გასულ სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრები ყვარლის ტბასთან ახალ დასასვენებელ კომპლექსში შეკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ამინდი იყო, ზოგიერთ მინისტრს მეტისმეტად დასცხა, რადგან პრეზიდენტი განსაკუთრებით მკაცრი იყო და მინისტრების უმრავლესობას შენიშვნა მისცა.
ყველაზე მეტად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს არ გაუმართლათ, რადგან მთავრობის სხდომაზე დააგვიანეს და პრეზიდენტის პირველივე შენიშვნა დაიმსახურეს. მიხეილ სააკაშვილის მკაცრ შეფასებას ვერ გადაურჩნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ჯანდაცვის მინისტრებიც. ზოგიერთმა მინისტრმა კი ბოლო გაფრთხილება მიიღო.
"ძვირფასო გარემოს დაცვის მინისტრო, იმიტომ ვერ დავაყენეთ ტყეებს საშველი, იმიტომ არის პრობლემები ჯანდაცვაში, სოციალურ დაცვასა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, რომ იქ ზის ხალხი, განსაკუთრებით კი თქვენ ქვემოთ, რომელთათვის ყველაზე კარგი პოზა არის არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის გაყრა ერთ ადგილზე". პრეზიდენტის განცხადებით, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ძველებურად გააგრძელა მუშაობა, შესაძლოა, მის დახურვაზეც კი იფიქროს.
"რა პრობლემაა, დაიხუროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ხვალ გვექნება ცოტა მეტი ფული სხვა პრიორიტეტების განსახორციელებლად. ერთ საწარმოს ავაშენებთ და ის მეტს შემოიტანს ბიუჯეტში, ვიდრე მთელი თქვენი სამინისტრო. არ გეხუმრებით. შემდეგ ჯერზე ასეც მოვიქცევი, თუ არ ისწავლეთ უფრო აქტიურად მუშაობა".
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის წინსვლას აფერხებენ გაქსუებული თანამდებობის პირები. "ჩვენ არა ვართ ხორცკომბინატი, რომ შევინარჩუნოთ ხორცის ნაჭრები მინისტრების ან თანამდებობის პირების ნაცვლად. ჩვენ გვჭირდება ცოცხალი, მოძრავი და იდეებით სავსე ადამიანები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.