გაზის გაძვირების მცდელობა და გაქსუებული კომპანია

გაზის გაძვირების მცდელობა და გაქსუებული კომპანია

გაზგამანაწილებელმა კომპანია „გაზკო პლუსმა“ სენაკის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გადასახადი 68 თეთრამდე გაზარდა, რაც ყველაზე მაღალი ტარიფია მთელ საქართველოში. როგორც მოსალოდნელი იყო, ამას მოსახლეობის მძაფრი უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. სენაკში მცხოვრები ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია. მოსახლეობა ძველი ტარიფის დაბრუნებას ითხოვს, რადგან ამტკიცებენ, რომ გაზის გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.

ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის შეშფოთებას და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელმა კომპანია „გაზკო პლუსმა“ მიიღო. ეს ყველაზე მაღალი ტარიფია მთელ საქართველოში. კომპანიის მხრიდან ესაა მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე. გარე ფაქტორებისა და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად, ვახერხებთ, რომ შეღავათი – სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა.

სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივი დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ. ეს გადაწყევტილება  ომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს“, - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

„გაზკო პლუსის“ მიერ ტარიფის ცვლილების ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლებაც გამოეხმაურა. რაიონის გამგებელი გოჩა დგებუაძე აცხადებს, რომ კომპანია ბაზარზე წინა ხელისუფლების დროს შემოვიდა და მასთან იმდენად კაბალური ხელშეკრულება გააფორმა ცენტრალურმა მთავრობამ, რომ საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს.

„ტარიფი 1-ლი მარტიდან შეიცვალა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გაიგო მოსახლეობამ საგადასახადო დავალიანების შესახებ „ესემეს“ შეტყობინებით. ჩვენთან კომპანიას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია და ასე თვითნებურად მოხდა ყველაფერი. ჩვენ, მაჟორიტართან ერთად, ჩართული ვართ ამ საქმეში და ყველა სამართლებრივ მეთოდს მივმართავთ, რათა მოსახლეობისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება შეიცვალოს“, - განაცხადა გოჩა დგებუაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კი „გაზკო პლუსს“ გაქსუებული კომპანია უწოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გუშინ მას სენაკის მოსახლეობამ მიმართა, რომლებიც აღშფოთებას ვერ  მალავდნენ.

„კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 68 თეთრი გაეხადა ბუნებრივი აირის ფასი მოსახლეობისთვის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სოციალურ ბუნებრივი აირზე არსებული შეღავათი ისე გადანაწილდეს, რომ ყველამ თანაბრად მიიღოს. აქ გამოდის ვიღაც გაქსუებული კომპანიის ხელმძღვანელი, მენეჯერი და იღებს ამ გადაწყვეტილებებს. ეს ჩვენ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ნაწილობრივ დერეგულირება, რაც დღეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული, გავაუქმოთ და მარეგულირებელმა კომისიამ ერთიანად დაადგინოს ტარიფები მოსახლეობისთვის, რომელიც იქნება თანაბარი და ყველასთვის ერთი. ამას აუცილებლად მოვიკითხავთ, ბოლომდე გავყვებით და შესაბამისად, კანონის ფარგლებში ყველას მოეთხოვება პასუხი“, - განაცხადა კალაძემ.

შექმნილმა აჟიოტაჟმა შპს „გასკო პლუსი“ იძულებული გახადა უკან დაეხია. კომპანიის წარმომადგენელი დიმიტრი პაჭკორია სენაკში გაზის ტარიფის დაწევას არ გამორიცხავს. მისი თქმით, გაზზე ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიმწოდებელი კომპანიის ტარიფის ცვლილებამ გამოიწვია.

“2016 წლის დეკემბერში ჩვენ მომწოდებელ კომპანიასთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ და გაზი უცხოურ ვალუტაში, თანაც სხვა

ტარიფით შევიძინეთ. შესაბამისად, კომპანიას გააჩნია ვალდებულებები და ჩვენ მოგვიწია დერეგულირებული აბონენტებისთვის ტარიფის გაძვირება. რის შესახებაც ისინი წინასწარ გავაფრთხილეთ. რაც შეეხება დერეგულირების მოხსნის საკითხს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მარეგულირებელი კომისია, მთავრობა და კომპანიები ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ტარიფები ისე დარეგულირდება, რომ მოსახლეობას ზედმეტად არ დააწვეს მხრებზე. შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მიდის მუშაობა იმაზე, რომ გადასახადმა დაიწიოს“, - განაცხადა პაჭკორიამ.

სხვათა შორის, მთავრობა და სემეკი ზაფხულში გაზის გაძვირებისთვის ემზადებიან. თუკი ერთ პატარა რაიონში ტარიფის მატებას ამხელა მითქმა- მოთქმა მოჰყვა, რა მოხდება მაშინ, როდესაც ბუნებრივი აირი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძვირდება?