის შემდეგ აჩბამ გაიგო, რომ მკერავს ნაჭერი დაეკარგა. ჭკუის სასწავლებლად ის ლადო ქოქიაშვილთან ერთად მივიდა, მკერავმა კი მათ მთაწმინდელი "კანონიერი ქურდის", ილო დევდარიანის ერთ-ერთი თანაშემწე, 18-19 წლის ქურთი ჰასანა დაახვედრა. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, ლადო ქოქიაშვილმა ჰასანას მკერდში მუშტი უთავაზა - ლაპარაკი გვაცალეო, მან კი, არც აცია, არც აცხელა და მომავალ მოქანდაკეს დანა გაუყარა. ქოქიაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა... თბილისელ რჩეულ ახალგაზრდას მაშინ მთელი ქალაქი დასტიროდა. მკვლელი ჰასანა ციხეში ჩასვეს... გავიდა წლები და ჰასანა "დედ ჰასანად" იქცა...

ჰასან უსოიანი 1937 წლის 27 თებერვალს დაიბადა თბილისში. 1966 წელს ის  ერთ-ერთ კოლონიაში "კანონიერ ქურდად" "მონათლეს" (ციხეში რამდენჯერმე იჯდა). მისი ქურდული ცხოვრება არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა 80-იანი წლების ყველაზე დიდი ქურდული შეკრება. ამ შეკრებაზე უსოიანმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, იმ დროს საკმაოდ თავხედური წინადადება დააყენა - უკვე დრო იყო, ქურდულ სამყაროს ხელისუფლებაში შეეღწია (რაც მაშინ მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა) და ამისთვის ნაცნობ-სამეგობროში ისეთი ხალხი მოეძებნათ, ვისაც სუფთა წარსული ჰქონდა. მკაცრად შერჩეული კანდიდატები ისწავლიდნენ ყველაზე ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში, დამთავრების შემდეგ მათ ხელთ იქნებოდა ქურდული კავშირები და "ობშჩიაკის" ფული, რაც სახელისუფლებო წრეებში თავბრუდამხვევი კარიერის გაკეთების გარანტი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი წარმომადგენლებით ქურდული სამყარო ხელისუფლების მრავალი რგოლის გაკონტროლებას შეძლებდა.

მიუხედავად ბებერი ქურდების წინააღმდეგობისა, ქურდულ შეკრებაზე "რეფორმატორთა" წინადადება მიღებული იქნა და შემდეგ წარმატებით განხორციელდა კიდეც.

1992 წელს ჰასან უსოიანსა და ქართველ ქურდებს შორის არსებული ფარული კონფლიქტი ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის მიზეზი შემდეგი იყო, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ჰასან უსოიანი იურა ლაკობასთან ერთად (კრიმინალური ავტორიტეტი, ნესტორ ლაკობას შვილიშვილი) აფხაზებისთვის დიდი რაოდენობით იარაღს ყიდულობდა და ფულს არც "ბოევიკთა" დაქირავებისთვის იშურებდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა, "კანონიერი ქურდი" გივი ბერიძეც. თუმცა ქიშპობა ამით არ დამთავრებულა. უსოიანის გარემოცვის თქმით, აღზევების გზაზე უსოიანმა ბევრი არასასურველი მტერი ჩამოიცილა (მაგალითად, ძმები ოგანოვები), თუმცა  ქართველებს ვერაფერი მოუხერხა. უსოიანი თანახმა იყო, ამ საქმეში სამართალდამცველებსაც კი გარიგებოდა(?!).

"აღშფოთებული ვარ კავკასიელი კანონიერი ქურდების ქცევით, - მითხრა უსოიანმა და მივხვდი, რომ კავკასიელებში ქართველებს გულისხმობდა, - ეს ხალხი, - განაგრძო უსოიანმა, - საზოგადოებისთვის ძალიან სახიფათოა. არ ცნობენ არანაირ კანონებს, არც ქურდულს, არც სახელმწიფოს. ერთადერთ ღირებულებად ფული მიაჩნიათ და მის საშოვნელად ყველაზე საშინელ დანაშაულსაც კი არ ერიდებიან. ქურდები მშვიდად წყვეტენ არა მარტო ქურდების, სახელმწიფო მოხელეების მკვლელობას. სამწუხაროდ, მე და ჩემს "ოჯახს" არ შეგვიძლია აღვუდგეთ იმ განუკითხაობას, რომელსაც კავკასიელი ქურდები სჩადიან და ვეჭვობ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც მოახერხოს. ერთადერთი საშველი "იაპონჩიკის" (ვიაჩესლავ ივანკოვი. - ავტ.) ჩამოსვლაა, მაგრამ ახლა ის ამერიკაში იხდის სასჯელს. "იაპონჩიკი" ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია მოსკოვში ამ განუკითხაობას ბოლო მოუღოს, ამაზე უკვე ვილაპარაკე მაღალჩინოსნებთან. მზად ვარ, პრობლემის მოსაგვარებლად თქვენთანაც ვითანამშრომლო, ოღონდ ზომიერად".

