აგროდაზღვევა გამარტივდა, გლეხები მაინც ფეხს ითრევენ

აგროდაზღვევა გამარტივდა, გლეხები მაინც ფეხს ითრევენ

მთავრობამ წინა კვირის მიწურულს აგროდაზღვევის პროექტი დაამტკიცა. პირობები გამარტივდა დაიხვეწა, მაგრამ ფერმერების დაინტერესება მაინც ჭირს. მიზეზი უსახსრობაა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, აგროდაზღვევის პროგრამაში მიმდინარე წლიდან სახელმწიფოს თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70% იქნება, ხოლო ვაზზე - 50%. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობასა ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არა უმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში - არა უმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს, მაგალითად, 30 ან 100 ჰექტარს, შეუძლია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას სახელმწიფოსგან თანადაფინანსება მიიღოს.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს მოცდის ვადა შემცირდა და ის სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღით განისაზღვრა.

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას.

აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის ბიუჯეტიდან წელს 7 მილიონი ლარი გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 3 წელია მიმდინარეობს. წელს იგი კიდევ უფრო გამარტავდა და გარკვეულწილად გაიაფდა კიდეც.

დავითაშვილი ამბობს, რომ აგროდაზღვევა არ იქნება სავალდებულო, პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, გაიზარდა დაფარვის მასშტაბი.

„ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს უფრო მეტად საყოველთაო. დაზუსტდა ტარიფები. მოგეხსენებათ, დაზღვევა მნიშვნელოვნად უკავშირდება სტატისტიკურ ინფორმაციას. ოთხი წლის წინ, როდესაც პროგრამა დავიწყეთ, სტატისტიკური ინფორმაცია იყო ძალიან მწირი. წლიდან წლამდე სადაზღვევო კომპანიებს უგროვდებათ გამოცდილება, ხდება სადაზღვევო პირობების დახვეწა და დამუშავება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ პროექტში ჩართვა ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია.

მიუხედავად მკაფიო და ხელსაყრელი პირობებისა, მცირე მეწარმეები არ ჩქარობენ პროგრამაში ჩართვას. ამის მთავარი მიზეზი უსახსრობაა. ფერმერებს მცირედი თანამონაწილეობის გადახდის საშუალებაც კი არ აქვთ.

ფინანსური პრობლემების გამო აგროდაზღვევით სარგბელობას აღარ აპირებს წალენჯიხის რაიონში არსებული კოოპერატივი „ნაკიფუ 2014“-ის ხელმძღვანელი ივერი კვარაცხელია. მისი განცხადებით, კოოპერატივის საკუთრებაშია თხილის პლანტაციები, რომელიც შარშან დაზღვეული ჰქონდა. როგორც კვარაცხელია განმარტავს, წელს მცირე მოსავალი იქნება, რადგან პლანტაციები სიცივის გამო გაიყინა. ამიტომ კოოპერატივს არ ექნება იმდენი შემოსავალი, რომ დაზღვევაში ფული გადაიხადოს.

კოოპერატივი „რაჟდენი“ აგროდაზღვევის პროგრამაში დღემდე ჩართული არ არის. მათი ძირითადი საქმიანობა ხაშურის რაიონის სოფელ წრომში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანა, შეფუთვა, შენახვა და რეალიზაციაა. კოოპერატივის დირექტორი არჩილ ლურსმანაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ კოოპერატივად ჩამოყალიბების შემდეგ მოგება ისეთი არ აქვთ, რომ ფული დაზღვევაში გადაიხადონ.

„რაჟდენს“ 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე კარტოფილი და ხორბალი მოჰყავს, ამისთვის კი ბანკებიდან სესხი აქვს აღებული. ლურსამანაშვილის ინფორმაციით, მანამდე, სანამ ბანკებში არსებულ კრედიტებს არ გადაიხდის, დაზღვევით ვერ დაინტერესდება.

ოფიციალური სტატისტიკა კი ასეთია: 2014-16 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 47 485 პოლისი; დაზღვეული ფართობი შეადგენს 39 138 ჰა-ს; ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 22 051 912 ლარის სუბსიდირება მოახდინა; 2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 19 მლნ ლარი შეადგინა.