ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი და, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, ცნობილი რუსი საზოგადო მოღვაწე ბ-ნი ილარიონოვი კავკასიონს ლაშქრავდნენ და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო დროშებს აფრიალებდნენ, სომხეთის პრეზიდენტმა რფ-ის პრეზიდენტს საბაჟო კავშირში შესვლის პირობაც მისცა და სამომავალო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზეც დაეთანხმა (ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ის შეიქმნება). ამასობაში კი, ვლ. პუტინმა ბაქო მოიარა, თავისი აზერბაიჯანელი კოლეგაც ინახულა და, თუმცა უცნობია, რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა დახურულ კარს მიღმა, ორივეს მეტად ნასიამოვნები სახეც ჰქონდა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, საბაჟო კავშირში წევრობაზე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანსაც ეთქვა თანხმობა, რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციას ბუნებრივად აყენებს დარტყმას. სულ ახლახან კი აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს წერილი გაუგზავნა და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება აღუთქვა. სამხრეთ კავკასიაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.
თუკი აზერბაიჯანი დათანხმდება საბაჟო კავშირსა და ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი საქართველოს მონაწილეობის გარეშეა გადაწყვეტილი? რისკენ მიდის ეს პოლიტიკური მოძრაობები საქართველოს გარშემო?
– დავიწყებ ევრაზიული კავშირიდან. ჯერ ერთი, მისი საბოლოო კონტურები და სტრატეგია ბოლომდე ნათელი არ არის. გარდა ამისა, რუსეთის გარდა, მასში შედის ყაზახეთი, ბელორუსია და ვერ ვიტყვით, რომ ყაზახეთსა და სომხეთს, ბელორუსსა და სომხეთს ერთნაირი ინტერესები აქვთ. არ არის გარკვეული, როგორ გაფართოვდება ევრაზიული კავშირი და რა ფორმას მიიღებს და, ჩემი აზრით, ბევრი არასწორად აფასებს თვითონ ევრაზიული კავშირის იდეას. ითვლება, რომ მოსკოვს უნდა, დაიქვემდებაროს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. სინამდვილეში ეს სხვანაირი ვარიანტია.
ყველას დაქვემდებარება არ უნდა, თუ ყველას დაქვემდებარებას არ აპირებს ჩექმის ქვეშ?
– ჯერ ერთი, ყველას არა და მეორე, ყველას არ აქვს ინტერესი ევრაზიული კავშირისადმი. ცხადია, რომ ევრაზიული კავშირი არ აინტერესებს ბალტიისპირეთის ქვეყნებს; უზბეკეთს, რომელსაც ყაზახეთთან აქვს წინაამღდეგობები. არც აზერბაიჯანს აქვს ინტერესი ევრაზიული კავშირისადმი და ეს საკითხი არც განხილულა შეხვედრაზე. თუ უკრაინაში ევროპულ და ევრაზიული ვექტორებს შორის არჩევანი განიხილებოდა, აზერბაიჯანის დღის წესრიგში არ დგას ევრაზიული კავშირის იდეა და არც რუსეთს უთქვამს არასდროს, რომ სურს აზერბაიჯანის ხილვა ევრაზიულ კავშირში, თუმცა უარს არ ეტყვიან, მაგრამ მე ვერ ვხედავ ასეთ ინტერესს ბაქოს მხრიდან.
მოსკოვს არ აქვს ინტერესი, იხილოს აზერბაიჯანი ევრაზიულ კავშირშიო, მხოლოდ სომხეთის დანახვა უნდა იქ?
– მოსკოვს უნდა, შემოიკრიბოს თანამოაზრეები, რომელთაც ერთმანეთის მიმართ არ ექნებათ პრეტენზიები და წინააღმდეგობები, იმიტომ რომ დსთ-ის ფორმატი აღარ მუშაობს. დღეს სხვა რეალობაა და ამიტომ მე ვხედავ მოსკოვის მხურვალე სურვილს, რომ ყველას კვლავ ერთად მოუყაროს თავი. პირიქით, ევრაზიული კავშირი არის არა ინტეგრაცია რაღაცის ხსოვნისთვის, არამედ მცდელობა, აიგოს მჭიდრო ურთიერთობა მათთან, ვისაც უნდა რუსეთთან ერთად მიაღწიოს რაღაც მიზნებს, თუმცა ეს მიზნები ბოლომდე ნათელი არ არის. რაც შეეხება სომხეთს: არ უნდა გადავამეტოთ ამ განცხადებების მნიშვნელობა. დაველოდოთ, რა სამუშაო პროცედურები დაიწყება. სერჯ სარქისიანს ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმაზე, რომ ვილნიუსში არ წავა ევროკავშირის სამიტზე.
