ალასანიას შანსი

ალასანიას შანსი

ზუსტად იმ დღეს, როცა «ნაციონალური» ელიტა ჰოლივუდის მეგავარსკვლავ შერონ სტოუნს მასპინძლობდა, «თავისუფალმა დემოკრატებმა» მშვიდობის ხიდზე სიმბოლური საპროტესტო აქცია გამართეს _ ხიდზე 6-მეტრიანი ბანერი გადაფინეს, რომელზეც ეწერა: «გახსოვდეს 26! ძალადობა დასჯადია!» სხვათა შორის, «თავისუფალი დემოკრატების» ლიდერი ირაკლი ალასანია «ქართულ სიტყვასთან» ექსკლუზიურ ინტერვიუში პირობას დებს, რომ მოვა დრო და, 26 მაისის მოვლენების დამნაშავეებს აუცილებლად დასჯის. ამასთან, ალასანია აცხადებს, რომ 26 მაისის დარბევამ საზოგადოება საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობაში, ანუ პოლიტიკური პროცესების მშვიდობიანი გზით განვითარებაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. «ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ!» _ ამბობს ირაკლი ალასანია და პასუხისმგებლობას, ხელისუფლებასთან ერთად, «მაისის მიტინგების» ორგანიზატორებსაც აკისრებს. 

ბატონო ირაკლი, თქვენი არ ვიცი და, ისეთი განცდა მაქვს, რომ 26 მაისის მოვლენებს ერთგვარი გაგრძელება აუცილებლად ექნება. ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელებში მიმდინარე ცხარე კამათი ერთგვარი სამოქალაქო დაპირისპირების შთაბეჭდილებას ქმნის...
_ 26 მაისის ტრაგედიამ გააჩინა შესაძლებლობები, რომელთა არგამოყენების შემთხვევაშიც, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტი რადიკალიზმის საფრთხე იქნება.


რას გულისხმობთ?
_ ამ მოვლენების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც შეთანხმებისა და კომპრომისის გზით ახალი პოლიტიკური სისხლის გაჩენას ეძებენ, უფრო ამჯობინებს, ვიდრე მათ, _ ვინც კონფრონტაციას ეძებს. მოკლედ, თუ საზოგადოებას მართლა არ დავანახეთ, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებით საარჩევნო გარემოს შეცვლა კი არაა შესაძლებელი, არამედ, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც შეუძლია შეთანხმება, მაშინ საზოგადოება ისევ გაორებული დარჩება, ანუ საზოგადოებას სწორი პოლიტიკური ორიენტირი უნდა მივცეთ. დღეს ამის შესაძლებლობა გვაქვს და თუ არ გამოვიყენებთ, ეს დანაშაული იქნება! სწორედ ამიტომაც, ამ ტრაგედიის მიუხედავად, ერთ ადგილზე არ უნდა გავჩერდეთ და საზოგადოებას შეთანხმების პირველი შედეგი უახლოეს მომავალში უნდა ვაჩვენოთ.

თუ დააკვირდებით, ინტერნეტ-მედიაში «რვიანის» წინააღმდეგ სერიოზული კამპანიაა აგორებული. ცალკეული ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლებისა და .. რადიკალების მთავარი მიზანი ალასანიას «ჩაძირვაა». დასამალი არაა, რომ ნინო ბურჯანაძეს აქამდეც არ «ესიმპათიურებოდით», რამდენიმე დღის წინ კი, «მაესტროს» ეთერში ვაი-პოლიტიკოსი გიწოდათ...
_ ვანო, სიმართლე გითხრათ, ასეთ დამამცირებელ განცხადებებს ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ პოლიტიკური კულტურა არ აქვთ..

