ვიდრე შტატები ტრამპის კაბინეტის ყოფილი და მოქმედი პირების რუსულ კავშირებზე ხმაურობდნენ, ვიდრე ბრიტანეთი ევროპის დამშვიდობებით ტკბება, ვიდრე ევროპა მემარჯვენე ლეპენისტების წიოკს უმკლავდება, ვიდრე საქართველო 100-წლოვანი ხეების გადარგვით ერთობა, რუსეთი მსოფლიო დომინაციისთვის ჩუმი ომის ავანგარდშია
ვლადიმერ პუტინი შანსს არ უშვებს, სირიაში პოზიციები გააძლიეროს, ოღონდაც ლიდერობა მოიპოვოს შუა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ერთი შეხედვით, ეს შეუძლებელია, მაგრამ - არა, თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ტაქტიკა არსებობს. ამ დროისთვის რაც რუსეთს კარგად გამოსდის, ესაა შტატებისთვის თავისუფლად მანევრირების ეტაპობრივად შეზღუდვა.
მოსკოვის ტაქტიკა სამ მიმართულებას გულისხმობს.
პირველია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება შტატების მოკავშირეებთან - ეგვიპტესა და ერაყელ ქურთებთან. რუსეთმა ეგვიპტესთან მიაღწია შეთანხმებას სუეცის არხის მიმდებარედ რუსული ინდუსტრიული ზონის მშენებლობის თაობაზე, რომლის მეშვეობითაც სინაი ტურისტულ ეპიცენტრად უნდა იქცეს. ქურთისტანის ადგილობრივ მთავრობასთან კი მოსკოვმა 28 თებერვალს გააფორმა შეთანხმება და ამით, გარკვეულწილად, ნავთობის ბაზარზე გაინაღდა პოზიციები.
მეორე. რუსეთმა მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწია ადგილობრივ ძალოვანებთან, რომლებსაც აიძულებს, აშშ-ს მოკავშირეებთან საქმე არ დაიჭირონ. მაგალითად სირიელი ქურთების ინტერესების დამცველ ინსტიტუციებთან. ჯერ ერთი, ასადის რეჟიმს დაეხმარა კონტროლი დაემყარებინა სოფელ მანბიჯსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. 20 მარტს კი სირიელი ქურთებისთვის წვრთნის პროგრამა დაიწყო, რაც მიმართულია ქურთისტანის მუშათა პარტიისა და სირიელი ქურთების, როგორც ძალის მომძლავრებისკენ.
მესამე. მოსკოვმა ხელი შეუწყო რუსული ინვესტიციების ზრდას მთელ რეგიონში. იქნება ეს ეგვიპტეში დეველოპერულ ბიზნესში განხორციელებული ასტრონომიული მასშტაბის ინვესტიციები, სავაჭრო ხელშეკრულებები თუ ნავთობგარიგებები. ამით რუსეთი ერთი მხრივ აძლიერებს ეკონომიკურ დომინაციას და მეორე მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნელი მოქმედების ნაღმსაც დებს. როგორც წესი, რუსეთი აგრესიულად შედის ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ჩათვლის, რომ მისი მოქალაქეებისა და საკუთრების უფლებები ,,ირღვევა''.
როცა დასავლეთი ,,რაღაცით'' ერთობოდა, რუსეთი გასული 30 დღის განმავლობაში შემდეგს აკეთებდა:
27 თებერვალი: რუსეთის თავდაცვის უწყებამ და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ერთობლივად დაგმეს შტატების თავდაცვითი ფარის მშენებლობა.
28 თებერვალი: რუსულმა ,,როსნეფტმა'' და რამდენიმე წვრილმა კომპანიამ ხელშეკრულებები გააფორმეს ქურთების ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
1 მარტი: რუსეთის ვიცე-პრემიერი როგოზინი და სხვა ჩინოვნიკები კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდნენ, ეგვიპტეში რუსული ინდუსტრიული ზონის მშენებლობის თაობაზე.
2 მარტი: რუსეთის მხარდაჭერით, ბაშარ ასადის არმიამ და ლიბანის ,,ჰესბოლამ'' ,,ისლამური სახელმწიფოს'' ტყვეობიდან გაათავისუფლეს სირიის ქალაქი პალმირა (მეორედ).
