ცოტა ხნის წინ, როდესაც ერთ-ერთ გაზეთში ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკეს, პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა ჩვენთან ინტერვიუში ბიზნესმენი მედგრად დაიცვა და მას აპოლიტიკური, უანგარო ქველმოქმედი უწოდა. მაგრამ დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდის. როგორ აფასებს მის ნაბიჯს პოეტი, ინტერვიუდან შეიტყობთ:
- ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მოდის, ის მოდის, რომ დანგრეული საქართველო ააშენოს. ზოგიერთი ამბობს, ეგ პოლიტიკოსი არ არის, რა უნდა პოლიტიკაშიო, როდესაც კაცი ამხელა ბიზნესს განაგებს, თუ პოლიტიკოსი და კარგი დიპლომატი არ არის, არაფერი გამოუვა.
სწორედ არადიპლომატიურობა დაინახა ზოგმა მის მიმართვაში, როდესაც პოლიტიკურ პარტიებსა და მედიაზე ლაპარაკობდა.
- რა ქნას იმ კაცმა, არ უნდა იმ პარტიებთან თანამშრომლობა. ივანიშვილი იმიტომ მოდის, რომ საქართველოს თავისუფლება მისცეს, დემოკრატიას კი - გზა, რომ საქართველოში შიმშილით არ კვდებოდეს პენსიონერი და ლუკმა ჰქონდეს, რომ მართალ კაცს ჯიბეში ნარკოტიკი არ ჩაუდონ. რა უნდათ ამ კაცისაგან, ვის რა დაუშავა? ეს კაცი ქვეყანას ააყვავებს, თუ საქართველოს უნდა. თუ არა და, ქვეყანა დაიშლება და დავიღუპებით.
ბიძინა ივანიშვილს მისი ქველმოქმედებით ვიცნობ, თორემ სულ 2-3-ჯერ თუ შევხვედრივარ. წლების წინ ანზორ ერქომაიშვილის საღამოზე ერთი კაცი მოვიდა, ბატონო ჯანსუღ, როგორ ხართო და გადამკოცნა. მაპატიეთ, ვერ გიცანით, თქვენი ჭირიმე-მეთქი. თქვენ რატომ უნდა მიცნობდეთ, ეს მე უნდა გიცნობდეთ, ბიძინა ივანიშვილი ვარო. ასეთი თავმდაბალი კაცი არასოდეს მინახავს. ასეთებზე ამბობენ, ლუკმის გამყოფი კაციაო. ლუკმა კი არ გაუყო, ააშენა ბიძინამ ქვეყანა. მიხედეთ სამების ტაძარს. გიამბობთ, როგორ აიღო საკუთარ თავზე მისი აშენება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ედუარდ შევარდნაძეს ესტუმრა და უთხრა, იქნებ მიპოვოთ ისეთი ადამიანები, ვისაც უცხოეთში ბიზნესი აქვთ, შეერთდნენ და სამების ტაძარი აგვიშენონო. თავის დროზე ივანიშვილს აქ "მხედრიონელები" და ვიღაცები დასდევდნენ და შევარდნაძემ მის ოჯახს ოფიციალური დაცვა დაუყენა. შევარდნაძემ ივანიშვილს დაურეკა და უთხრა, ნახე ქართველები უცხოეთში და სამების ტაძარი ავაშენოთო. მოვიფიქრებ და დილით დაგირეკავთო, - უთხრა ივანიშვილმა. მეორე დილით დარეკა და უთხრა, ბატონო ედუარდ, არავის არ ვიპოვი, დღესვე გადმოგირიცხავთ 25 მილიონს და შემდეგ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნებაო. 25 მილიონი, თუ არ ვცდები, 80-ზე ავიდა. ააშენა სამება და ყველას ეხვეწებოდა, ჩემს სახელს ნუ ახსენებთო.
თუ სადმე თეატრია, მაგან მოუარა, თუ სადმე მსახიობი და მეცნიერია, ყველას ეხმარება და როგორ არ უნდა მივემხრო?
