საქართველოში საშუალო ფენის დაუსრულებელი კრიზისია. სავალუტო და ეკონომიკურმა კრიზისმა ამ მხრივ მდგომარეობა ფრო გაართულა. ადამიანებს განკარგვადი შემოსავალი უმცირდებათ, სავალო ტვირთი მძიმდება, სამომხმარებლო ბაზარს კი ინფლაცია უტევს, რაც მოსახლეობას ხარჯს შესამჩნევად უზრდის. აქედან გამომდინარე, საშუალო ფენა თანდათან კნინდება და ადამიანები ღარიბთა კატეგორიაში ინაცვლებენ.
სპეციალისტები ადასტურებენ, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა გაჭირვებულია და შედარებით მაღალი შემოსავალი ძალიან ცოტა მოქალაქეს აქვს. გარდა ამისა, დიდი უმრავლესობა თვითდასაქმებულია ან დროებითი სამუშაოს იმედადაა.
„საქართველოში შედარებით შეძლებული ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა, საშუალო ფენა კი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ასეთ კატეგორიას გარკვეული დანაზოგი უნდა ჰქონდეს. საბანკო სექტორის მონაცემებს თუ ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ საბანკო ანაბრების დაახლოებით 95% არის ისეთი ანაბრები, რომელთა მოცულობა 5 ათასს ლარი ან ნაკლებია. ეს არის ძალიან მცირე თანხა. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ სოციალური მომსახურების ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალო ფენა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს.
რეალურად, საქართველოში ცხოვრების და კეთილდღეობის დონე არ გაუმჯობესებულა, შეიძლება ხელფასის საშუალო მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა, მაგრამ ესეც ინფლაციამ „შეჭამა“. სამწუხაროა, რომ ვერ ჩამოყალიბდა საშუალო ფენა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალაა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ.
საერთოდ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ფენის განმსაზღვრელად გარკვეული სტანდარტები არსებობს. ამ კატეგორიას განეკუთვნება ის ადამიანი, რომელსაც საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქვს 18 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა, ჰყავს მანქანა, აქვს აგარაკი და კვირაში ერთხელ ოჯახთან ერთად რესტორანში საუზმობს ან ვახშმობს. ამ პრინციპის მიხედვით საქართველოში რომ საშუალო ფენას განეკუთვნებოდე, სულ მინიმუმ საბანკო ანგარიზშე 3026 ლარი უნდა გქონდეს, რადგან ჩვენთან საარსებო მინიმუმი 168,1 ლარია, 18 თვის ოდენობა ზუსტად ამ თანხას უტოლდება.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ოფიციალური სტატისტიკის გარეშე საშუალო ფენის მაჩვენებელს არ ასახელებს, თუმცა მოსახლეობის ამ კატეგორიაში კრიზისს ადასტურებს. იგი ვარაუდობს, რომ საშუალო შეძლების მოქალაქეთა 10-15%-მა უკვე გადაინაცვლა ღარიბთა ფენაში და ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გაუარესდება, თუკი ქვეყანაში მიმდინარე ფინანსური კრიზისი არ დასრულდება.
„ზუსტი ციფრის დასახელება, თუ რამდენი პროცენტია საშუალო ფენა, გამიჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო საწარმოებიდან ბიუჯეტში დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია შემოსავალი, ამ მაჩვენებელთან ახლოს უნდა ვიგულისხმოთ. კარგი იქნებოდა, რომ საშუალო შეძლების მოქალაქეთა რაოდენობა მოსახლეობის ნახევარს აჭარბებდეს (ჯანსაღი ეკონომიკის პირობებში ასეც უნდა იყოს), მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა საშუალო ფენა საქართველოში. ჯინის კოეფიციენტი ცხადყოფს, რომ შემოსავლების გადანაწილებაში არის დისპროპორცია. მცირე ნაწილს აქვს დიდი შემოსავალი და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს - მცირე. ვფიქრობ, 2-წლიანი კრიზისის ფონზე ღარიბთა ფენაში ბევრი გადაინაცვლებდა. როცა ხდება ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ეს მაჩვენებელიმაღალია, ამ ადამიანების მსყიდველობითი შესაძლებლობა აუცილებლად შემცირდებოდა“, - განაცხადა ავთო სილაგაძემ და დასძინა, რომ თუკი სავალუტო კრიზისი გაგრძელდება, დაახლოებით 15% კიდევ აღმოჩნდება ღარიბთა კატეგორიაში.