კი ბატონო, მაგრამ მსგავსი ტიპის განცხადება-ეპითეტს რაღაცნაირად 25- კადრის ეფექტი აქვს...
_ გასაგებია, მაგრამ ასეთ პოლიტიკოსებს ვერ გადავაკეთებ. ისინი, ჩემი აზრით, წარსულის პოლიტიკოსები არიან... ამიტომ, საზოგადოებრივი აზრი სწორი მიმართულებით უნდა ჩამოვაყალიბოთ, ანუ ადამიანებმა დაინახეს, რომ რადიკალური გზა არ ამართლებს და შეთანხმების გზაზე კონკრეტულ შედეგს ელიან... ის, რომ უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, 26 მაისის არაადამიანურმა სისასტიკემ კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ამიტომ, ჩვენ მოლაპარაკება მხოლოდ საარჩევნო გარემოზე კი არ უნდა გვქონდეს, არამედ, ისეთ საკითხებზეც უნდა გადავიდეთ, როგორიცაა, მაგალითად, პოლიციის დეპოლიტიზაცია,  სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლება. ამ თემებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გვქონდა საუბარი და შესაძლოა, სამოქალაქო-პოლიტიკური მოძრაობა ჩამოყალიბდეს. ეს, ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტური იქნება, რადგან პოლიტიკური პროცესებიდან მთავარი მონაწილე _ ხალხი არ უნდა გამოვტოვოთ. სწორედ ასე უნდა შევცვალოთ საარჩევნო კი არა, საარსებო გარემო.

პოლიტიკურ პროცესებში ხალხის ჩართვა, რასაკვირველია, კარგი ტენდენციაა, მაგრამ ბატონო ირაკლი, გულახდილად რომ გითხრათ, ხალხთან ურთიერთობის შანსი ხელიდან გაუშვით, ანუ 25 მაისს «კრება» რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა თუ არა, ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა, რომ ხელისუფლება, არასანქცირებულობის საბაბით, მიტინგს დაარბევდა. რატომ არ მიხვედით მომიტინგეებთან და არ აუხსენით, რომ აქციის ორგანიზატორები და ხელისუფლებაც მიზანმიმართულ პროვოკაციაზე მიდიოდნენ?
_ ჯერ ერთი, ყველა ინტერვიუსა თუ საჯარო გამოსვლაში ამაზე ვლაპარაკობდი და ხაზს ვუსვამდი, ეს გზა პოლიტიკურ შედეგს კი არ მოიტანს, პირიქით, პოლარიზებას მოახდენს-მეთქი. საჯარო გამოსვლების გარდა, ამ მიტინგების ცალკეულ ორგანიზატორებთანაც გვქონდა შეხვედრები და ვუხსნიდით, რომ ეს, პრაქტიკულად, პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იყო და მათაც ესმოდათ, რომ ამ გზით პოლიტიკურ შედეგს ვერ მიაღწევდნენ. ამიტომ, მიჩნდება შეკთხვა: ორგანიზატორები ამ გზით რატომ წავიდნენ _ ეს თავგანწირვის სურვილი იყო თუ გარკვეული ვალდებულებები, რომლისგანაც ისინი ვერ გამოვიდნენ?

აქცენტს რა «ვალდებულებებზე» აკეთებთ?
_ ვალდებულებები ერთმანეთთან, ან ნებისმიერ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, კავშირებთან. ამიტომაც, აუცილებელია 26 მაისის მოვლენების სრულყოფილი გამოძიება და საამისოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომისიის შექმნა მოვითხოვე, რომელიც პარლამენტთან იარსებებდა, მაგრამ ამ კომისიის შექმნა «ნაცმოძრაობას» არ აწყობს.

ისე, ბატონო ირაკლი, «ნაციონალურ» პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას რა აზრი აქვს?
_ კომისიაში დამოუკიდებელი ექსპერტებიც შევიდოდნენ, რომლებიც მომხდარს სამართლებრივ შეფასებებს მისცემდნენ. სხვათა შორის, ასეთი კომისია საბჭოთა კავშირის დროსაც შეიქმნა, რომელსაც 9 აპრილის მოვლენების გამოძიება დაევალა და რომელსაც «სობჩაკის კომისიას» ეძახდნენ...

