"ქონების ჩამორთმევის" ქართული ბიზნესი

"იპოთეკური მორატორიუმის" პროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირაში მიუბრუნდება. 11 ივლისს შეტანილ კანონპროექტში ლაპარაკია იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი აღსრულების 6-თვიან გადავადებაზე. ავტორები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა, აგრეთვე ბიზნესორგანიზაციები, პოზიციებს შეაჯერებენ. თუმცა კონკრეტულ ვარიანტს, როგორი შეიძლება იყოს შეჯერებული გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს. ზოგიერთი ეკონომისტი და ექსპერტი გამოსავალს ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაში ხედავს, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გედევან ფოფხაძე კი აცხადებდა, რომ თუ ვერ მოხერხდება მოქალაქეების ბინებიდან გამოსახლების შეჩერება, ბიუჯეტმა სოციალური ბინათმშენებლობა უნდა დააფინანსოს…

საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და არაერთი ბიზნესასოციაცია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებებს უკიდურესად უარყოფითად აფასებენ. მათი აზრით, ეს დროებითი ღონისძიებაა და ვერ მოაგვარებს იმ ადამიანთა პრობლემებს, რომელთა დახმარებაც პარლამენტმა ჩაიფიქრა, სამაგიეროდ, საგრძნობლად შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას, გააუარესებს საინვესტიციო გარემოს და ბიზნესსექტორს პრობლემებს შეუქმნის ფინანსური რესურსების მოზიდვის თვალსაზრისითაც.

ზურაბ გვასალია (საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი): - იპოთეკართა პრობლემას არაარგუმენტირებულად ზოგჯერ ბანკებსაც აბრალებენ - რომ ისინი სესხებს მაღალი მოთხოვნებით გასცემენ და მოქალაქეც იძულებული ხდება, კერძო მევახშეს მიაკითხოს. ბუნებრივია, ბანკები, რომლებიც ეროვნული ბანკის მკაცრი რეგულაციის ქვეშ საქმიანობენ, სესხებს დადგენილი მოთხოვნების მიხედვით გასცემენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის არა უზრუნველყოფა, როგორც ეს კერძო იპოთეკარების შემთხვევაშია, არამედ მსესხებლის სტაბილური შემოსავალი. თუ 2014 წლის 1-ელ თებერვლამდე აღსრულება იმპერატიულად შეჩერდება, ეს საბანკო სექტორსა და მთლიანად ეკონომიკას უარყოფით შედეგებს მოუტანს, რადგან ბანკები და ზოგადად, საფინანსო ინსტიტუტები ვალდებულებების გადაუხდელობის მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან.

რისკების მოსალოდნელი გაზრდის კვალობაზე, საფინანსო სექტორი შეამცირებს საკრედიტო აქტივობას და საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის. ამგვარი ცვლილებები უარყოფითი სიგნალი იქნება საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოს საბანკო სექტორის მთავარი ინვესტორები არიან. მათ უფლება რჩებათ, ცვლილებების შედეგად გაზრდილი რისკების პირობებში, გაცემული სესხების დადეფოლტება მოახდინონ, რაც ეკონომიკას უარყოფით შედეგებს მოუტანს. უარყოფითი იქნება ზემოქმედება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, საფინანსო ბაზარი შეფერხდება და, რაც ყველაზე სახიფათოა, დაიწყება მევახშეების "შავი ბაზრის" განვითარება. კერძო "სავახშო კაპიტალი" კი არ შემცირდება, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. ამას გარდა, ასეთი პრეცედენტი ბანკებისთვის იპოთეკურ სესხებზე რისკს გაზრდის, ეს გამოიწვევს არათუ საპროცენტო განაკვეთის მომატებასა და გასაცემი იპოთეკების შემცირებას, არამედ უმრავლეს შემთხვევაში, უარს ბანკების მხრიდან სესხების გაცემაზე. საკმაოდ დაზარალდება სამშენებლო სექტორიც, რადგანაც უძრავ ქონებას იპოთეკური სესხებით ვერ გაყიდის. თავის მხრივ, ეს შეამცირებს სამუშაო ადგილებს, შესაძლოა სექტორის პარალიზებაც.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამგვარი დროებითი ღონისძიებებით ვერც იმ პირთა სოციალური პრობლემები მოგვარდება, რომელთა დასახმარებლადაც არის კანონპროექტი შემოტანილი. ეკონომიკის განვითარებაში საბანკო სექტორის როლი განუსაზღვრელია, დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება გაითვალისწინებს მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს და კანონპროექტზე შესაბამისად ირეაგირებს. ამ პროცესისგან აუცილებლად უნდა მოხერხდეს ლიცენზირებული საკრედიტო ინსტიტუტების გამიჯვნა.