2-3 მარტი: რუსეთის შუამდგომლობით გაფორმდა შეთანხმება ბაშარ ასადის რეჟიმსა და ქურთების მიერ მართულ ,,სირიის დემოკრატიულ ძალებს'' (SDF) შორის. ამით ასადის კონტროლის ქვეშ გადავიდა SDF-ს მიერ კონტროლირებადი 6 ზონა სირიის ჩრდილოეთით. თურქეთს შეეზღუდა მანევრებისა და ძალის გაფართოების არეალი ქალაქ მანბიჯის გარშემო.
4 მარტი: რუსეთის ელჩი ეგვიპტეში ესაუბრა პრეზიდენტ სისის რუსული ინვესტიციების შესახებ გაზისა და ნავთობის მარაგების შესწავლის პროექტებთან დაკავშირებით.
5 მარტი: რუსეთმა ეგვიპტესთან შეთანხმებით ეგვიპტის დასავლეთში, ,,სიდი ბარანის'' აერობაზაზე სპეცტექნიკა და დრონები განათავსა.
7 მარტი: რუსეთის, თურქეთის და სირიის გენშტაბების უფროსები ანტალიაში შეთანხმდნენ, რომ თურქეთი შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს ჩრდილოეთ სირიაში.
10 მარტი: პუტინი და ერდოღანი მოსკოვის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთი მოხსნის თურქეთისთვის დაწესებულ სავიზო და იმპორტის სანქციებს; ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება დაიწყო.
13 მარტი: რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი და ეგვიპტე საავიაციო უსაფრთხოების პროტოკოლის შესახებ შეთანხმდნენ და იწყება ორმხრივი პირდაპირი რეისები.
14 მარტი: რუსეთი აძლიერებს ტარტუსის პორტში ინფრასტრუქტურას, რათა გააგზავნოს თერთმეტი ახალი სამხედრო ხომალდი სირიის სანაპირო ზოლში.
14 მარტი: ლიბიის ეროვნულმა არმიამ (LNA), ეგვიპტური და რუსული ძალების მხარდაჭერით, ხელში ჩაიგდო ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობპორტი აღმოსავლეთ ლიბიაში. იმავე დღეს რუსეთმა სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვა LNA-ს.
14-15 მარტი: რუსეთი, ირანი და თურქეთი მესამედ შეხვდნენ ასტანაში სირიის სამოქალაქო ომზე სასაუბროდ.
20 მარტი: რუსეთმა დამატებითი ძალები განათავსა ალეპოს პროვინციის ჩრდილოდასავლეთში, სადაც დაიწყო სამხედრო წვრთები სირიელი ქურთების უფლებადამცველთათვის (YPG).
21 მარტი: რუსეთის სახელმწიფო კომპანია ,,როსნეფტმა'' გააფორმა კონტრაქტი ეგვიპტისთვის თხევადი გაზის მიწოდების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ,,როსნეფტი'' თავად არ აწარმოებს იმდენ გაზს, რომ ეგვიპტე სისტემატურად და მასშტაბურად მოამარაგოს. თუმცა ცნობილია, რომ ის წარმოებას ,,ექსონ მობაილთან'' ერთად გეგმავს. ,,ექსონი'' კი ის ამერიკული კომპანიაა, რომელსაც ერთ დროს რექს ტილერსონი ხელმძღვანელობდა. დღეს ტილერსონი აშშ სახელმწიფო მდივანია და ვიდრე დაინიშნებოდა, ოპონენტი პოლიტიკური ძალები და მედია, რუსეთთან საეჭვო კავშირებში ადანაშაულებდა.
ორი დღის წინ კი საერთაშორისო მედია მოიცვა სკანდალის ახალმა ეტაპმა. კერძოდ ბაქოში აშენებული ,,ტრამპ თაუერის'' შესახებ. ბაქოში ახმაურდნენ იმიტომ, რომ მასში უამრავი ფული გადაიყარა, თუმცა ობიექტი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს. ხოლო შტატებში იმაზე ყვირიან, რომ ,,ტრამპ თაუერ ბაქოს'' მშენებლობაში ირანელი ,,ინვესტორის'' ინტერესებია, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება ირანის ისლამურ რევოლუციურ ძალებს; ანუ შტატებისა და დასავლეთის მოსისხლე მტერს.
P.S. ასეთ დროს, არავის უნდა უკვირდეს, რომ რუსეთი სრულ ოკუპაციას ახდენდეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ანდა ყირიმში. მთავარია, თბილისი როგორ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს.