რა აკავშირებს პუტინს 9 აპრილთან

რა აკავშირებს პუტინს 9 აპრილთან

ვინ ჩამოფრინდა ტრაგედიის წინა ღამეს საიდუმლო რეისით და როგორ დაიგეგმა თბილისის ტრაგედია - 9 აპრილის სისხლიანი X-ფაილი

...იმ ღამეს მთელი სოფელი ქორწილში იყო და... ზუსტად მაშინ, როცა საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში ხალხი ლხინს მისცემოდა, რუსთაველის გამზირზე რუსი სამხედროები გამოჩნდნენ... 
ვიღაცამ სასხვათაშორისოდ თქვა, თბილისში უბედურება მოხდაო, მაგრამ ცეკვა-თამაში გაგრძელდა.
ისე, მომიტინგეებიც მოძალადეებს სიმღერით შეხვდნენ... 
დილით რუსთაველის გამზირი ნაომარ ველს ჰგავდა... 
დილით საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, ჩემს სოფელში ანუ იქ, სადაც 1921 წელს „წითლები“ პირველ რესპუბლიკას თავს დაესხნენ, ხალხი ქუჩაში იდგა და თბილისში მომხდარის შესახებ ბჭობდა... 
მაშინ 12-13 წლის ვიყავი და რაღაცებს ხეირიანად ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ ყველაფერმა ამან მხოლოდ ჩემი კი არა, ჩემი სამშობლოს ბედისწერა შეცვალა! 
მას მერე 28 წელი გავიდა, 28 გრძელი და ქარტეხილებით სავსე წელიწადი, მაგრამ დღემდე დანამდვილებით არ ვიცით, მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის ბრძანება ვინ გასცა. 
 
დიახ, ორ ათეულ წელზე მეტია, 22 წლის აზა ადამიას, 16 წლის ნათია ბაშალეიშვილის, 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის, 23 წლის ნატო გიორგაძის, 28 წლის თამუნა დოლიძის, 70 წლის თინა ენუქიძის, 25 წლის ნინო თოიძის, 61 წლის ზაირა კიკვიძის, 33 წლის მანანა ლოლაძის, 50 წლის თამარ მამულიშვილის, ვენერა მეტრეველის, 22 წლის მამუკა ნოზაძის, 41 წლის ნანა სამარგულიანის, 35 წლის შალვა ქვასროლიაშვილის, 31 წლის მარინა ჭყონია-სამარგულიანის, 25 წლის ელისო ჭიპაშვილის, 16 წლის თამრიკო ჭოველიძის, 40 წლის ნოდარ ჯანგირაშვილის, 43 წლის მზია ჯინჭარაძის, 23 წლის მანანა მელქაძისა და 25 წლის გია ქარსელაძის სულები ზეციური საქართველოდან კითხულობენ: 
რატომ? 
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილიცაა და რთულიც, თუმცა „ვერსია“ შეეცდება, 1989 წლის 9 აპრილის X-ფაილი ყოველგვარი ბელეტრისტიკისა და ლირიკული გადახვევების გარეშე შექმნას. 
საერთოდ, ამ თემაზე ბევრი თქმულა, ბევრიც დაწერილა და, შესაბამისად, ყველამ ყველაფერი თითქოს ვიცით, მაგრამ ზოგიერთი დეტალის გახსენება არ გვაწყენს, მით უმეტეს, დღეს, როცა მოდერნიზებული რუსული იმპერია ჩვენს შთანთქმას ისევ ცდილობს. 
ამასობაში, გორბაჩოვ-როდიონოვის სულიერ-ფიზიკური მემკვიდრე, ვლადიმერ ვლადიმერის-ძე საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ გეოსტრატეგიულ შეცდომად მიიჩნევს, მის ქართველ ფანებსაც გული ისევ „ერთმორწმუნე დიდი ძმისკენ“ მიუწევთ და ჩუმ-ჩუმად 9 აპრილის ტრაგედიასაც ამართლებენ. 