სიტყვამ მოიტანა და, 26 მაისის მოვლენებს 1989 წლის 9 აპრილს რატომ ადარებენ? სხვათა შორის, ეს პარალელი მიტინგის დაშლა-დარბევიდან რამდენიმე წუთში «მაესტროს» ეთერში პირველად ნინო ბურჯანაძემ გაავლო...
_ 9 აპრილს, ალბათ, იმიტომ ადარებენ, რომ იგივე ადგილი იყო, თან მაშინდელივით, ე.წ. რეპრესიულ ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა, თორემ სხვა ანალოგიები, ბუნებრივია, არ არსებობს.

ვანო, თქვენს წეღანდელ შეკითხვას რომ დავუბრუნდე, პოლიტიკოსების მიერ ჩემი ნაბიჯების შეფასებებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ, რადგან ეს პოლიტიკოსები ყველა იმ უბედურებასა თუ შეცდომაზე, რაც ჩაიდინეს, პასუხს სხვაგან ეძებენ. ჩემთვის საზოგადოების მობილიზება და სწორი მიმართულებით წაყვანა უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ, თავისუფალი არჩევნებისთვის ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბება სწორი პასუხი იქნება. რადგან სააკაშვილი უსამართლო და ამორალურია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტული შედეგის მიღწევა არ შეგვიძლია. სხვათა შორის, ძალიან მზარდია იმ ადამიანთა რიცხვი, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიასა და სტრუქტურებში, რომლებიც თვლიან, რომ სააკაშვილი მხოლოდ ქვეყნისთვის კი არა, მათივე პარტიისთვისაა პრობლემა. იმედი მაქვს, რომ «ნაცმოძრაობაში» გამოჩნდებიან ახალი პოლიტიკური ლიდერები, რომლებთანაც სხვა პოლიტიკურ ძალებს შეთანხმების მიღწევა გაუადვილდებათ.

და ეს «სხვა პოლიტიკური ლიდერები» ვინ იქნებიან?
_ იცით, რა? ჩემგან ვინმეს დასახელება სიკვდილის კოცნასავით იქნება. ამიტომ, ამ პოლიტიკურმა ძალამ ახალი ლიდერები თვითონ უნდა წამოსწიოს.

ბატონო ირაკლი, რა ამის პასუხია და, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები თავს გესხმიან, მათ მიმართ რადიკალური მაინც არ ხართ. ეს თქვენი ტაქტიკა-სტრატეგიაა?  
_ ვანო, არ დაგიმალავთ და, ხანდახან მიკვირს, რომ ჩემზე და ჩემს დისკრედიტაციაზე ამდენს ფიქრობენ.

რატომ გიკვირთ? თქვენ ხომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ხართ, მით უმეტეს, 26 მაისის შემდეგ...
_ ოპოზიციურ პარტიებთან გასაყოფი არაფერი მაქვს. ჩემი მთავარი მოწინააღმდეგე სააკაშვილია და მისი დამარცხება სწორედ საარჩევნო პროცესში მინდა. ამიტომ, იმ კინკლაობას, რომელშიც სხვადასხვა ოპოზიციური ძალაა ჩართული, დროს და ენერგიას ვერ დავუთმობ. ამას სიკეთე არც მათთვის მოაქვს და ხალხში მხოლოდ ნეგატიურ ემოციას იწვევს. ადამიანებს, ვინც პოლიტიკაში არიან, პოლიტიკურ კულტურასა და გემოვნებას ვერ შევუცვლი. ეს მათი სახეა და მათ ადგილი არჩევნებში ამომრჩეველმა უნდა მიუჩინოს.

თქვენი მაგინებელი პოლიტიკოსები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ...
_ მაშინ, მათ პოლიტიკაში ყოფნას რა აზრი აქვს?.. გული მყწდება, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ვინც «სახალხო კრების» ამ პროცესს მხარს უჭერდა, იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ამიტომ მხოლოდ წინ უნდა გავიხედოთ!

ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, 26 მაისის მოვლენებს ფანტასტიკური პოლიტკური შედეგი ჰქონდაო...
_ ხომ არ იცით, ამაში რას გულისხმობდა?

ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია: ოპოზიციურ ფლანგზე გარკვეული «გაცხრილვა» მოხდა და თქვენ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, მინიმუმ, ორი კონკურენტი _ ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოიცილეთ...
_ არც ერთი ლიდერის წარუმატებლობა ჩემს წარმატებად არ მიმაჩნია!

შეიძლება, მაგრამ ეს ხომ პოლიტკაა და რომანტიზმი რა შუაშია?
_ ვანო, იმას ვამბობ, რასაც ვგრძნობ, თან სიმართლე გითხრათ, ჩამოთვლილი ადამიანებიდან ჩემს პოლიტიკურ კონკურენტად არც ერთს ვთვლიდი. ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგე და მეტოქე სააკაშვილი და «ნაცმოძრაობაა»! რაც შეეხება ამ ძალებს, ძალიან ცოტა მხარდამჭერი ეყოლებათ და ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო...

ბატონო ირაკლი, ამბობთ, რომ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად საზოგადოებრივი აზრის მომზადება უნდა მოხდეს. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ თქვენს იდეებს ხალხამდე როგორ მიიტანთ, როცა ელექტრონული მედიის უმეტესობას «ნაციონალები» აკონტროლებენ?
_ ძალიან კარგი შეკითხვაა... «საზოგადოებრივ მაუწყებელზე» სერიოზული რეფორმა მიდის, რომელიც, იმედია, წარმატებით დასრულდება. არ მაქვს იმედი, რომ «რუსთავი 2»-სა და «იმედზე» სასურველი ცვლილებები მოხდება, რადგან ორივე ტელევიზია სააკაშვილის ადმინისტრაციის რუპორია...

ხსენებული არხები, როგორც იტყვიან, კერძო ბიზნესია და, პრინციპში, ალბათ, აქვთ უფლება, პოლიტიკური სიმპათიები არ დამალონ...
_ კი, მაგრამ ერთ შესწორებას გავაკეთებ _ ეს ტელევიზიები რეალურად დამოუკიდებლები არ არიან და სააკაშვილისგან ფინანსდებიან. ამიტომაც, არ უნდოდათ მედია-გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, მაგრამ ეს კანონი მედია-ექსპერტების მიერაა ინიცირებული და მისი მიღებაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მთავარი კი, მაინც მოქალაქეებთან პირდაპირი შეხებაა. ამ ზაფხულის განმავლობაში არ გავუშვებ ერთ შანსსაც კი, რომ მოქალაქეებს პირადად შევხვდე და ავუხსნა, თუ რას ვთავაზობთ. ასევე, ინტენსიურად გამოვიყენებთ მედიის არატრადიციულ საშუალებებს, ანუ სოციალურ ქსელებს, რეგიონულ ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიას.

ხშირად ამბობთ, თუ საჭირო იქნება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებსაც დავიწყებთო, მაგრამ 26 მაისის მერე, თუნდაც კონკრეტული მოთხოვნით, ხალხს ქუჩაში გამოსვლა არ შეეშინდება?
_ ჩვენ გვინდა, რომ ქართული საზოგადოება კანონმორჩილი იყოს, მაგრამ 28 მაისს ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ერთმანეთს სოლიდარობა ყოველგვარი პოლიტიკური მოწოდების გარეშე გამოუცხადა. ამ დღემ გამოაჩინა, რომ ჩვენ კი გვინდა, კანონმორჩილები ვიყოთ, მაგრამ არ ვიქნებით სააკაშვილის მოშიში ხალხიო, ანუ საზოგადოებაში უსამართლობის განცდა ძალიან დიდია, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ქუჩაში გამოსვლა იქნება მშვიდობიანი, სოლიდარული და არა _ ვიღაცის გადადგომისკენ მიმართული.

თუკი ხალხს სააკაშვილის ეშინია, 26 მაისის ღამეს, როცა სპეცრაზმი დაინახა, შინ რატომ არ წავიდა?
_ აქ, ალბათ, ადამიანური ფაქტორია _ როცა რაღაცის ნაწილი ხდები, იქიდან წასვლა, რა საფრთხეც უნდა გელოდეს, თავმოყვარეობის საკითხია და ამიტომაც იყო იმ პოლიტიკოსების გადაწყვეტილება მძიმე, ვინც მიტინგს ორგანიზება გაუკეთეს და ხალხი რუსთაველისკენ სპეციალურად წაიყვანეს!

ბატონო ირაკლი, ასეა თუ ისე, გაქვთ შანსი, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ასე დასვათ საკითხი, სააკაშვილი ტირანია, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი რუსეთთან მეგობრობაშია მხილებული და მხოლოდ «რვიანიღა» რჩებაო...
_ ვანო, იცით, რა არის? უცხოელი პარტნიორები ასეთ დასკვნას თავად აკეთებენ და ამიტომაც აქვთ უპირობო მხარდაჭერა გამოცხადებული საარჩევნო რეფორმის მიმართ. თუნდაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის სააკაშვილთან შეხვედრა იმით იყო განპირობებული, რომ მისთვის კიდევ ერთხელ აეხსნა, დღეს მთავარი დემოკრატიული არჩევნების ახალ გარემოში ჩატარებააო.

თუ იცით, ბაიდენმა სააკაშვილს ისეთი რა უთხრა, რაც .. ნაციონალურ არხებს არ გაუპიარებიათ?
_ ინფორმირებული არ ვარ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ საუბარი არჩევნების ახალ გარემოში ჩატარებაზე იყო.

ესე იგი, ბაიდენმა სააკაშვილს თითი დაუქნია, უნდა წახვიდეო?
_ შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან ეს ჩემი, როგორც ყოფილი დიპლომატის მხრიდან, არასამართლიანი იქნება.

ბოლოს და ბოლოს, როდის დაადგება საშველი ამ «აქილევსის ქუსლად» ქცეულ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოს?
_ აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვაა. 26 მაისის მოვლენებმა ახალი ვითარება შექმნა, თუმცა პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტულად გამოჩნდება, თუ რისი შეთანხმება შეგვიძლია.

თქვენი მოლოდინი როგორია, რისი შეთანხმება მოხდება?
_ ჩვენ შეთავაზება არ შეგვიცვლია, ანუ ვაჭრობას არ ვაპრებთ და ველოდებით, ამ შეთავაზებიდან «ნაცმოძრაობა» რას მიიღებს და რას _ არა.

მედალს ორი მხარე აქვს, ანუ გასაგებია, რომ 26 მაისს ტრაგედია მოხდა, მაგრამ «რვიანი» ამ ტრაგედიას საიმისოდ თუ გამოიყენებს, რომ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულოს?
_ 26 მაისის ტრაგედიის მიუხედავად, საზოგადოებაში სწორი გზისთვის ნდობის გამოცხადების მოთხოვნა გაჩნდა და თუ ამას კონკრეტული ნაბიჯი არ შევაგებეთ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ! ამ ახალმა გარემოებამ «ნაცმოძრაობა» სწრაფი გადაწყვეტილების წინაშე დააყენა. ისე, ანარქისტები თუ რადიკალები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ საზოგადოებამ მხარი ჯანსაღ პროცესებს უნდა დაუჭიროს! 26-მა მაისმა დაგვანახა, რომ საამსოდ საზოგადოება მზადაა!