მაგრამ, თუ ყველანი ევროპისკენ წავლენ, რუსეთი ვის მონახავს მოკავშირეებად?
– რას ნიშნავს ევროპისკენ წასვლა?! ევროპისკენ მოძრაობა მხოლოდ საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე არ არის დამოკიდებული. დიდი პარტნიორობის გამოცხადება დღესვე შეიძლება, მაგრამ დღესვე არის ევროპა მზად, რომ უვიზო რეჟიმი გააფორმოს ამ ქვეყნებთან და თავის რიგებში გააწევრიანოს უკრაინა, საქართველო და აზერბაიჯანი?! არ ვარ დარწმუნებული, მზად იყოს. საერთოდაც, უკრაინის მნიშვნელობა რუსეთისთვის სხვაა, ვიდრე კავშირი საქართველოსთან ან სომხეთთან. ევრაზიულ კავშირს ძლიერს გახდიდა სწორედ რუსეთისა და უკრაინის კავშირი. რუსეთისთვის უკრაინა ძალაა.
ჩვენ, დანარჩენები საკაზმი ვართ?
– მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად მცირე ქვეყნებისადმი, ბელორუსია იქნება ეს თუ ტაჯიკეთი, ეს განსხვავებული წონითი კატეგორიებია. ამიტომაც ჯიუტობს მოსკოვი უკრაინასთან მიმართებაში, უკრაინა რუსეთისთვის არის ერთ-ერთი ფანჯარა ევროპაში.
უკრაინამ თითქოს უარი თქვა საბაჟო კავშირში შესვლაზე.
– ჯერჯერობით ეს არ არის ფაქტი. ბევრი ფიქრობს, რომ ევროპაში შესვლა ავტომატურად მოხსნის უამრავ პრობლემას, მაგრამ ეს ასე არ არის. რა, უკრაინა ძალიან დემოკრატიული ქვეყანაა და ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს?! უკრაინული ბიზნესი ძალიან განსხვავდება რუსული ბიზენსისგან ბიზნესეთიკის მხრივ?! ის აღარ არის ოლიგარქიული?! ილუზიაა იმის თქმა, რომ ევროპა ცივილიზაციური არჩევანია. მარტივად სათქმელია, მაგრამ ბევრ პრობლემას გულისხმობს და ჩვენ არ ვიცით, როგორც იმოქმედებს უკრაინელების ცხოვრებაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.
უკრაინელებს, ალბათ, იმედი აქვს, რომ მათი ცხოვრება ისეთივე იქნება, როგორიც ევროპელების არის.
– ევროპაშიც არ არის ყველაფერი ცალსახად, თუ შევხედავთ ბულგარეთის, რუმინეთის ინტეგრაციას. ევროკავშირი არ არის საუკეთესო ფინანსურ მდგომარეობაში.
არც რუსეთი.
– რუსეთსაც არ აქვს იდეალური მდგომარეობა, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ არც ევროკავშირი და არც საბაჟო კაშირი არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული არჩევანი. არჩევანი შეიცვლება. დღეს ასეა, ხვალ სხვანაირად იქნება.
თუ გაქვთ ინფორმაცია, რაზე ილაპარაკეს არაოფიციალურად პუტინმა და ალიევმა? რაზე მოილაპარაკეს, თუ მოილაპარაკეს?
– მგონია, რომ რთული არ არის ამის გამოცნობა. უპირველესად, ეს ეხება ყარაბაღს. მოსკოვი დაინტერესებულია სტატუს-კვოს შენარჩუნებით და არ უნდა ვითარების ცალმხრივი საომარი გადახედვა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით გარკვეული რეკომენდაციები მისცეს ბაქოს.
რომ არ დაიწყოს ომი ყარაბაღის დასაბრუნებლად?
– რომ არ დაიწყოს ომი, რადგან მოსკოვს არ სჭირდება არანაირი ომი. მოსკოვს უნდა, რომ შეინარჩუნოს ვითარება ისე, როგორც არის და ის არ შეცვალოს. თქვენ ახსენეთ აზერბაიჯანის არჩევნები: მოსკოვს ალიევი მოსწონს და მე არ მესმის, რატომ ამბობენ, რომ თითქოს მოსკოვს უნდა ალიევის ჩამოგდება. რატომ უნდა უნდოდეს, რომ ისლამისტებს გაუხსნას გზა და არაბული სცენარი გაიმეოროს აზერბაიჯანში?!
იმას ამბობთ, რომ ილჰამ ალიევი მისაღები მმართველია მოსკოვისთვის?