თემურ მაისურაძე (პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): - მთავრობა გულგრილად ვერ მოეკიდება იმ ადამიანთა სატკივარს, რომლებიც ეკონომიკური თუ პოლიტიკური რყევების მსხვერპლი გახდნენ და უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. ავიღოთ თუნდაც 2008 წლის ომით დაზარალებული ადამიანები, რომლებსაც ბანკებისგან კრედიტები ჰქონდათ აღებული. ისინი ფორსმაჟორული ვითარების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და კრედიტები ვეღარ გაისტუმრეს. ბანკებმა მათ რესტრუქტურიზაციის საშუალება მისცეს, რაც მაშინ დიდ შეღავათად მოეჩვენათ, რესტრუქტურიზაცია კი თავისთავად გულისხმობს ვალის აღიარებას. მერე ეს ხალხი კერძო მევახშეების მსხვერპლი გახდა - მათგან ისესხეს ფული, რათა ბანკის ვალი გადაეხადათ. არავინ გაითვალისწინა ის, რომ სესხი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ვერ გადაიხადეს. არც ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ვერ შეიქმნა სტაბილური ეკონომიკური გარემო, რის გამოც უამრავი მოქალაქე დაზარალდა.

აღსრულების პროცედურის 2014 წლის თებერვლამდე შეჩერება ხომ არ დააზიანებს საბანკო სექტორს და ქვეყნის საფინანსო სისტემას?

- კომერციული ბანკები რეგულაციების ქვეშ მუშაობენ და ამ მხრივ მათ პრობლემა არ ექმნებათ. აღმოჩნდა, რომ მთელი წლის განმავლობაში ბანკებს მხოლოდ ოცამდე შემთხვევა ჰქონდათ, როცა იძულებული გახდნენ, მოქალაქეებისთვის ბინა გაეყიდათ. ძირითადი პრობლემა კერძო იპოთეკარებშია, რომლებიც სახელმწიფო სერვისით სარგებლობენ, სახელმწიფოსგან ითხოვენ ვალის ამოღებას, თვითონ კი საერთოდ არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს. ეს არის ფინანსური პრობლემა, რომელიც უნდა დარეგულირდეს. ჩვენ არ გავაკეთებთ ისე, რომ ქვეყნის საფინანსო სისტემა დაზარალდეს, ამიტომ რაღაც რეგულაციები საჭიროა. უნდა დავეხმაროთ ხალხს, რომელმაც კრედიტი აიღო და ეკონომიკური რყევების გამო ვერ გაისტუმრა, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთმანეთის მიბაძვით, ვალის გადახდაზე ყველამ უარი თქვას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლოდ იღებს სესხს და მისი გასტუმრება არ უნდა. ამავე დროს, ქვეყანაში ძალიან მაღალია საპროცენტო განაკვეთებიც, ამ საკითხსაც საფუძვლიანი ანალიზი, განხილვა და კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ბანკებს ნაკლებად შეეხება, ყველაზე დიდი პრობლემა ამ ვითარებაში კერძო იპოთეკარებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან მოდის, რომლებიც ეროვნული ბანკის რეგულაციებს არ ემორჩილებიან. კერძო იპოთეკარები ძალიან ხშირად სესხს სწორედ გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეს აძლევენ, რადგან იციან, რომ ის ამ თანხას ვერ გადაიხდის. ქონების ჩამორთმევა მათთვის ერთგვარი ბიზნესი გახდა. საბანკო სექტორის წარმომადგენლები შეიძლება დავამშვიდოთ: პარლამენტის გადაწყვეტილება საბანკო სისტემის სტაბილურობას საფრთხეს არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის.

ციფრების ენით

- საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში დღეისთვის 160 ათასზე მეტი იპოთეკაა დარეგისტრირებული. ბოლო 5 წელიწადში იპოთეკური სესხის გამო 75 ათასმა ოჯახმა დაკარგა ბინა და იგივე საფრთხე კიდევ 25 ათას ოჯახს ელის.

- 160 ათასი იპოთეკიდან 70% კერძო იპოთეკარებზე, ანუ არალიცენზირებულ ფიზიკურ პირებზე მოდის.