ისე, როგორ ფიქრობთ, «რადიკალიზმის 5 დღე» ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს რეალურად უქმნიდა?
_ მასშტაბების გათვალისწინებით, არ მგონია, საფრთხე შეექმნა, თუმცა ჩანაფიქრში პროვოცირება აშკარად იყო. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ზოგ პოლიტიკურ ძალას _ აქციის მონაწილეებსა თუ მათ, ვინც საქართველოს ჩეჩნური ტერორიზმის მფარველობაში ადანაშაულებენ, ხელისუფლების შეცვლის სურვილმა ის შეგრძნება დააკარგინა, თუ სად მთავრდება სააკაშვილის კრიტიკა და სად იწყება სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამას პოლიტიკაში ვერასოდეს ავიტან და ასეთ ადამიანებს პოლიტიკოსებს ვერ დავარქმევ! როცა ისეთ ნაბიჯებს დგამ, რომელიც სახელმწიფოებრიობას დაასუსტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე წამსვლელი ხარ!

მსოფლიომ 26 მაისის დარბევა, ასე თუ ისე, რატომ გაამართლა?
_ განვითარებული დემოკრატიისა და კანონმორჩილი საზოგადოებისთვის წარმოუდგენელია, რომ დამოუკიდებლობის დღეს აღლუმი _ სახელმწიფო მოვლენა რამდენიმე ასი, ან ათასი პროტესტანტის გამო ჩაიშალოს. დემონსტრანტებისგან ქუჩებს ევროპაშიც წმენდენ, მაგრამ ის, რაც 26 მაისს მოხდა, ქუჩის გაწმენდა კი არა, სადამსჯელო ოპერაცია იყო და ამან მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა აღაშფოთა და დარწმუნებული ვარ, ამაზე სააკაშვილთან საუბარი ბაიდენსაც ექნებოდა.

2007 წლის 7 ნოემბრის მერე, კეთდებოდა განცხადებები, სააკაშვლი დამთავრდაო, მაგრამ სააკაშვილი დღემდე პრეზიდენტია. ახლაც ამბობენ, 26-მა მაისმა სააკაშვლი დაამთავრაო...
_ გააჩნია, «დამთავრებას» რას ეძახიან... სააკაშვილი ხელისუფლებაში მანამ იქნება, სანამ საპრეზიდენტო ვადა აქვს, ამ ვადის დამთავრების შემდეგ კი, ხელისუფლებაში არანაირი ფორმით აღარ იქნება!

ბატონო ირაკლი, კონსტრუქციული ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი აცხადებდა, თუ ხელისუფლება ხალხს დაარბევს, ხალხის გვერდით დავდგებიო. როცა პირდაპირ ეთერში დაინახეთ, რომ სპეცრაზმმა ხალხის დაშლა დაიწყო, რუსთაველზე გასვლის სურვილი არ გაგიჩნდათ?
_ მივედით საავადმყოფოებში და ხალხს იქ ვეხმარებოდით. ისე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციები დამიგეგმავს და განმიხორციელებია კიდეც და მახსოვს, სპეცდანიშნულების რაზმს ამოცანას ფრთხილად ვუხსნიდით, რომ სპეცოპერაციაში უდანაშაულო ხალხი არ მოყოლილიყო. 26 მაისს ბრძანება იყო გაცემული, რომ გაეშვათ ჟურნალისტები, ქალები და ბავშვები, მამაკაცები კი სამაგალითოდ დაესაჯათ. სწორედ ამიტომ, დღეს თუ არა, მომავალში 26 მაისის მოვლენების გამოძიებას ბოლომდე მივიყვან და დამნაშავეს დავსჯი!

ბატონო ირაკლი, პრეზიდენტი რომ გახდებით და თქვენს წინააღმდეგ აქცია გაიმართოს, დაშლით?
_ ჩემთვის პრეზიდენტობით იმის მიღწევა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ საზოგადოება ჩემთან ასე რადიკალურად დაპირისპირებული არ იყოს!