მიხაილ ვანიჩკინის (რუსეთის შსს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსიმოგონებებიდან. 1998 წელი

ჰასან უსოიანს ქურდებმა მრავალჯერ დასდეს ბრალი ქურდული "ობშჩიაკის" გაფლანგვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ქურდული ტრადიციების  უგულებელყოფასა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობაში. ამ საქმეში შეუვალი პოზიცია პლეხანოველ კანონიერ ქურდს, ნოდარ ჩაგრაშს ("ქურთი ნონო") ეკავა. ამავე პოზიციაზე იყო მეორე თბილისელი ქურდი დათო კაკულია. 2011 წლის 19 აგვისტოს ლენინგრადის ტრასაზე უცნობებმა ააფეთქეს "მერსედესი", რომელშიც ძმები ჩაგრაშები ისხდნენ. "ქურთი ნონო" დაიღუპა, რამდენიმე დღის შემდეგ, 26 აგვისტოს, მოსკოვში, დათო კაკულიას საკუთარი ეზოს ჭიშკართან რაღაც ესროლეს, კაკულიამ ნივთი დაიჭირა და უკან გადააგდო. აფეთქებაც სწორედ მაშინ მოხდა. ექიმებმა კანონიერი ქურდის გადარჩენა ვერ მოახერხეს.  სამართალდამცველები ფიქრობდნენ, რომ კაკულიას მკვლელობა ლენინგრადის ტრასაზე მომხდარი მკვლელობის გაგრძელება იყო და მის უკან კვლავ ჰასან უსოიანის ინტერესები იდგა.

სანამ "დედ ჰასანი" მტრების გზიდან ჩამოშორებას ცდილობდა, ესპანეთში მოვლენები ასე განვითარდა: 2005 წელს ესპანეთის პოლიციამ რუსული მაფიის წინააღმდეგ წამოიწყო მასშტაბური ოპერაცია "კრაზანა". დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი, თუმცა, მთავარმა სამიზნემ, ტარიელ ონიანმა, თავს უშველა, დაკავებას გადაურჩა მეორე "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვიც, რომლის კრიმინალურ იმპერიას მთელ ევროპაში ჰქონდა ფესვები გადგმული, თუმცა, კალაშოვი 2006 წლის 7 მაისს, ქურდული თავყრილობის დროს, დუბაიში მაინც დააკავეს და ესპანეთს გადასცეს. კალაშოვის დაკავების შემდეგ მის იმპერიაზე პრეტენზიას ორი ქურდული კლანი - ონიანი და ჰასან უსოიანი აცხადებდა.

კალაშოვის ქონებისთვის ბრძოლა მალე სისხლისმღვრელ ომად იქცა. მშვიდობის დასამყარებლად რუსეთში "იაპონჩიკი" ჩამოვიდა. მართალია, მან ონიანი-უსოიანის კონფლიქტში "დედ ჰასანის"  მხარე დაიჭირა და კალაშოვის ქონების მაკონტროლებლად უსოიანის ჯგუფის წევრი, მანამდე არც ისე ცნობილი ლაშა შუშანაშვილი (ლაშა რუსთავსკი) დაინიშნა, თუმცა, სტუმარმა აღშფოთება გამოთქვა ქურდული "ობშჩიაკის" თაობაზე და მისი ფინანსური შემოწმება მოითხოვა, რაც ჰასან უსოიანისთვის, რომელიც ქურდულ სალაროზე პასუხისმგებელი იყო, წელს ქვევით დარტყმა აღმოჩნდა. ფინანსური მაქინაციების გამოვლენა მას ქურდის ტიტულის ჩამორთმევას, მეტიც, სიკვდილს უქადდა, თუმცა, მოულოდნელად, 2009 წლის 28 ივლისს, "იაპონჩიკს" რესტორან "ტაისკი სლონთან" ცეცხლი გაუხსნეს. ის მძიმედ დაჭრილი ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა. კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობაში თავიდან ბრალი ტარიელ ონიანს დასდეს. მაშინ ჰასან უსოიანმა ქურდულ სამყაროს სპეციალური წერილით მისი მოკვლისკენ მოუწოდა, თუმცა, გაჩნდა ეჭვი, რომ "იაპონჩიკის" მკვლელობის უკან სწორედ "დედ ჰასანი" იდგა. "იაპონჩიკზე" შურისძიებას ონიანი-უსოიანის კლანიდან უამრავი შეეწირა, მათ შორის რამდენიმე "კანონიერი ქურდიც". 2010 წლიდან "დედ ჰასანი" პოსტსაბჭოური სივრცის კრიმინალური სამყაროს უპირობო მმართველი გახდა, მაგრამ უამრავი მტერიც გაიჩინა. 2010 წლის 10 სექტემბერს შვილის სანახავად მისულ "დედ ჰასანს" სადარბაზოში ჩასაფრებული მკვლელი დახვდა. მაშინ ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

კრიმინალური ავტორიტეტის მოკვლის მცდელობაში ბრალი იმ დროისთვის უკვე ციხეში გამოკეტილ ტარიელ ონიანს დასდეს, თუმცა, გამოჯანმრთელებულმა "დედ ჰასანმა" სულ სხვა - აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" რავშან ჯანიევ-ლენქორანსკი დაასახელა. არსებობს ვერსია, რომ სწორედ აზერბაიჯანელი ქურდი და მისი ქართველი თანამოაზრენი - ჯემო მიქელაძე და მერაბ ჯანგველაძე დგანან 16 იანვარს მომხდარი მკვლელობის უკან.

რუსეთში კრიმინალური სამყაროს "ტახტზე" ასასვლელად ემზადება უსოიანის დისშვილი, დიმიტრი ჭანტურია, მეტსახელად "მირონი". ის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თავად "დედ ჰასანმა" დაასახელა მემკვიდრედ.