თამბაქოს ბიზნესს შესაძლოა, პრობლემები შეექმნას საქართველოში. თუ აქამდე წინა მოწვევის პარლამენტარები თამბაქოს ინდუსტრიისგან ზეწოლასა და დაინტერესებას ვერ უძლებდნენ, ამჯერად მოსალოდნელია, ამ ზეწოლას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვეს. ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან წამოსული მკვეთრი მესიჯებია.
კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, თუ თამბაქოს გაყიდვა შემცირდება, მას გაუხარდება, რადგან ეს ჯანდაცვის ხარჯებს შეამცირებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით კი, ამ მოწვევის პარლამენტის წევრი შეიძლება ნამდვილად ამაყი იყოს, რადგან ეს პარლამენტი თამბაქოს წინააღმდეგ კანონის მიღებით უფრთხილდება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს.
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც ამავე ტონალობას იზიარებს. ის ამბობს, რაც უფრო ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება.
დეპუტატი გუგული მაღრაძე კი აცხადებს, რომ მწეველთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო ევროპაში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა, რაც საგანგაშოა.
დეპუტატებმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს, რომელიც ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული. კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებებზე. პარალელურად, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება და რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე, ე.წ. დრაივი.
მიუხედავად ახალი რეგულაციებისა, მწეველთა რაოდენობა, სავარაუდოდ, მხოლოდ 1-2%-ით შემცირდება, რაც ტრილიონობით შემოსავლიანი ინდუსტრიისთვის არაფერია. თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული ჯარიმები შთამბეჭდავია.
კერძოდ, თამბაქოს მოხმარების დაფიქსირებისას თავდაპირველად იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში - 2000 ლარით, ხოლო სისტემატური მოხმარებისას - 5 ათასი ლარით. უფრო კონკრეტულად, თამბაქოს მოხმარება შენობებში 2018 წლის მაისიდან აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება.
მოსალოდნელია თუ არა თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ჩვენი პარლამენტარების ზეწოლის ან მოსყიდვის ფაქტები?
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე კონკრეტულ პირებზე ზეწოლის მცდელობას არ გამორიცხავს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ, მართალია, აღნიშნული კანონპროექტი 85 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენითვე მიიღეს, თუმცა ახლა მთავარი იქნება მეორე მოსმენა, როდესაც საკითხის მუხლობრივი განხილვა დაიწყება. აქ კი მოსალოდნელია სერიოზული ზეწოლა თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან. ამის მიუხედავად, გიორგი ბახტურიძე იმედოვნებს, რომ, რადგან პარლამენტარებსა და მთავრობის გარკვეულ ნაწილში საამისო პოლიტიკური ნება არსებობს, თამბაქოს ინდუსტრია ვერ მოახერხებს წარმატების მიღწევას. არც ის არის გამორიცხული, კიდევ უფრო გაძლიერდეს კანონი და სადა შეფუთვაზეც იყოს საუბარი, ანუ თამბაქოს პროდუქციაზე ერთი დონის შეფუთვა განხორციელდება და არანაირი ფერები არ იქნება დატანებული.
„თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ჩვენს დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობა ახლაც შეინიშნებოდა. ეს მცდელობა უფრო მეორე მოსმენის დროს დაფიქსირდება. ახლაც არის რამდენიმე ადამიანი პარლამენტსა და მთავრობაში, რომლებიც თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებს ლობირებენ. ამ ეტაპზე მათი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. თუმცა უახლოეს პერიოდში, ალბათ, ცალკეული პირების შესახებ გავაკეთებთ საჯარო განცხადებას, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემები. მით უმეტეს, რომ მეორე მოსმენა, ალბთ, მაისის დასაწყისში გაიმართება. მთავარია, რომ ჩვენ საზოგადოებრივ ინტერესებზე ვსაუბრობთ, ადამიანებს აქვთ შენობაში სუფთა ჰაერით სუნთქვის უფლება, რასაც თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან“, - აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ და შეკითხვის საპასუხოდ, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები რატომ აპელირებენ ბიუჯეტში თანხების შეტანით, განაცხადა, რომ მათი მხრიდან მოყენებული პირდაპირი ზარალი სამჯერ მეტია.
