ბოლო წლების კრიზისის ფონზე წელს საგარეო ვაჭრობაში დადებითი ტენდენციებია. როგორც იქნა ექსპორტმა ზრდა დაიწყო და 2014 წლის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა მთავარია ექსპორტის ზრდის ტემპის პარალელურად, შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარ-მარტში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა და 2,285 მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 577 მლნ აშშ დოლარია და ერთი წლის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა.
განსაკუთრებით მოიმატა შემდეგი პროდუქციის ექსპორტმა: თევზის ცხიმი (ზრდა 449%), ფოლადის ნახევარფაბრიკატები (ზრდა 343%), ფეროშენადნობები (ზრდა 201%), მსხვილფეხა რქოსანი პირ უტყვი (155%), ცხვრის ხორცი (121%), ხილ- ბოსტნეულის წვენები (110%), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (69%), ღვინო (62%), მედიკამენტები (55%), ხის ნაწარმი (48%), უალკოჰოლო სასმელები (47%), სპირტიანი სასმელები (18%), მინერალური წყალი (17%), სპილენძის მადნები (17%). როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე.
ამისა მაგალითად კი ასახელებენ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ წარმატებით დასრულებულ და მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას. “საქსტატის” მონაცემებით, 3 თვეში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი (576.5 მლნ დოლარია) ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 2014 წლის მაჩვენებელს (695.8 მლნ დოლარი) ჩამორჩება.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ შემდგომი თვეების მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება. “ექსპორტის მონაცემები კარგად აჩვენებს, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარი სტაბილურია, შესაბამისად, მოთხოვნაც აშკარაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იყოს”, - აღნიშნა გახარიამ.
მიმდინარე ტენდენციას დადებითად აფასებენ ექსპერტებიც. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ახლა მთავარია ექსპორტის ზრდის ტემპის პარალელურად, შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება.
“ექსპორტის ზრდა უაღრესად დადებითი პროცესია, რასაც საქართველოს ეკონომიკაში ბოლო დროს აქვს ადგილი. ლარის კურსის გაუფასურებამ წინა წელს, რამდენადაც იმპორტს პრობლემა შეუქმნა, ექსპორტიორებს სტიმული მისცა. შესაბამისად, წლის დასაწყისიდან ზრდა ფიქსირდება. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამაც გარკვეული გავლენა იქონია.
მთავარი მიზანია, რომ ექსპორტის ზრდის ტემპის პარალელურად, შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება. ამ მხრივ მდგომარეობა დამაიმედებელი არ არის”, - აღნიშნა ჯანიაშვილმა.