ჩვენში დარჩეს და, მხოლოდ ახლა კი არა, ისეთი ქართველები, რომლებიც მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებას დაჟინებით ითხოვდნენ, თავის დროზეც იყვნენ. ახლა, იმის თქმა, რომ ყველაფერი მათი ბრალია, ცხადია, არ შეიძლება და ვერც იმის მტკიცებას დავიწყებთ, მაშინდელი პოლიტიკური ელიტის ნაწილს „მწვანე შუქი“ რომ არ აენთო, კრემლი რუსთაველზე სასაკლაოს ვერ მოაწყობდაო, მაგრამ ფაქტია: 9 აპრილის „ბართლომეს ღამის“ საბაბი სწორედ იმ ქართველების დაჟინებული მოთხოვნა გახდა, რომლებიც კომუნისტურ სივრცეში თავს ლაღად გრძნობდნენ, დამოუკიდებელ საქართველოში კი საკუთარი მომავალი ბუნდოვნად ესახებოდათ, თუმცა მერე, წლები რომ გავა, ეს „ტიპები“ ლამის დემოკრატიის მედროშეებად მოგვევლინებიან. 
ამაზე დიდი ბედის ირონია რაღა უნდა იყოს?! 
საიდუმლო რეისი 
მარიკა კახაძე ჩემი უფროსი მეგობარია, კარგი ჟურნალისტი და პუბლიცისტი. რამდენიმე წლის წინ, როცა 9 აპრილზე ვსაუბრობდით, მარიკამ მითხრა: 
„1989 წლის 9 აპრილს, მთელი საქართველო რუსთაველზე იდგა (ხაზს ვუსვამ - მთელი საქართველო) და ხალხს თავისი სამშობლო უყვარდა, უყვარდა გულანთებულად და არ ეშინოდა თოფიანი, ნიჩბიანი, ტანკებიანი, ავტომატებიანი, ბომბებიანი რუსების. შეიარაღებული რუსის ჯარი მაშინ საქართველოში იდგა, რადგან სოციალისტური საქართველო კომუნისტური რუსული იმპერიის ნაწილი იყო. რუსის ჯარი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად ემზადებოდა და ეს ყველამ იცოდა, მაგრამ ,,ვირთხების'' გარდა, არავის ეშინოდა - ვირთხები თავიანთ ხვრელებში იყვნენ! 
ბევრი შემედავება, მთელი საქართველო არ იდგა რუსთაველზეო... მათ საპასუხოდ ვიტყვი - იდგა ასიათასობით ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ არა მარტო ქართველები, არამედ, რუსებიც, სომხებიც, ქურთებიც და ბევრი სხვა ეროვნების წარმომადგენელიც (ბევრი არა, მაგრამ იყვნენ) და ამას თამამად ვამბობ, რადგან მეც იქ ვიდექი და ვიცი. ვიმეორებ: იქ იდგა მთელი საქართველო! იდგნენ პატრიოტები! 
და მხოლოდ ფიზიკურ დგომაზე არაა ლაპარაკი. რუსთაველის პროსპექტი და მაშინდელი ლენინის მოედანი ყველას ვერ დაიტევდა და ისინი, ვინც მოსვლა ვერ შეძლეს, სულით, გულით და სიყვარულით ჩვენს გვერდით იყვნენ. სწორედ ასეთმა შემართებამ და დამოუკიდებლობის დაუძლეველმა სურვილმა გააერთიანა ერი დამპყრობლის წინააღმდეგ“. 
გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ 9 აპრილის ტრაგედია დაედო საფუძვლად საბჭოთა იმპერიის დაშლას. ეს შეფასება შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ თუკი ყველაფერს ავწონ-დავწონით, მივხვდებით, რომ დიახ, 9 აპრილით წითელმა გველეშაპმა ერთი თავი დაკარგა, რასაც სხვა „მოძმე რესპუბლიკების“ გამოფხიზლებაც მოჰყვა ანუ 1989 წლის თბილისის ტრაგედია იმის საბაბი გახდა, რომ კრემლის წინააღმდეგ ხმა აზერბაიჯანელებსაც ამოეღოთ და ბალტიისპირელებსაც. შესაბამისად, 9 აპრილის სცენარით სისხლიანი სპექტაკლი 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში დაიდგა, 1991 წლის 13 იანვარს კი - ვილნიუსში. წითელარმიელებმა აზერბაიჯანში 107 ადამიანი მოკლეს, ლიტვაში - 14. 