რაც შეეხება არაპირდაპირ ზარალს, ეს უკვე ათჯერ მეტია, რადგან ადამიანებს ჯანმრთელი ცხოვრებისთვის 15-20 წელს აკლებენ. არადა, ეს წლები მათ შეეძლოთ ოჯახისა და ქვეყნისთვის დოვლათის შესაქმნელად გამოეყენებინათ. შესაბამისად, ეკონომიკური დანაკარგი ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე თამბაქოს ინდუსტრიას შეაქვს თანხები ბიუჯეტში.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე თამბაქოს მოწევის გამო 15 წლით ადრე დაკარგა 260 ათასი მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენ დავკარგეთ 26 მილიარდი ლარი სიგარეტით გამოწვეული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შესყიდვაზე. ამიტომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი მძიმე პრობლემის გადაწყვეტა ხდება კანონებით. შესაბამისად, საქართველოშიც თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვა უნდა მოხდეს, თორემ ნაწილობრივი აკრძალვით სასიკეთო შედეგს ვერ ვაღწევთ. დღევანდელი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა იყოს მოსაწევი ოთახები, რაც არ ხორციელდება.
გარდა ამისა, პრობლემურია სარეკლამო ხვრელები. ერთი-ორი ხვრელიც საკმარისია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მოიწამლოს ამ სენით. ამიტომ ადმინისტრირება უნდა გახდეს რეალური, მკაცრი და მისი აღსულებისთვის ჩვენს მოქალაქეებს, ორგანიზაციებსა და აღმასრულებელ სტრუქტურებს სათანადო მოტივაცია გააჩნდეთ.
„ახალი რეგულაციების შემდეგ მწეველთა რაოდენობის 1-2%-იან კლებაზეა საუბარი. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად მწეველთა რაოდენობა თითო პროცენტით შემცირდება, რაც 10 წელიწადში 10%-იან შემცირებას ნიშნავს. სამწუხაროდ, წინა მოწვევის ყველა პარლამენტში თამბაქოს ინდუსტრიას შეეძლო მოესყიდა დეპუტატები, რაც კენჭისყრის შედეგებზეც აისახებოდა. ახლაც დავაკვირდეთ, თუკი თამბაქოს მოწევის აკრძალვას მოწინააღმდეგე არავინ ეყოლება, მაშასადამე, თამბაქოს ინდუსტრიამ ვერ ნახა დასაყრდენი დღევანდელ პარლამენტში ვერც დეპუტატების მოსყიდვით და ვერც სხვა სახის ზემოქმედებით. თუმცა ყველაზე მთავარი წინ გველის, ეს არის მეორე მოსმენის წინა განხილვები, როდესაც თითოეული მუხლი საბოლოო სახით უნდა ჩამოყალიბდეს.
რაც შეეხება აკაკი ზოიძის ნათქვამს, რომ, „რაც უფრო ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება“, ეს უფრო ალეგორიული ნათქვამია. ეს არის ბატონი აკაკის მესიჯი პოლიტიკოსებისთვის, ნუ დააბოლებენ საზოგადოებას იმით, თითქოს ამ აკრძალვებით ვავნებთ თამბაქოს ინდუსტრიას და ჩვენს ეკონომიკას. სინამდვილეში, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესისთვის მხოლოდ მოგებაა. თამბაქოს ბიზნესი არის მკვლელი ბიზნესი, რომელსაც, სამწუხაროდ, გაკოტრება არ ემუქრება, რადგან არათუ ლეგალური ნარკოტიკების, არამედ არალეგალური ნარკოტოკების ბიზნესიც არ კოტრდება“.