ზვიად გამსახურდია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნიდან გამოაძევა, სომხეთის პრეზიდენტმა კი, იჯევანში, რუსული სპეცსამსახურების სამიზნედ აქცია!
,,ყოველი წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში სული სიმძიმით მევსება... ტრაგიზმის, გამოუვალობის განცდით, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს შობას დაჰყვა შინაური გარეწრებისა და ბოროტების იმპერიის მეცადინეობით. 31 მარტი დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადების საფუძვლის, დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ამავე დროს, ამ დამოუკიდებლობის ძირითადი შემოქმედის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას მიაჯაჭვა მისი სიცოცხლე და ეს დღეც ორივეს დაბადების დღედ იქცა... თუმცა დამოუკიდებელ საქართველოს დიდხანს არ უცოცხლია, და არც მისი არსებობის მთავარ ინიციატორს. უკვე დაახლოებით 25 წელია საქართველო მოჯადოებულ წრეზე დადის: ცხადად დანახული და დაწერილი ისტორიის, შეცდომებისა და სწორი ნაბიჯების შეფასების გარეშე. ნათქვამია: თუ გინდა, ერს ღირსება დააკარგვინო, პატრიოტები და თავდადებულები უნიათო და წარუმატებელ კაცუნებად უნდა დაუსახო, მოღალატეები და გამყიდველები - გმირებად! ამის შემდეგ გასაკვირია, რომ ამდენი წელი გზა გვაქვს აბნეული?!...'', - ამგვარი ემოციური წერილით დააანონსა ცოტნე გამსახურდიამ 31 მარტს აქცია პარლამენტის წინ და ყველას, ვინც ,,ადეკვატურად აფასებს პროცესებს და გული შესტკივა ქვეყანაზე, სამართლიანობაზე, კანონიერებაზე, სიყალბის დასასრულებლად'', პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრების განცხადებით, გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება და მომხდარის შეფასება, წინამორბედების მსგავსად, არც დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს. არ აწყობთ არც კითხვებზე პასუხის მიღება. არადა კითხვა ზედმეტად ბევრი დაგროვდა და მათი იგნორირებაა მოჯადოებულ წრეზე სვლის მიზეზიც.
კიდევ ერთი კითხვა რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც აზერბაიჯანულ საიტზე დაიბეჭდა სტატია, სახელწოდებით ,,როგორ გამოაძევა აიაზ მუთალიბოვმა საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანიდან (ისტორიის თეთრი ლაქები). რატომ არ მისცეს სამხედრო გადატრიალების შემდეგ სამშობლოდან დევნილ პრეზიდენტს თავშესაფარი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა, რომლებსაც გამსახურდიასთან თითქოსდა საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ? ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს სტატიაში, რომელშიც საქართველოში მაშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს ,,სპუტნიკ არმენიას'' მიმომხილველი, ,,იზვესტიას'' ყოფილი სპეცკორესპონდენტი სომხეთში სერგეი ბაბლუმიანი:
,,1992 წლის 6 იანვარს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა თანამოაზრეებმა დატოვეს მთავრობის სახლის ბუნკერი, მოგვიანებით კი - ქვეყანაც. ამბოხი გამსახურდიას წინააღმდეგ ეროვნული გვარდიის ნაწილებმა წამოიწყეს თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით. როგორც ირკვევა, გამსახურდიამ გადაწყვიტა, პოლიტიკური თავშესაფარი აზერბაიჯანში მიეღო. მისმა ესკორტმა აზერბაიჯანის საზღვარი დილის 9 საათზე გადაკვეთა. 5 საათის განმავლობაში პრეზიდენტი სატელეფონო მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა მისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ, მაგრამ უარი უთხრეს. ტერიტორიიდან მისი გაძევების გადაწყვეტილება კი მაშინდელმა პრეზიდენტმა აიაზ მუთალიბოვმა მიიღო.
გამსახურდია თავისი ხალხით გაემგზავრა სომხეთისკენ, სადაც 10 იანვარს პოლიტიკური თავშესაფარი ოფიციალურად მოითხოვა და მიიღო კიდეც.