ან ჟურნალისტებზე ცუდი რა თქვა? ტელევიზია "მაესტრო" ყოველდღე არ აცხადებს, "მაესტროს" ბლოკავენო? ეს კაცი ამბობს, შენ რომ გბლოკავენ, არ შეიძლება ამაში პრეზიდენტი არ იყოს ჩარეულიო. ამიტომ თქვა, "კავკასიასა" და "მაესტროს" სააკაშვილი განაგებსო. თუ არ განაგებს, აბა, რატომ გადიან ეს ტელევიზიები მარტო თბილისში? ის კაცი ყველაფერს აკეთებს თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. ივანიშვილი კი მოდის იმისათვის, რომ მართალი სიტყვა არ დაიკარგოს, შეიძლება რუსეთშიც ჰქონდეს რაღაც, მაგრამ 9 წელია კაცი რუსეთში არ ყოფილა და მაინც რუსეთთან აკავშირებენ. რუსეთთან ცუდად რომ ვართ, იმიტომ არის ჩვენი საქმე "კარგად". ასე არ შეიძლება. მეზობელთან ურთიერთობა უნდა გქონდეს და კარგად იყო. ივანიშვილი იმისთვის არის მოსული, რომ ყველასთან შეგვარიგოს, მაგრამ ვის რა სწყინს, ვერ გავიგე. არავის ვადარებ, მაგრამ ასეთი ქველმოქმედი და ჭკვიანი კაცი როგორ უნდა შეიძულო? ეს კაცი თვითონაც ჩუმად იყო და სხვასაც ეუბნებოდა, ჩემზე არაფერი თქვათო, მაგრამ როგორც კი ხმა ამოიღო, ააა, ხმა ამოიღეო და ეცნენ ყელში. თუ ვინმემ წესიერი სიტყვა თქვა, ეს ირაკლი ალასანია იყო და ძალიან გამიხარდა, რადგან ნაღდი პოლიტიკოსი და ქართველია. ვიღაცამ ხმა ხომ უნდა ამოიღოს. თუ კაცმა რამე სიკეთე გააკეთა, იმ წუთში დააბრალებენ, - რუსის აგენტიაო. ეგღა აკლია ივანიშვილს, რუსეთის აგენტი იყოს. ეგ საქართველოს კაცია. მაგრამ რას ჰგავს, ქართველ კაცს საქართველოს მოქალაქეობას რომ აძლევ და მერე ართმევ, ვაი, ხელისუფლებაში არ მოვიდესო. ვისაც ეგ კაცი პატივს სცემს, თუ ის ხალხი გვერდით დაუდგება, გაუმარჯოს ასეთ ქართველებს.
ერი ყოველთვის ეძებს გამოკვეთილ პიროვნებას და გამოიკვეთა ეს კაცი, რომელიც ამბობს, აგაშენებთ და წავალ მერეო. ამ კაცს პრეზიდენტობა კი არა, ქვეყნის გადარჩენა უნდა. აბა, ისეთი საქართველო Dგვინდა, დღეს რომ გვაქვს? ვისაც ასეთი საქართველო უნდა, ალალი იყოს, მაგრამ მე არ მინდა. თუ საქართველო ამ კაცის ფასს ვერ გაიგებს, ჩვენი საშველი არ ყოფილა. მე სიტყვით მებრძოლი კაცი ვარ და ვამბობ, მინდა ხელისუფლებაში მოვიდეს კაცი, ვინც საქართველოს გადაარჩენს.
ხელისუფლებისგან არაფერი მიკვირს. ამათ საკუთარი გამზრდელი და მეგობარი კაცი, ჟვანია მოკლეს და რა გასაკვირია, ბიძინა ივანიშვილის მოკვლაც უნდოდეთ, მაგრამ ვერ მიაღწევენ ამას. ამათ ყველა ნამდვილი, კეთილშობილი ქართველის მოკვლა უნდათ, მაგრამ ვერ მოგართვეს!
ედუარდ შევარდნაძემ დაცვის გაძლიერება ურჩია ივანიშვილს.
- ხედავ? ედუარდი ჭკვიანი კაცია, იცის, ვის რა ურჩიოს.