ვის კისერზეა ბაქოსა და ვილნიუსის ტრაგედიები? - ამის შესახებ მსჯელობა შორს წაგიყვანს. აი, სისხლიანი 9 აპრილის მთავარ არქიტექტორად კი საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი, ჯუმბერ პატიაშვილი აწ განსვენებულ ედუარდ შევარდნაძეს მიიჩნევდა, რომელსაც იმხანად საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. 
მეტიც, პატიაშვილის ეჭვით თვითმფრინავში, რომელიც 1989 წლის 8 აპრილს თბილისის აეროპორტში მოსკოვიდან დაეშვა, შევარდნაძე იჯდა, თუმცა საქართველოს მეორე პრეზიდენტი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა. 
რეალურად, რა მოხდა 1989 წლის 8 აპრილს თბილისის აეროპორტში? - ამ თემაზე ამომწურავ ინფორმაციას, ალბათ, უშიშროების კომიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელი, გივი გუმბარიძე ფლობს, რომელიც პატიაშვილის ვერსიით, თვითმფრინავში ავიდა... 
სხვათა შორის, 9 აპრილის შემდეგ, ჯუმბერ პატიაშვილის პოსტი გივი გუმბარიძემ დაიკავა. არადა, წესით, თბილისში მიმდინარე მოვლენებზე პასუხი მასაც უნდა ეგო, რადგან ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ და ხელისუფლებამ მიტინგის დაშლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღო... 
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდება, სადაც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მრგვალი მაგიდა გაიმარჯვებს. 
მერე, წლები რომ გავა, ერთ-ერთ ინტერვიუში საბჭოთა საქართველოს შს უკანასკნელი მინისტრი შოთა გორგოძე იტყვის, პარტიული ელიტა არჩევნების მოსაგებად არაფერს აკეთებდაო. 
თუკი ასეა, მაშასადამე, გივი გუმბარიძემ კომუნისტების დამარცხებას ხელი შეუწყო? - ეს მხოლოდ პოლიტიკურმა ღმერთებმა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა იციან... 
ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლისთანავე, გუმბარიძე მოსკოვში წავა და, გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ საქართველოში აღარც ჩამოვა... 
მოკლედ, 9 აპრილის ტრაგედიის საიდუმლოს ერთ-ერთი გასაღები, ალბათ, სწორედ გივი გუმბარიძესთან ინახება... 
სისხლიანი ინტრიგები 
ოფიციალური მონაცემებით, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოქვეყნდა, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 21 ადამიანი ჭყლეტვის შედეგად დაიღუპა. კომუნისტებმა არც ის აღიარეს, რომ საბჭოთა არმიის ე. წ. მერვე პოლკმა უიარაღო ქართველების წინააღმდეგ, საბრძოლო ნიჩბებთან ერთად, ,,სი-ეს-ი'' და სხვა მომწამვლელი გაზიც გამოიყენეს. ,,სი-ეს-ი'' არც 16 წლის ნათია ბაშალეიშვილის ნეშტის ექსპერტიზის დასკვნაშია ნახსენები, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზად ტოქსიკური მოწამვლა დასახელდა... 
ნათია ბაშალეიშვილი 17 აპრილს ,,არამიანცის'' საავადმყოფოში გარდაიცვალა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, გარდაცვალების წინა დღეს გოგონა მონათლეს. მართალია, ამ დროს ნათია უგონოდ იყო, მაგრამ როცა მოძღვარს ნათლობის რიტუალის შესრულება დაუწყია, წარბები შეურხევია... 