– აბსოლუტურად, ის პროგნოზირებადია, მასთან დალაგებულია კავშირი, მათ შორის, არაფორმალურიც, არ ვიტყვი კორუფციული-მეთქი, რომ ვინმემ არ მიჩივლოს. პერსონალურად პუტინთანაც მას ნორმალური ურთიერთობა აქვს. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა მოსკოვს აზერბაიჯანისგან? რომ აზერბაიჯანს არ ჰქონდეს მკვეთრად პროდასავლური კურსი, რომ არ გახდეს სააკაშვილისდროინდელი მეორე საქართველო.
მკვეთრად პროდასავლური კურსი რას ნიშნავს?
– დემონსტრაციულად მხოლოდ აშშ-ის სასარგებლოდ იმოქმედოს და რუსეთს უბრალოდ იგნორირება გაუკეთოს, როგორც იქცეოდა სააკაშვილი. თუ მოსკოვი იქნება ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი მონაწილე, აზერბაიჯანს არავინ აიძულებს, შევიდეს ევრაზიულ კავშირში. მოსკოვს ესმის, რომ აზერბაიჯანი ძლიერადაა დაკავშირებული დასავლეთთან და ზოგიერთ სიტუაციაში აზერბაიჯანი ნაწილობრივ რუსეთის კონკურენტიცაა.
არა მხოლოდ აზერბაიჯანი, აზერბაიჯან-საქართველოს ტანდემი.
– იცი, რა, მე ამ ტანდემსაც არ შევაფასებდი ზომაზე მეტად. გავიხსენოთ სასაზღვრო დავა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის დღემდე არ არის დელიმიტიზებული და დემარკირებული საზღვარი, არსებობს ბორჩალოელი აზერბაიჯანლების და უამრავი სხვა პრობლემა.
არანაირი პრობლემა არ არის ქვემო ქართლში, მე არ მსმენია ამის შესახებ. თქვენ საიდან იცით?
– ეს პრობლემები არსებობს, უბრალოდ არ არის პოლიტიზებული, ისევე, როგორც ჯავახეთში. უფრო ყოფითია, მაგრამ ისინი არსებობს და დროდადრო სპეკულაცია მიდის ამაზე. ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ უპრობლემო ტანდემია.
მე არ მითქვამს, რომ უპრობლემოა, მე ის ვთქვი, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს ტანდემი იმითაა დასაფასებელი, რომ ამ ორ ქვეყანას ერთმანეთი სჭირდება თავიანთი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და ეს ვერ მიიღწევა, თუ არ იარსებებს ეს ტანდემი.
– მაგრამ აქ ბევრი მაგრამაა: აზერბაიჯანსა და საქართველოს სხვადასხვა დონის წყენა აქვთ მოსკოვზე; ასევე, განსხვავებულია მათი დასავლეთთან ურთიერთობის ხარისხი; დასავლეთით დაინტერესების ხარისხიც. შევხედოთ სიტუაციას სირიასთან მიმართებაში: როგორ დაუჭირეს მხარი ქართველებმა ამ ინტერვენციას და როგორ აკურატულად მოიქცნენ აზერბაიჯანელები.
აზერბაიჯანი ყოველთვის აკურატულად იქცევა საერთაშორისო არენაზე და ამიტომაც აკურატული საზღვრები აქვს რუსეთთან.
– ტანდემი ტანდემად, მაგრამ ეს მრავალმხრივი ტანდემია. რაც შეეხება სომხეთსა და რუსეთს: ითვლება, რომ რუსეთმა ზეწოლა განახორციელა სომხეთზე. რაღაც ზეწოლა, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ამით ყველაფერს არ ავხსნიდი. ვფიქრობ, სირიის გარშემო არსებულმა სიტუაციამ უფრო დიდი გავლენა მოახდინა სარქისიანის გადაწყვეტილებაზე. დღეს თურქეთი ჩაებმება ომში სირიასთან და ეს იქნება პრეცედენტი, ხვალ კი იტყვიან, რა უნდა სომხეთს, რა ხდება ყარაბაღში? მოდი, სომხეთს დავარტყათო და სწორედ ამის ეშინია სომხეთს. თურქეთი მათი მეზობელია და ეს მეზობელი მარსზე არ აპირებს გაფრენას. აი, ამან უფრო უბიძგა საბაჟო კავშირისკენ, ვიდრე რუსეთის ზეწოლამ.
იმისთვის, რომ სომხეთს დაუჭიროს მხარი, რუსეთს სჭირდება გასავლელი თავისი სამხედრო ბაზისკენ. აზერბაიჯანი არ მისცემს მას სამხედრო ტვირთებისთვის დერეფანს, რადგან ის იარაღი შესაძლოა, მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული ყარაბაღში. ანუ ერთადერთი გზა სომხეთში რუსეთის ბაზისკენ გადის საქართველოზე.
