როგორ გააკონტროლებს საქართველო არალეგალი მიგრანტების ნაკადს?

როგორ გააკონტროლებს საქართველო არალეგალი მიგრანტების ნაკადს?

ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ გაიზარდა რისკი იმისა, რომ საქართველოდან უამრავი ადამიანი ევროპას სამუშაოს საძებნელად მიაშურებს. მათი 99% არალეგალურად შეეცდება გზა გაიკაფოს. როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ ასეთი ნაკადის გაკონტროლება?

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ ის სააგენტოები რომლებიც მიგრანტებს უცხოეთში უკანონოდ უშვებენ, აუცილებლად დაჯარიმდებიან, ჯარიმის მოცულობა 500-დან 1000 ლარამდე იქნება.

„2015 წელს მიიღეს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ, რომელმაც განსაზღვრა საქართველოდან გამავალ და შემომავალ მიგრანტთა ნაკადის რეგულაცია. კანონი გულისხმობს კერძო დასაქმების სააგენტოების მონიტორინგს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმებაში ეხმარებიან. მათ დაევალათ წარმოედგინათ გასული წლის ანგარიში ჩვენი სამინისტროსთვის, რაც მოიცავს, თუ რამდენი მოქალაქე გაიყვანეს ჩვენი ქვეყნიდან, რომელ სექტორში, რა კომპანიაში, რა კვალიფიკაციის და ა.შ... ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ჩვენი შრომითი მიგრანტების შესახებ სრული ინფორმაცია გვქონდეს.

ამჟამად უკვე მიღებული მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს. იმ სააგენტოების თუ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ხალხს ატყუებდნენ, უახლოეს მომავალში გაირკვევა. საბედნიეროდ, ასეთი ორგანიზაცია ბევრი არ არის. ჩვენი მოკვლევის შედეგებს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მაისის დასაწყისისთვის რაღაც მონაცემები უკვე გვექნება. სახელმწიფო სრულყოფილ ინფორმაციას მოითხოვს დასაქმების კომპანიებისგან. ის სააგენტოები, რომლებიც მიგრანტებს უცხოეთში უკანონოდ უშვებენ, აუცილებლად დაჯარიმდებიან, ჯარიმის მოცულობა 500-დან 1000 ლარამდე იქნება“, - ამბობს ელზა ჯგერენაია.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი მიშა კორძახია კი მიიჩნევს, რომ გართულდება იმ ადამიანების კონტროლი, რომლებიც საზღვარგარეთ თავისი არხებით და ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მიდის. „სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის ბერკეტი, რომ ამ მოვლენას წინ აღუდგეს. იმ სააგენტოების გაკონტროლება, რომლებიც საზღვარგარეთ მუშახელს უშვებენ, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციებში შედის. მათი აღრიცხვაზე აყვანა და შემოწმება იოლია, თუმცა გაცილებით რთულია იმ ადამიანების ბედის განსაზღვრა, ვინც საზღვარგარეთ თავისი არხებით და ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მიდის. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ რა რისკი ახლავს თან საზღვარგარეთ სტიქიურად გასვლას“, - განუცხადა „ბიპიენს“ კორძახიამ.

შარშან შემოდგომაზე გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ემიგრაციის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის გადინების კუთხით, უპირობო ლიდერი სომხეთია - დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა მოსახლეობის 31%-მა დატოვა. ამას ხელს უწყობს არა მარტო ქვეყნის ტერიტორიული იზოლაცია, არამედ გაყინული კონფლიქტი მეზობლებთან და აქედან გამომდინარე სამომავლო პერსპექტივების სრული გაურკვევლობა. გარდა ამისა, სომხებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დიდი და გავლენიანი დიასპორა ჰყავთ.

მეორე ადგილზეა ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი ყაზახეთი და სავარაუდოდ, მიგრაციას ამ ქვეყნიდან აქვს არა ეკონომიკური, არამედ ეთნიკური ხასიათი - ყაზახეთს ძირითადად რუსი მოსახლეობა ტოვებს. მესამე ადგილზეა მოლდოვა - 21,9%–იანი მიგრაციით.

საქართველო ოდნავ ჩამორჩება მოლდოვას და იკავებს მე-4 ადგილს - დამოუკიდებლობის გამოცხდების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობა 21%-ით შემცირდა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გამოკვლევა ასახავს სიტუაციას მხოლოდ ოფიციალური თბილისის მიერ კონრტროლირებად ტერიტორიებზე.

სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიგრაციის დონე შემდეგნაირია: ლიტვა - 18,9%, ლატვია - 17%, ესტონეთი - 15%, ბელორუსია - 15%, უკრაინა - 13%, ყირგიზეთი - 12,8%, აზერბაიჯანი - 11,8%, რუსეთი - 7%, ტაჯიკეთი - 7%, უზბეკეთი - 6,7%. მიგრაციის მაჩვენებლი ყველაზე დაბალია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში - თურქმენეთში - 4,5 %.