ნათია ბაშალეიშვილი 1989 წლის 23 აპრილს, ბზობას, ვერის სასაფლაოზე დაასაფალვეს... 1989 წლის 9 აპრილს ნათიას თანაკლასელი თამრიკო ჭოველიძეც დაიღუპა. ნათია და თამრიკო მეგობრები იყვნენ... 
10 წლის წინ, ნათიას დედას, მაული ბაშალეიშვილს შევხვდი, რომელიც 1989 წლის აპრილს მოვლენებს ასე იხსენებდა: 
,,- 1989 წლის 8 აპრილს, ღამის 11 საათზე, ნათია და თამრიკო ჭოველიძე ერთმანეთს ფილარმონიასთან შეხვდნენ. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ისინი თამრიკოს დედის მეგობარს უნდა წაეყვანა, მაგრამ ის ქალბატონი არ მოვიდა... ამის შესახებ ნათიამ არ გამაგებინა, თორემ ბავშვებს მიტინგზე მარტო არ გავუშვებდი... სხვათა შორის, წინა დღეს ხმა გავრცელდა, რომ შესაძლოა, აქცია ცრემლსადენი გაზით დაეშალათ. ამიტომ ნათიას ნიღაბი შევუკერე... 
- ქალბატონო მაული, 9 აპრილის ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა. ამ ტრაგედიაში ვის ადანაშაულებთ? 
- ჩემი შვილი ისტორიულ კატაკლიზმებს შეეწირა!.. 
- საქართველოს ცეკას იმჟამინდელ მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს რომ შეხვდეთ, რას კითხავთ? 
- არაფერს, რადგან ისიც 9 აპრილის მსხვერპლია! 
- ამას რატომ ამბობთ? 
- 9 აპრილს ედუარდ შევარდნაძემ მას ყური სოლიკო ხაბეიშვილის გამო აუწია!.. პატიაშვილი ხალხთან რომ გამოსულიყო, გამორიცხული არ არის, ისიც მოეკლათ!..“ 
ვერსიას, რომ 9 აპრილის ტრაგედიის საბაბი ვიწრო პიროვნული ინტრიგები გახდა, არსებობის უფლება, ცხადია აქვს ანუ გამორიცხული არაა, რომ პატიაშვილ-შევარდნაძის დაპირისპირება კრემლმა საქართველოს დასასჯელად გამოიყენა. საერთოდ, ყოფილი დისიდენტები ამბობენ, რომ მოსკოვს ყველაზე მეტად საქართველოს აბუნტების ეშინოდა, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში დაწყებული მოვლენები სხვა რესპუბლიკებში დომინოს პრინციპით ვრცელდებოდა, რაც საშიშროებას ქმნიდა, რომ საბჭოთა იმპერიას საძირკველი შერყეოდა. 
კრემლის ეს შიში უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველო ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკა იყო, სადაც დისიდენტური და, შესაბამისად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იშვა, მოძრაობა, რომელიც ტოტალიტარულ საბჭოთა სივრცეს თავისუფლების მაგიად მოედება და ასობით, ათასობითა თუ მილიარდობით ადამიანს ბორკილების დამსხვრევისკენ უბიძგებს. 
ჟურნალისტი მარიკა კახაძე იხსენებს: 
ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოვა 9 აპრილის ღამე: რუსთაველზე ვიდექი, მხატვრის სახლის წინ, პირველ რიგში, ჩემს მეგობრებთან ერთად, თუმცა მაშინ, ჩვენ, ყველანი, ვინც იქ ვიდექით, ერთი დიდი სამეგობრო ვიყავით, საქართველოს ჯარისკაცები. საქართველოს ნათელი მომავლისთვის, ჩვენი, ჩვენი შვილების, შვილიშვილებისა და მომავალი თაობების ბედნიერებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის ვიბრძოდით. ვიბრძოდით უიარაღოდ, შიშველი ხელებით და ძალიან, ძალიან ძლიერი სულით. ჩვენი შეჩერება შეუძლებელი იყო, რადგან მართალნი ვიყავით და ჩვენი სიმართლის გვწამდა. ასეთი სულისკვეთება ჰქონდა ყველას, ვინც 9 აპრილის ღამეს რუსთაველის პროსპექტზე იდგა.“ 
საერთოდ, საქართველოში აქტიური ანტისაბჭოთა მოძრაობა 1988 წლიდან დაიწყო. საბჭოთა მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის კონფლიქტი 1989 წლის 18 მარტს, ე.წ. ლიხნის ასამბლეის ჩატარების შემდეგ გამწვავდა, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსაგან გამოყოფა და 1921-1931 წლების რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა, რომელიც ბოლშევიკებმა აფხაზეთს მიანიჭეს. 
აფხაზები ყველაფერ ქართულ წვავდნენ და ანადგურებდნენ. მახსოვს, რუსთაველის ძეგლიც ჩამოაგდეს და უროებს ურტყამდნენ, რომ ნაფშვენებად ექციათ. ამის საპასუხოდ, ეროვნულმა ძალებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც აფხაზურ სეპარატიზმს აღვივებდა, მიტინგები და საპროტესტო აქციები მოაწყვეს. 
საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. საქართველოს კომპარტიამ კი კრემლს დამხმარე ძალის გამოგზავნა სთხოვა და... როდიონოვიც საქმეს შეუდგა. 
არ დამავიწყდება როდიონოვის გამოსვლები ტელევიზიით - ზიზღი, სიძულვილი, აგრესიული ცინიზმი ქართველების მიმართ და მუქარა, რომ დესტრუქციული ძალები (ეროვნული მოძრაობა დესტრუქციულ ძალად წარმოაჩინა) სასტიკად დაისჯებოდნენ. 
გენერლის მუქარის მიუხედავად, 9 აპრილს, ღამით კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის პროსპექტზე. 
ვიდექით სანთლებით ხელში... 
უსინათლო მომღერლები ჩონგურზე ,,შავლეგოს'' მღეროდნენ... 
დროდადრო ლიდერები გამოდიოდნენ სიტყვით, ხალხს ამხნევებდნენ: ,,გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ძლიერ საქართველოს!'' 
ამ ფრაზას ტაშით ვხვდებოდით და ყველანი ერთად, მრავალი ათასი ადამიანი, ვიმეორებდით: ,,გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ძლიერ საქართველოს!'' 
იყო ამ სიტყვებში ისეთი მაგია, რომელიც ჯადოსავით მოქმედებდა. 
ჩვენ, ყველანი საქართველოს სიყვარულით ვიყავით მოჯადოებულნი, თავს უძლეველებად ვგრძნობდით და იოტისოდენა შიშიც კი არ გვქონდა. 
როდიონოვის არმია უკვე სოლოლაკში, ქუჩებში იყო განლაგებული და გენერლის ბრძანებას ელოდა. 
ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა დემონსტრანტებში და ლიდერებმაც გამოაცხადეს. ამ ცნობას ხალხი შეძახილით - ,,გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!'' შეხვდა. 
უსინათლო მომღერლებმა კვლავ ,,შავლეგო'' შემოსძახეს და ხალხიც აჰყვა. სიმღერას ცეკვა ,,ქართული'' მოჰყვა, დოლის ხმა და ,,გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!'' გუგუნებდა რუსთაველზე. 
ფსიქოლოგები ასეთ ვითარებას ,,კოლექტიურ არაცნობიერს'', ,,ბრბოს ფსიქოლოგიასა'' და ,,ადრენალინის დიდი დოზით აწევას'' უწოდებენ. ასეთი შეფასებების მოსმენა სასიამოვნო არაა, მით უმეტეს მაშინ, როცა მაღალი იდეალებისათვის იბრძვი და თავგანწირვისთვისაც მზად ხარ, მაგრამ შესაძლოა, ეს ასეცაა, რადგან როცა პატრიარქი მოვიდა და ხალხს დაშლა სთხოვა, ხალხი არ დაიშალა. 