– ამიტომაც ცდილობს რუსეთი აზერბაიჯანთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას. რუსეთს ომი არ სჭირდება. მას არ აქვს საზღვარი სომხეთთან და ეს პრობლემაა. რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, ვის დაუჭიროს მხარი ომის შემთხვევაში, ამიტომ ცდილობს ლავირებას, რომ სიტუაცია აკონტროლოს და არ დაუშვას ფეთქებადი სცენარები.
თუ რუსეთი სომხეთთან და აზერბაიჯანთან მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს ურთიერთობებს, საქართველო მარტო რჩება სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დაუცველ რგოლად?
– საქართველოსთვის, პროდასავლური კურსის გარდა, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ. ეს დაზღვევაა, რადგან მოსკოვს აქვს თავისი ინტერესი აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაში“, მაგრამ არა საქართველოს სიღრმეში. არასდროს განხილულა სერიოზულად საკითხი, რომ მოსკოვს სამხედრო კონტროლი უნდა დაემყარებინა მთელ საქართველოზე. ასე რომ, რა შეიძლება, დაემუქროს საქართველოს? მეზობლად ჰყავს თურქეთი, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა აქვს, აზერბაიჯანთანაც ნორმალური ურთიერთობები, იმიტომ რომ არსებობს ერთობლივი ენერგოპროექტები, ამდენად, საქართველოს ექნება თავისი ფანჯრები.
თუ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის კეთილი მოკავშირეები გახდებიან, ეს ხომ ნიშნავს, რომ საქართველო ავტომატურად ხვდება რუსეთის გავლენის სფეროში? საქართველოს შეუძლია, მარტო დარჩეს პროდასავლური და არ იქცეს პოლიგონად?
– მოსკოვთან მეგობრობა არის სომხეთის ინტერესი და არა ახირება; ასევე, საქართველოს ინტერესია დასავლეთთან დამეგობრება. არ მგონია, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთ სისტემაში შევიდნენ რუსეთთან, იმიტომ რომ ისინი მოწინააღმდეგეები არიან. რა საერთო სტრატეგიული მიზნები შეიძლება, ჰქონდეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, როდესაც ყარაბაღი ვერ გაუყვიათ?!
შორიდან როგორ ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს? ხდება აზერბაიჯანივით აკურატული?
– აზერბაიჯანს, საქართველოსგან განსხვავებით, აქვს რესურსები, რომ მტკიცედ იგრძნოს თავი.
მაგრამ ეს ენერგომატარებლები გადის საქართველოზე. მათ სხვანაირად აზრი ეკარგება.
– რა თქმა უნდა. თქვენი ხელისუფლება ცდილობს ნორმალიზების პოლიტიკის გატარებას. თუმცა სააკაშვილსაც რომ გაეგრძელებინა ის კურსი, რაც დაიწყო, გახსოვთ, როგორი აღტაცებული იყო პუტინით, ვინ იცის, როგორ მოტრიალდებოდა ისტორია.
საქართველოს ხელისუფლება კი ცდილობს, მაგრამ რუსეთს აქვს უცნაური რეაქცია.
– დინამიკაში უნდა შევხედოთ საკითხს. ურთიერთობები იყო ნულს ქვემოთ და იქიდან ვიწყებთ. უკვე ამოვიდა ნულამდე და ახლა უნდა შეეცადოთ, რომ ნულიდან რაღაც პოზიტივამდე ავიდეთ. თუ ვინმე ორ თვეში ელოდა რაღაც შედეგს რუსულ-ქართული ურთიერთობებიდან, ის უბრალოდ გულუბრყვილო ყოფილა.
სანამ ჩვენ ვმსჯელობთ, შესაძლოა, რომ ანუშკას ზეთი უკვე დაეღვარა? ანუ მოილაპარაკეს რუსეთმა და აშშ-მა, რომ სამხრეთ კავკასია რაღაც დროით ისევ რუსეთის გავლენის სფეროს უბრუნდება?
– სამხრეთ კავკასია ხელსახოცი ხომ არ არის, რომ ვინმეს გადასცე?! არ მგონია, ასეთი შეთანხმება იყოს. ჯერჯერობით ამერიკელები ასეთის არსებობას არ აღიარებენ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო კავკასია მეორე პლანზე გადადის, თუ მოსკოვი და ვაშინგტონი არ მოილაპარაკებენ.
მეც ამას ვამბობ: მოილაპარაკებენ სირიაზე და გასაცვლელი მონეტა იქნება კავკასია.
– უფრო პრაგმატულ ურთიერთობებზე შეიძლება, მოილაპარაკონ, ვიდრე ამაზე.