ერევანი გამსახურდიამ 15 იანვარს დატოვა და ,,ზვარტნოცის'' აეროპორტიდან გროზნოში გაფრინდა. იმავე წლის მარტში კი ხელი მოაწერა განკარგულებას ჩეჩნეთის აღიარების შესახებ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1993 წლის 24 სექტემბერს, გამსახურდიამ ზუგდიდში ჩამოაყალიბა ე.წ. დევნილი მთავრობა. 1993 წლის 6 ნოემბერს აიღეს გამსახურდიას შტაბ-ბინა ზუგდიდში, თავად კი თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, მთებში მიიმალა. 1993 წლის დეკემბრის ბოლოს, გამსახურდიასთვის უფრო რთული ხდებოდა, დამალვოდა სამთავრობო ჯარებს. 1993 წელს, 31 დეკემბერს, იგი გარდაიცვალა სოფელ ძველ ხიბულაში. სახლის მეპატრონის თქმით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - პისტოლეტიდან თავში გასროლით. თუმცა, კეფაზე ნატყვიარის აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ იგი მოკლეს. უცნობია, როგორ განვითარდებოდა მისი ბედი, ბაქოში მისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება რომ არ მიეღოთ. რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ისტორია განსჯის''.
მოსაზრებას, რომ თავშესაფრის მიცემის შემთხვევაში გამსახურდიას ბედი შეიცვლებოდა, არ ეთანხმება მისი თანამებრძოლი, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი თემურ ქორიძე:
,,გამსახურდიას მისია გაცილებით დიდი იყო, ვიდრე რაღაც პოლიტკონიუნქტურის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ზვიადი ისევე, როგორც მერაბი, იმთავითვე გაჩენილი იყო იმისათვის, რომ შესწირვოდა ამ მისიას, რაც რჩეულთა ხვედრია. გამსახურდიას ეს ჰეროიკული დასასრული მას შემდეგ უნდა დამდგარიყო, როცა იგი უმთავრეს, სასიცოცხლო მიზანს მიაღწევდა - გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ზვიადს თავის ნაწარმოებებში გაშიფრული აქვს საკუთარი ბედისწერა, გმირული აღსასრული, რომლისკენაც მიიწევდა. საქართველოს ბედისწერა კი არც მუთალიბოვისა და არც პეტროსიანის კეთილ განწყობაზე არ ყოფილა დამოკიდებული''.
ქორიძე თავშესაფარზე უარის მიზეზად იმ პერიოდში, აზერბაიჯანში არსებულ არეულობასა და ქაოსს ასახელებს და განმარტავს ,,მაშინ მუთალიბოვიც გამსახურდიას მსგავს ვითარებაში იყო, თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, ზოგადად, გამსახურდია შერისხული ჰყავდათ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, რადგან იგი დსთ-ში შესვლას არ დათანხმდა. ამის მაგალითია ისიც, რომ ანალოგიური ცივი და, შეიძლება ითქვას, საკმაოდ არაადამიანური შეხვედრა გაუმართეს სომხეთშიც. იჯევანში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აცხოვრეს. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებზე იმდროინდელმა მავნე პოლიტკორექტულობამ მოახდინა გავლენა და მათ ჩაიდინეს სამარცხვინო საქციელი, როცა დევნილ კანონიერ პრეზიდენტს, ფაქტობრივად, არც ერთ სახელმწიფოში კარი არ გაუღეს''.
კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას აზრითაც, ზვიად გამსახურდიასთვის უარის თქმის მიზეზი რუსეთი იყო. ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში პრეზიდენტის უფროსი შვილი იჯევანში გამსახურდიას ცხოვრების დეტალებზე საუბრობს, მუთალიბოვ-ტერ-პეტროსიანის დამოკიდებულებასაც აფასებს და იმასაც გვიმხელს, როგორი განწყობა ჰქონდა ცხოვრების ურთულეს მომენტში დევნილ პრეზიდენტს:
- პრეზიდენტი, ოჯახის წევრებსა და თანმხლებ პირებთან ერთად განჯამდე ჩავიდა, თუმცა თავშესაფარზე უარი უთხრეს და გზა ბაქოსკენ აღარ გაუგრძელებიათ. მიუხედავად იმისა, საქმე უკანონოდ დამხობილ და ქვეყნიდან გაძევებულ პრეზიდენტს ეხებოდა, მათ უარის მიზეზი არ განმარტეს.