საფრთხე რეალური იყო, მაგრამ გინდ ცნობიერი უწოდე და გინდ - არაცნობიერი, იმ ღამეს ყველა იქ მდგომი გმირი იყო. 
კარგად მახსოვს ის მომენტი, ის რამდენიმე წუთი სრული სიჩუმისა, ვიდრე ტანკები გამოჩნდებოდნენ. 
უცებ, ყველა ერთდროულად გაჩუმდა, სუნთქვის ხმაც კი არ ისმოდა, თითქოს ყველანი გავქვავდით და... 
უცნაური გუგუნი ფეხქვეშ - თითქოს მიწა ატორტმანდა. ღამის 4 საათზე რუსთაველის პროსპექტს რუსული ტანკები შეესივნენ. ჩვენ შევმჭიდროვდით ორივე მხარეს, რომ უფრო ვრცელი კორიდორი ყოფილიყო ტანკების ჩასასვლელად. მოდიოდნენ ტანკები და თავახდილ ,,ლუკებში'' ავტომატმომარჯვებული ჩაფხუტიანი ჯარისკაცები ჩანდნენ წელამდე. ტანკებს, ორივე მხარეს, ავტომატგადაკიდებული და ნიჩბებმომარჯვებული ჯარისკაცები მოჰყვებოდნენ. 
ეს სურათი არასოდეს დამავიწყდება: ჩვენ ვიდექით თავაწეულები, ამაყები და არ გვეშინოდა!“ - იხსენებს ჟურნალისტი მარიკა კახაძე. 
როცა 9 აპრილზე ვლაპარაკობთ, ცხადია, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინდელმა მილიციამ, მიუხედავად იმისა, რომ წითელ მუნდირს ატარებდა, არნახული გმირობა გამოიჩინა. თვითმხილველთ თქმით, მილიციის თანამშრომლებს რომ არ ემარჯვათ, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. 
იმ ღამეს ქართველმა ქალებმაც იმარჯვეს - იმის იმედით, რომ ალკოჰოლით გალეშილი სისხლმოწყურებული რუსი ჯარისკაცები დაინდობდნენ, ქართველი დედები, ცოლები და დები ბრძოლის წინა ხაზზე გავიდნენ და თავიანთ ქმრებს, შვილებსა და ძმებს გადაეფარნენ, მაგრამ რუსულმა ჩექმამ ქალებიც არ დაინდო... 
28 წლის წინ, 9 აპრილი საქართველოში სისხლისფრად გათენდა და... მას შემდეგ სისხლისფერი დღის სიმბოლოდ სიმღერა „ტიტები“ ითვლება, რომელიც საბჭოთა საქართველოს ესტრადის ვარსკვლავებმა შეასრულეს... 
სხვათა შორის, 1989 წლის აპრილში, რუსთაველის გამზირზე აქციები ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები აქციის დაშლას ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, რადგან ვითარებას ვეღარ აკონტროლებდა - ტრაგედიის წინ გადაწყვეტილებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა, უფრო რადიკალურად განწყობილი ლიდერები იღებდნენ. მათ აფხაზების საკითხი გვერდზე გადაწიეს და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა გამოიტანეს. 
აფხაზეთის პრობლემა საქართველოსთვის არ არსებობს, აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოს განუყოფელ ნაწილად და მასზე კონტროლს განახორციელებს ქართველი ერი,“ - აცხადებდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია. 
„აფხაზი ერი არ არსებობს“, - აღნიშნავდა ზვიად გამსახურდიაც. 
9 აპრილის ტრაგედიიდან 20 წლის შემდეგ, თამარ ჩხეიძე რადიო „თავისუფლებასთან'' საუბრისას იტყვის: 
„1989 წლის 9 აპრილმა კიდევ უფრო გააშიშვლა საბჭოთა იმპერია, დროის მცირე მონაკვეთით დააჩქარა პროცესები. სამაგიეროდ, საქართველო ააცდინა იმ შედარებით კომპრომისულ და პრაგმატულ გზას, რა გზითაც წავიდნენ და განვითარდნენ ბალტიისპირა ქვეყნები. 9 აპრილის ტრაგედიამ მოაქცია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში რადიკალური ფრთა... 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის სხვა შედეგიც ჰქონდა - იმავე აფხაზების იმ ნაწილს, რომელიც რუსეთისგან იმართებოდა, გაუმძაფრდა დაუსჯელობის სინდრომი. მათ დაინახეს, რომ ის საზოგადოება, რომელიც გამოვიდა აფხაზეთის ქართველების უფლებების დასაცავად, თავად დაისაჯა, თავად იქნა დასჯილი.“ 
ერთმა ისტორიკოსმა თქვა: ხალხი, რომელიც ივიწყებს თავის წარსულს, განწირულია მისი ხელმეორედ განცდისთვისო, ეს წიგნი დავწერე იმისთვის, რომ აღარასდროს განვიცადოთ ახალი სისხლიანი კვირა,'' - ამ სიტყვების მოგვიანებით სანკტ-პეტერბურგის პირველი მერი, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატი ანატოლი სობჩაკი იტყვის, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა და რომელიც ამ თემაზე დაწერილ წიგნს ასე დაარქმევს: თბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირა.“ 
ამონარიდი ინტერნეტპორტალ გეოინდეპენდენცე.ნეტ-ზე გამოქვეყნებული სტატიიდან: 
,,1989 წლის 7 აპრილს, საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ- ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა თბილისში წესრიგის აღსადგენად. შემდეგ კი, თბილისში, მშვიდობიანი დემონსტრანტების და მოშიმშილეების უსასტიკესი მეთოდებით დარბევის დეტალების შესწავლას სსრკ სახალხო დეპუტატების საგამოძიებო კომისია შეუდგა, ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. ამ კომისიის დასკვნა მძიმე აღმოჩნდა საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის. კომისიის თავმჯდომარეს საბჭოთა არმიის სახელის შებღალვაში დასდეს ბრალი. დასკვნაში ითქვა, რომ თბილისში მიმდინარე მიტინგის დაშლის გეგმის მომზადებისას და ამავე გეგმის განხორციელებისას ადგილი ჰქონდა სერიოზულ შეცდომებსა და კანონდარღვევებს საკავშირო და რესპუბლიკური ხელმძღვანელი ორგანოების მხრიდან. 
საინტერესო დეტალებს იხსენებს ანატოლი სობჩაკი წიგნში ,,თბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირა''. ის მიუთითებს 1989 წლის აპრილის უმძიმესი გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირებს: ჯუმბერ პატიაშვილი, ბორის ნიკოლსკი (საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი 1984-89 წლებში), კონსტანტინ კოჩეტოვი (1989 წელს სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე), იგორ როდიონოვი (1989 წელს სსრკ ჯარების ამიერკავკასიის გარნიზონის მეთაური). 
ხსენებულების გარდა, სობჩაკი ასახელებს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიების მზადებაში მონაწილე სხვა პირებსაც: ზურაბ ჩხეიძე (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), ოთარ ჩერქეზია (უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე)... 
ეს პირები წარმოადგენდნენკოლექტიურხელისუფლებას, ისინი ყოველთვის ზარზეიმით უჭერდნენ მხარს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს, - წერს ანატოლი სობჩაკი.
წიგნშითბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირააღნიშნულია, რომ თავიდან იგორ როდიონოვი წინააღმდეგი იყო თბილისში დემონსტრაციის დაშლის ღონისძიებაში სამხედრო ძალის გამოყენების: ,,როდიონოვს არ შეიძლება არ სცოდნოდა რაზე მიდიოდა, ამიტომ სავარაუდოა, რომ პროცესში მისი ჩართვის მიზეზი იმდენად საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილება კი არ იყო, არამედ, მაგალითად, სსრკ თავდაცვის მინისტრის ბრძანება, ანდაც საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანება... მაგრამ, ყველაფერი ეს მარჩიელობაა, არც როდიონოვმა, არც გენერალმა კოჩეტოვმა, არც სსრკ თავდაცვის მინისტრმა იაზოვმა, არც ჩებრიკოვმა (1989-ში სსრკ უშიშროების ხელმძღვანელი) არ აღიარეს მსგავსი ბრძანების არსებობა, ამიტომ მომხდარი გენერალ როდიონოვის სინდისზე რჩება.“ 
საინტერესოა წიგნის ის ნაწილიც, რომელშიც ავტორი საქართველოს სსრ უშიშროების მაშინდელი ხელმძღვანელის და 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტზე ჯუმბერ პატიაშვილის შემცვლელის, გივი გუმბარიძის შესახებ წერს: 
გუმბარიძე ვერ შეძლებდა მონაწილეობა არ მიეღო 1989 წლის 9 აპრილის ოპერაციის წინა თათბირებში. უცნაური ისაა, რომ ამ თათბირებში მონაწილეებს არ შეეძლოთ რაიმეს თქმა იმის შესახებ, როგორი იყო გივი გუმბარიძის პოზიცია. გადაწყვეტილებების მიღების მომენტში ის სადღაც გადიოდა ან ჩუმად იყო. ჩვენ დავადგინეთ, რომ გადამწყვეტ თათბირზე, რომელიც ვიწრო წრეში გაიმართა (პატიაშვილი, ნიკოლსკი, კოჩეტოვი, როდიონოვი) ის მიწვეული არ ყოფილა“. 
ანატოლი სობჩაკი 2000 წლის თებერვალში, გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებობს მოსაზრება, რომ მის სიკვდილში რუსული უშიშროების ხელი ურევია, რაც შესაძლოა, ლოგიკას მოკლებულიც არაა, რამეთუ ანატოლი სობჩაკი, პრაქტიკულად, ერთადერთი ყოფილი კომუნისტი გახლდათ, რომელიც კომპარტიის გასამართლების ინიციატივით გამოდიოდა. 2015 წლის 22 თებერვალს ქართული საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი'' წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია: 
,,ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა პოლიტიკური კარიერა სობჩაკთან სამსახურში დაიწყეს და მისი წყალობით გახდნენ რუსეთის ლიდერები... სობჩაკი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალაქ ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) პირველი პირი იყო და პუტინის აღზევებაც რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში სწორედ ლენინგრადიდან, სობჩაკის გუნდიდან მოხდა, სადაც ის 1990 წელს მივიდა, როგორც ნაკლებადცნობილი გადამდგარი ,,კაგებეს'' პოლკოვნიკი, რომელიც ლენინგრადის უნივერსიტეტის ლექტორის თანაშემწედ მუშაობდა. 1996 წელს, ლენინგრადის ოლქში გუბერნატორობისათვის გამართულ არჩევნებში, ვლადიმერ პუტინი ანატოლი სობჩაკის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო... ხოლო უფრო ადრე, 1989 წელს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად არჩევის დროს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრემიერი დიმიტრი მედვედევი, სობჩაკის საარჩევნო შტაბის იმ დონის აქტივისტი იყო, რომ არჩევნების დროს კედლებზე მის საარჩევნო პლაკატებს აკრავდა. 2000 წლის 14 თებერვალს, სიკვდილამდე 5 დღით ადრე, თავად ანატოლი სობჩაკი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, თუ რა დონის ფიგურა იყო ანატოლი სობჩაკი უკვე პოსტსაბჭოთა ახალი რუსეთისთვის, რამხელა გავლენა ჰქონდა პოლიტიკურ პროცესებზე და რამდენი რამ იცოდა რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობაზე''. 
ისე, 9 აპრილის ტრაგედიის, მინიმუმ, ორი ფიგურანტი ცოცხალი აღარაა. მართალია, ანატოლი სობჩაკმა მსოფლიოს 9 აპრილზე სიმართლე გააგებინა, მაგრამ შესაძლოა, იყო დეტალები, რომელიც არ გაახმაურა. 9 აპრილის საიდუმლო ედუარდ შევარდნაძემაც საფლავში ჩაიყოლა...