დეპუტატები ბანკების შემზღუდავ კანონპროექტს 1 თვეში ჩაუჯდებიან

დეპუტატები ბანკების შემზღუდავ კანონპროექტს 1 თვეში ჩაუჯდებიან

საბანკო სექტორიდან არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნასთან დაკავშირებით კანონპროექტის შეტანა პარლამენტში დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება. ბიზნესს ამჯერად მხარს კანონმდებლებიც უჭერენ. 3 წლის წინ ეს საკითხი იმდენად უხეიროდ „დარეგულირდა“, რომ ბაზარზე პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ილია წულაიას თქმით, ამ დროისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც მთავრობასთან, ისე ეროვნულ ბანკთან.

„ჯერ კონსულტაციები მიდის, რომ ყველა თემა შეჯერდეს. ბიზნესთან კონსულტაციებიც გავლილია და ძალიან ბევრი ბანკი ამ ინიციატივის მხარდამჭერია. მათ შორის დიდი ბანკებიც“, - აცხადებს წულაია.

წულაის განცხადებით, ეროვნული ბანკის ბრძანებით არაპროფილური აქტივების ფლობა რეალურად ვერ გაიმიჯნა, რაც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. დღეს ბიზნესს ეშინია ბანკთან ურთიერთობა, რადგან მასში კონკურენტს ხედავს.

„ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, რადგან ბიზნესი ბანკში პარტნიორს უნდა ხედავდეს და არა კონკურენტს“, - აღნიშნა წულაიამ „კომერსანტთან“ საუბრისას.

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2014 წლის აგვისტოში მიიღო. მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ.

ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობის წლებია საუბრობენ ეკონომისტები და ფინანსისტები. 2016 წლის დეკემბერში ამაზე განცხადება დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმაც გააკეთა. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის შეუსრულებლობის გამო, მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს. ამიტომ გადასახედია ეროვნული ბანკის რეგულაციები.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მხრიდან ყველა სფეროში არაპროფილური ბიზესის ფლობა არასწორი და სასწრაფოდ გამოსასწორებელი საკითხია. კაპანაძე იმ კანონს იხსენებს, რომელიც 2003 წლამდე მოქმედებდა.

„ხშირად ისე აქვთ შენიღბული საქმიანობა, რომ რთულია სატელიტური კომპანიების ზუსტი რაოდენობა განსაზღვრო. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ ამ მხრივ მოწინავე რიგებში „საქართველოს ბანკია“, რომელიც ასეულობით არაპროფილურ კომპანიას ფლობს. დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ კომერციულ ბანკებს ყველა სფეროში აქვთ ბიზნესი, როგორც მომსახურების დარგში, ასევე სამშენებლო, თუ ფარმაცევტულ ბიზნესში.

ეფექტური შედეგის მისაღწევად არც ერთი სხვა ქვეყნის გამოცდილება არ გვჭირდება. საკმაოდ კარგი გამოცდილება გვქონდა 2003 წლამდე. სანამ „ნაციონალები“ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, იქამდე კომერციულ ბანკებს ეკრძალებოდათ არაპროფილური ბიზნესის მართვა. 2014 წლიდან თითქოს იყო მცდელობა, რომ ბანკები შეეზღუდათ, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.

ბანკების ეს ქმედება თავად საბანკო სისტემის ფილოსოფიას ეწინააღმდეგება. ის ფულადი სახსრები, რომლებიც მათ გააჩნიათ, იმიტომ კი არ აქვთ, რომ ბიზნესი აწარმოონ, არამედ იმისთვის, რომ ფული გაასესხონ. თანხები უნდა მოიზიდონ და ბანკი უნდა იყოს დაკრედიტებაზე პასუხისმგებელი და არა ბიზნესის მართვაზე. ეს არ არის მათი საქმე. სამწუხაროდ, საქართველოში პროცესი პირიქით მიმდინარეობს“, - მიაჩნია კაპანაძეს.