- თქვენი ვერსია გექნებათ, რატომ არ შეუშვა მუთალიბოვმა პრეზიდენტი აზერბაიჯანში?
- ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, ჯერ მე დაგისვამთ კითხვას. იცით, მუთალიბოვი გადაყენების შემდეგ სად მოხვდა?
- რუსეთში.
- დიახ... თქვენს კითხვას სანახევროდ უპასუხეთ. სწორედ რუსეთის ფაქტორის გამო აიაზ მუთალიბოვმა ვერ გაბედა, ზვიად გამსახურდიასთვის ეთქვა თანხმობა თუნდაც დროებით თავშესაფარზე.
- და ეს ტერ პეტროსიანმა რატომ გაბედა?
- სოხეთში, პრეზიდენტი იჯევანში, მიტოვებულ სანატორიუმში შეიყვანეს. წარმოიდგინეთ, ზამთარში, სომხეთის ზეგანზე, ტემპერატურა მინუს 15-20 გრადუსია და შენობაში არც ელექტროენერგია იყო, არც გათბობა. არ ჰქონდათ საკვებიც. ავტომატებსა და ტყვიებს ცვლიდნენ პროდუქტზე.
ძალიან სანდო წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, რომ რუსული სპეცსამსახურები ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდნენ მიახლოებოდნენ სანატორიუმს და მოეკლათ ზვიადი.
- თუ ასეთი გეგმა არსებობდა, რუსეთს ხელი რამ შეუშალა?
- ვერ აეწყო ოპერაცია. ჩაშლილი სპეცოპერაციიდან, დაახლოებით 8-9 დღეში, გამსახურდიამ დატოვა სომხეთი - მას შემდეგ, რაც ჯოხარ დუდაევის დაცვის უფროსი აბუ არსანუკაევი საკუთარი თვითმფრინავით ერევანში დაჯდა და სომხეთის პრეზიდენტს ესაუბრა. სხვათა შორის, ტერ-პეტროსიანს დაუკავშირდა ჯოხარ დუდაევიც. ისე, პრეზიდენტს არასოდეს უნახავს სანატორიუმში გამსახურდია, რადგან სომხეთს, პრაქტიკულად, დამოუკიდებლობაზე მეტად, მთიანი ყარაბაღის დაპყრობა უღირდა და რუსეთთან კარგი ურთიერთობები სჭირდებოდა.
- თუ ასეა, ტერ-პეტროსიანი მუთალიბოვის მსგავსად რატომ არ მოიქცა?
- მან, ფაქტობრივად, არც მწვადი დაწვა, არც შამფური. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში შეუშვა, მაგრამ უკიდურესად განადგურებულ სანატორიუმში და ამით მიანიშნა, მხოლოდ დროებით შეგიძლია აქ ყოფნა, სანამ რამე გაირკვევაო.
- შესაძლებელია, ტერ-პეტროსიანს მოლაპარაკება ჰქონოდა რუსეთთან, რომ სანატორიუმში ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია?
- ამის დაშვება შეიძლება, თუმცა არ მგონია, ტერ-პეტროსიანი ასეთი ვიგინდარა ყოფილიყო. მეცნიერი გახლდათ და არცთუ ურიგოდ გამოიყურება სომეხი პოლიტიკოსების გალერეაში.
როცა ზვიადი იჯევანში იყო, ქალაქის საკრებულოს დელეგაციას სთხოვა, გაეჩხრიკათ მისი ბარგი. მიზეზი ის იყო, რომ თბილისში, გადამტრიალებლები აქტიურად მუსირებდნენ, თითქოს გამსახურდიამ გაიტაცა რამდენიმე მილიარდი. ოქმი შეადგინეს, რა თქმა უნდა, ვერაფერი აღმოაჩინეს. როგორც ვიცი, მაშინ ტერ-პეტროსიანთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ზვიადის ერევნელი მეგობარი, ფილოსოფიის დოქტორი და პროფესორი კარენ სვასიანი. მას შვეიცარიაში შევხვდი, გვიან 90-იანებში.
- გამსახურდიამ სომხეთი დუდაევის მოწვევის შემდეგ დატოვა. ეს მეგობრული მხარდაჭერა იყო, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რის სანაცვლოდაც გამსახურდიამ ჩეჩნეთის აღიარების განკარგულებას მოაწერა ხელი?
