„კრიმინალური ოპოზიციონერი“

„კრიმინალური ოპოზიციონერი“

ოთარ მეღვინეთუხუცესი მარტო დიდი მსახიობი არ გახლავთ, იგი დიდი მოქალაქეცაა. ჩვენს გამრუდებულ სინამდვილეში კი, როგორც დავრწმუნდით, ეს საკმაოდ იშვიათი რამ არის.

ცნობილი ამბავია, ხელოვანს როდესაც ეკითხებიან, თქვენი საუკეთესო ქმნილება რომელიაო, პასუხობს - რომელიც ჯერ არ შემიქმნიაო.

თუმცა გამონაკლისიც აქვს ამ წესს.

ოთარ მეღვინეთუხუცესმა უნაკლოდ ითამაშა თავისი საუკეთესო როლი - როლი დიდი მოქალაქისა, თანაც მაშინ, როცა იცოდა, რომ ტაშის ნაცვლად ბევრი ქვას და გუნდას დაუშენდა და ხელისუფლებაც ოპოზიციონერებში ჩარიცხავდა...

„კრიმინალურ ოპოზიციაში“...

ოთარ მეღვინეთუხუცესზე საუბრისას მე ობიექტური ვერ ვიქნები, რადგან დიდი ხანია მისი ტალანტის თაყვანისმცემელი ვარ, ძალზე დიდი ხანი, ჯერ კიდევ იმ ხნიდან, სირანო დე ბერჟერაკის როლს რომ ასრულებდა რუსთავის თეატრის სცენაზე.

იყო ასეთი დროც. მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა და პრინციპულ მსახიობებს თეატრის დატოვება რომ მოუწიათ.

მე თაყვანისმცემელი ვარ იმ დიდებული ქართული ხასიათისა, რომელიც გამოვლინდა მის მეფე გიორგისა და არზაყანში, მის ფიროსმანში, მის ელიოზში, მის დათა თუთაშხიაში.

მე მომწონს როგორ დადის იგი, როგორ ზის ცხენზე, როგორ ზის მაგიდასთან, როგორ მეტყველებს, როგორ არსებობს იმ სივრცეში, რომელსაც სასცენო სივრცე ჰქვია. მომწონს რა მშვენივრად ფლობს საკუთარ სხეულსა და ყველაფერს გარშემო.

მას ყველაფერი უხდება.

იგი ყველაფერს იხდენს.

მასში თვალნათლივ განივთებულია ქართული ჯიში.

ბატონ ოთარს, ჩემდა სამწუხაროდ, მე ახლოს არ ვიცნობ. თუმცა ერთხელ მაინც მოგვიწია ერთად მუშაობა.

ქართული პოეზიისა ფონოთეკისთვის ფირმა „მელოდიაში“ ჩავწერეთ დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“. ჯერ იყო და ძლივს დავითანხმე, მერე გამაფრთხილა, ჭირვეული ვარ მუშაობაში და გაგიჭირდებათო.

მე სიამოვნებით ვიხსენებ იმ ხუთ საათს, რომელიც „გალობანის“ ნაწყვეტების ჩაწერას დასჭირდა. თვითონ არავითარ შეღავათს არ უკეთებდა თავის თავს, ჩემს შენიშვნებსა და განმარტებებსაც ახალბედასავით ღებულობდა, ყოველგვარი წყენის გარეშე. რაშიც დავრწმუნდი, უყოყმანოდ აკეთებდა. უამრავი ვარიანტი ჩავწერეთ, უამრავი დავიწუნეთ - შეუბრალებლად. მაგრამ რაც დარჩა-დარჩა - მაგალითი მაღალპროფესიულობისა და ჭეშმარიტი ხელოვნებისა.

ნეტა ყველა, ვისაც მასზე ბევრად ნაკლები ნიჭი გვაქვს, ასე ვმუშაობდეთ. მაშინ მართლა ეშველებოდა საქართველოს.

ჩვენ ახლა ძნელი დღეები გვიდგას. იუბილეების არც განწყობაა და არც დრო.

ამიტომ მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა - ჩვენს გვერდით და ჩვენს შორის ცხოვრობს დიდი მსახიობი და დიდი მოქალაქე, თავისუფლების რაინდი - ოთარ მეღვინეთუხუცესი.

სანამ ასეთები არსებობენ და უშეცდომოდ თამაშობენ თავის როლს, საქართველოს შეუძლია იამაყოს ქართველებით.

კობა იმედაშვილი