გამარჯობა. ყოველ ორშაბათს მოუთმენლად ველი, რომ შეგხვდეთ. სტუმრებსაც მოუთმენლად ველოდები, მაგრამ მოლოდინი მიცრუვდება და ისევ მე მიწევს მათი მოპატიჟება. ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე თბილისის მერი გიგი უგულავა მომეწვია. ცოტა ხნის წინ განაცხადა, ვიცე-მერ შოთა ხიზანიშვილის სასჯელთან დაკავშირებით მოსამართლემ ზეწოლას ვერ გაუძლოო.
პირველად გაოცებისგან პირი შორეულ ბავშვობაში დავაღე, როდესაც თენგიზ კიტოვანმა თქვა, პატრიოტი ვარო და მეორედ ახლა. ადამიანო, არათუ კონკრეტული მოსამართლე, არამედ მთელი სასამართლო სისტემა ზეწოლას 9 წელი ვერ უძლებდა და ახლა გაგიკვირდა?!
ეჰ, ჩემო გიგი, პოლიტიკური კარიერის დასაწყისში როგორი იმედისმომცემი ახალგაზრდა იყავი. ყველა პირობა გქონდა იმისათვის, რომ ხალხის გულში კარგი კვალი დაგეტოვებინა, მაგრამ შენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს (ალბათ, მიმიხვდები, ვისაც ვგულისხმობ), ისე გაანიავე ხალხის სიყვარული, როგორც თბილისის ბიუჯეტი.
ისე, ჩვენში დარჩეს და, რატომ ხარ ასე შეწუხებული თბილისის დასუფთავების სამსახურში ფინანსური პოლიციის შესვლით?! გული არ გამიხეთქო და არ მითხრა, დასუფთავების სამსახურში რაღაც სიბინძურეები მაქვს გაკეთებულიო. გიგი, ჩემთან სახლში, შესამოწმებლად გინდა ფინანსური პოლიცია შემოვიდეს და გინდაც მთელი შსს, მაინც არ შემეშინდება, რადგან ვიცი, რომ დარღვევა არა მაქვს და შენი შეშფოთება, ცოტა არ იყოს, მაშფოთებს.
ცოტა ხნის წინ ჩემმა სტუმარმა ერთი რიხიანი განცხადებაც გააკეთა, - "რამდენიმე თვეში სახელმწიფომ რეპრესიული მანქანა ჩამოაყალიბაო".
გიგი ბატონო, ახლა რაც ხდება, თუ ამ ყველაფერს "რეპრესიულ მანქანად" აფასებთ, მაშინ თქვენ”რეპრესიული მანქანის მთელი ავტოპარკი გყოლიათ, ხოლო შენ "გაერთიანებული ატეკის" გენერალური დირექტორი ყოფილხარ.
ერთი კარგი მეგობარი მყავს და მინდოდა, მისთვის მატყუარობა დამებრალებინა, მაგრამ ამ პატიოსანი კაცის ქოსატყუილად მონათვლა მაინც ვერ შევძელი. მაშინ ერთმა ჭკვიანმა კაცმა მირჩია, "ნაციონალების" წევრი გახდი და აღარაფრის მოგერიდებაო. ჰოდა, ჩემო გიგი, შენი მოსმენის მერე დავრწმუნდი, რომ ის ჭკვიანი კაცი ცამდე მართალი ყოფილა!
ბარონმა მიუნჰაუზენმა უნდა თქვას, ბედი მქონიაო, "ნაციონალებს" რომ არ მოესწრო, თორემ მაგის ამბავი რომ ვიცი, ტყუილების ფრქვევაში მეორეობას ვერ დასჯერდებოდა და გულიც გაუსკდებოდა.
გიგი ბატონო, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრს მიმართე, გირჩევთ, დამაკავოთო. ამბობენ, მაგ დროს "ნიჩურტა" ჰქონდაო და მართალია?
გაგონილი გექნება, კაცს ჰკითხეს, სამოთხეში გირჩევნია თუ ჯოჯოხეთშიო და ამ კაცმა უპასუხა, ჯოჯოხეთში, რადგან იქ უფრო კარგი პუბლიკააო. ჰოდა, ჩემო გიგი, ასე მგონია,”"ნიჩურტას" ამბავი ჭორია, ვფიქრობ, შენც იქ გირჩევნია ყოფნა, სადაც ისეთი პუბლიკაა, შენ რომ გაგიხარდება.
...ამ საუბარში ჩამოგვაღამდა და წავიდა თავის გზით ჩემი სტუმარი. იმედია, უკმაყოფილო არ იქნებოდა. მართალია, სტრიპტიზიორები ვერ დავახვედრე, მაგრამ კარგი ქართული სიტყვითა და წითელი ღვინით კი გავუმასპინძლდი.
ბედნიერ კვირას გისურვებთ. თქვენი ლახუნდარელი.
დიდი ხანია ვფიქრობ და”ქალაქის მერს ხომ არ სჯობს "ქალაქის დარეჯანი" ან "ქალაქის მარო" ეწოდოს? სხვა თუ არაფერი, ქართულად მაინც ჟღერს.