- აღიარების დოკუმენტზე ხელმოწერას, მითუმეტეს, დევნილი, დე ფაქტო, დეზავუირებული პრეზიდენტის მხრიდან, არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა ჩეჩნეთისთვის. ეს უფრო გამხნევება და მორალური მხარდაჭერა იყო. ეს ვერც რუსეთის საზოგადოებრივ აზრზე იმოქმედებდა, მით უმეტეს, იქ ბევრია ადამიანი, ვინც საქართველოს, სომხეთსა და სხვა ქვეყნებს, დაკარგულ ტერიტორიებად, საბჭოთა კავშირის დაშლას კი, უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევს. რეალურად, პირველი ბზარი საბჭოთა კავშირს 1988 წლის ნოემბრის აქციების დროს გაუჩნდა. 1989 წლის 9 აპრილის ღამემ კი ახალი ფურცელი ჩაწერა არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაშიც. ვინ ვინ და, ეს რუსულმა სპეცსამსახურებმა კარგად იცოდა და როგორ ფიქრობთ, გამსახურდიას ამას ვინმე აპატიებდა? არ აპატიებდა! აი, პასუხიც კითხვაზე, როგორ გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
- როგორ ფიქრობთ, ზვიად გამსახურდიას ,,გასანეიტრალებლად'', რუსულმა სპეცსამსახურმა საპატრიარქო მართლაც გამოიყენა და შორენა თეთრუაშვილის ხელით, ეკლესიის მხარდაჭერის მოშორებით, მისი, როგორც პრეზიდენტის შესუსტება მოახერხა?
- არა, საპატრიარქო მკვლელობაში არანაირ როლს ასრულებდა გარდა იმისა, რომ მიჩქმალავდა ამ ამბავს. სხვათა შორის, მამა კონსტანტინე კოღუაშვილი და მეუფე ამბროსი ქათამაძე, რომლებიც ჩამოვიდნენ გროზნოში და წესი აუგეს, არ ყოფილან განებივრებულნი საპატრირქოს მიერ. ამბროსი ქათამაძე საერთოდ გააძევეს სინოდიდან იმის გამო, რომ იგი 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე იმყოფებოდა ბუნკერადწოდებულ ბუფეტში. სხვათაშორის, სიტყვა ,,ბუნკერიც'' შავპიარული ტერმინია, რომელიც გამსახურდიას წინააღმდეგ გამოიყენეს.
რაც შეეხება თეთრუაშვილს, ჰო, ამბობდნენ, თითქოს ზვიადს ეთქვას, რატომ არის ეს ქალი საპატრიარქოშიო. შორენამ კი, თითქოს ამოისუნთქა, როცა ზვიადის გარდაცვალების ამბავი გაიგო. დიახ, იყო ასეთი ნარატივიც... არ მინდა, ადამიანს რამე დავაბრალო, საკმარისად ცოდვილია. პატრიარქზე კი, სერიოზულად იმუშავეს, რათა მას მხარი არ დაეჭირა ხელისუფლებისთვის. ჩემი აზრით, აჯობებდა, ეკლესია ყოფილიყო მიუმხრობელი, ნეიტრალური და შემრიგებლური ნაცვლად იმისა, რომ მოგვვლენოდა ერთ-ერთ მხარედ. ის ნამდვილად მხარე იყო - ქაშუეთიდან რაკეტებსა და ტყვიამფრქვევებს ესროდნენ მთავრობის სასახლეს, წმინდა პანტელეიმონის ეკლესიიდანაც ტყვიამფრქვევს უშენდნენ კოლხურ კოშკს.
ცოტნე გამსახურდია:
,,ამ ფოტოზე 16 წლის ვარ, სომხეთში,
იჯევანში...
,,არ მინდა ძველი დარდები რომ გულში აიწეწოსა''... უბრალოდ ვცდილობ, გავიხსენო საკუთარი შინაგანი მდგომარეობა, სომეხი უბრალო ხალხის შესანიშნავი დამოკიდებულება და ტერ-პეტროსიანის ხელისუფლების ვირთხობა... მაშინ აღმოვაჩინე, რომ როდესაც მობილიზებული ხარ, ძილი თითქმის აღარ გინდა; რომ თუ თავს ხელში აიყვან, აღარც შეგცივდება და აღარც დაიღლები... თუმცა, მაინც არ გვაძინებდა სიცივე დიდხანს. მახსოვს უამრავი ლაჩარი და მოღალატე, რომელთა სახელებს ახლა არ გავუწევ პოპულარიზაციას... они - никто и звать их никак.
მახსოვს ერთგული, ვაჟკაცი ხალხიც, მაგალითად დიმა ჭურღულია, შემდეგში ჟიული შარტავას დაცვის უფროსი, სოხუმში ყუმბართმტყორცნის ჭურვი რომ მოხვდა! მახსოვს...
ეჰ, ბევრი რამე მახსოვს, სამწუხაროდ...''
- ბატონო კონსტანტინე, სომეხი ჟურნალისტის აზრით, გამსახურდიასთვის აზერბაიჯანს თავშესაფარი რომ მიეცა, შესაძლოა მისი ბედისწერა შეცვლილიყო. არის ამაში ლოგიკა?
- ყველაფრის წინასწარ დეტერმინირება არ შეიძლება. რაღაც პროცენტი უნდა დავტოვოთ, რომ შეიძლებოდა სხვაგვარადაც მომხდარიყო ყველაფერი. იცით, როდის შეიცვლებოდა ბედისწერა? ზვიადს მეტი იღბალი რომ ჰქონოდა... არადა, იუღბლო იყო... აზერბაიჯანის შემდგომ პრეზიდენტ ელჩიბეისთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ელჩიბეიმ, დუდაევმა და გამსახურდიამ, 1992 წლის შემოდგომაზე, ორგანიზაცია ,,მრგვალი მაგიდა კავკასიური სახლიც'' დააფუძნეს. მიზანი, კავკასიური ინტეგრაციის, სამშვიდობო პროცესის წახალისება-ხელშეწყობა იყო. საუბარი იყო იმაზე, რომ კავკასიელებს შეგვიძლია, ჩვენი ძალებით დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტები და ამისთვის არ გვჭირდება უფროსი ძმის სამხედრო კონტინგენტი, რომელიც პირიქით ზრდის კონფლიქტის პოტენციალს. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა, მაგრამ ადამიანური თვითშემეცნებისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა სხვადასხვა მოდელის განხილვაც. როგორ შეიძლებოდა განვითარებული მოვლენები, მუთალიბოვს თავშესაფარი რომ მიეცა, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ელჩიბეის ხელისუფლება გადარჩენილიყო და ვეღარ დაემხო სურატ ჰუსეინოვს, რომელიც ორი თენგიზის, სიგუა-კიტოვანის აზერბაიჯანელი ჰიბრიდი გახლდათ.
- ანუ ეს აზერბაიჯანისთვის იქნებოდა სასიკეთო, გამსახურდიას ბედისწერაში ვერაფერს შეცვლიდა?
- დიახ. ალბათ ასე იქნებოდა.
- ბრძანეთ, რომ გამსახურდიას სომეხ მეგობარს შეხვდით. გიამბოთ, როგორი იყო იჯევანში დევნილი პრეზიენტის განწყობა?
- საბრძოლო. არავითარი პესიმიზი!
რამდენიმე წლის შემდეგ, ხალხში გავრცელდა ლექსი ,,ქრისტესშობა'', რომელზედაც ითქვა, ზვიადმა იჯევანში დაწერაო. ეს ლექსი არის ფსევდოეპიგრაფი, თუმცა რადგან ძლიერ ემოციურ მუხტს ატარებს, ადამიანებს უჭირთ დაჯერება, რომ ზვიადის ლექსი არაა. არადა, ექსპერტულად დავადასტურებ, რომ მას არ ეკუთვნის. ის განწყობაც, რაც იქ არის - გაბზარული, დამსხვრეული... ზვიად გამსახურდიას არ ახასიათებდა. მტკიცება, რომ ამ ლექსის ავტორი ზვიადია, მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც დღემდე გვთავაზობს ნარატივს, თითქოს დეპრესიაში ჩავარდნილმა გამსახურდიამ თავი მოიკლა.
ზვიადს ბოლომდე მშვიდი, საბრძოლო განწყობა ჰქონდა. მას სწამდა მიღმური ცხოვრება, საიქიო და სასუფეველი უფლისა, რადგანაც იყო ღრმადმორწმუნე ქრისტიანი. ზუსტად იცოდა, რა დგას მიწიერი გაჭირვების უკან. სხვათა შორის, თავის ნამდვილ ლექსებში წერს, რომ საშველი ,,თვით ჩამოივლის ის, თვით შეგაგებებს სხივს, როს განელება წვის, სიბრძნეს დაჰბერავს ცივს''. ნახეთ, ის ცივ სიბრძნეზეც კი ლაპარაკობს ანუ სიბრძნეზე, რომელიც ადამიანში ამ წვალებითა და წამებით უნდა იშვას.
- ჩვენ კი, ამ ,,წვალების'', აზერბაიჯანიდან გამოძევების, მისი გარდაცვალების შეფასება არც მოგვიხდენია. ეს პოლიტიკური შეცდომაა თუ...
- საქართველო ამას არ გააკეთებდა. შევარდნაძემ ისიც კი არ დაუშვა, გამსახურდიას საფლავი ყოფილიყო ქვეყანაში. მოიმიზეზა, გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ საფლავს არ ააოხრებს მისგან გამწარებული ხალხიო. სინამდვილეში, არ უნდოდა, იქ ყოფილიყო მექა და მიტინგების მუდმივი კერა. მან არ ჩაატარებინა არც ექსპერტიზა, გარდაცვალების რეალური მიზეზი რომ არ გარკვეულიყო. ექსპერტიზა ნათელს მოჰფენდა, რომ ზვიადი არის მოკლული. მაგრამ მას არც კითხვებზე პასუხი სჭირდებოდა, არც საფლავი...
- გასაგებია, მაგრამ შევარდნაძის შემდეგ ხელისუფლებაში ორჯერ მოვიდა სხვადასხვა ძალა.
- შევადნაძის შემდეგაც, ხელისუფლებაში მისი პოლიტიკური გენოტიპის ხალხი მოვიდა. ეს არის საქართველოს ტრაგედია - მოდის ერთი და იგივე პოლიტიკური გენოტოპის ხალხი, რომლებსაც წარსულის გამოძიება კი არა, ყველაფრის მიჩქმალვა აინტერესებს. ესეცაა მიზეზი, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელმა კომისიამ, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, 367-გვერდიანი დასკვნა დადო. გამოკითხვების ოქმებიც წარვადგინეთ, კრიმინალისტიკური ძიებაც ჩავატარეთ და ყველაფერი მთავარ პროკურატურას გადავუგზავნეთ, მაგრამ ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, თაროზე შემოდეს. ივანიშვილის მოსვლის შემდეგაც თითი არ გაანძრია პროკურატურამ. თითქოს მოხდა საქმის გადაკვალიფიცირება, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. ობიექტური გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს და ამ ყველაფრის უკან უნდა იდგეს ოლიგარქი ივანიშვილი.
- ივანიშვილს რა ინტერესი აქვს, რომ ეს საქმე არ გამოძიონ?
- მიზეზი სამია. ერთი - მას არ სურს შევარდნაძის წარმოჩენა ნეგატიურ რანგში, რადგან მას უმადლის, რომ დაიწყო საქართველოში მოღვაწეობა. ივანიშვილი შინაგანად შევარდნაძის მომხრეა. გამსახურდიაზე რელევანტური და აქტუალური მისთვის შევარდნაძეა, რასაც ხმამაღლა არ იტყვის; მეორე მიზეზი ისაა, რომ ივანიშვილს არ სურს რუსეთი გააღიზიანოს, რადგან ზვიადის ლიკვიდაცია მხოლოდ ქართველების საქმე არ იყო. მასში ჩართული იყო რუსული სპეცსამსახურები. ივანიშვილი ცდილობს უფორმო, თავისჩაქინდვრის პოლიტიკით, რაღაცნაირად, ჩვენს მიმართ კეთილად განაწყოს რუსეთი. ეს ტყუილია! ვერც ბიძინას მილიარდები და ვერც მისი ასეთი დამოკიდებულება, რუსეთზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს. ასეთი მილიარდერები მათ დასტა-დასტა ჰყავთ; მესამე მომენტი არის ის, რომ ბიძინას ჰგონია, ეს გამოძიება არც დასავლეთს გაახარებს.
- გეგულებათ ძალა საქართველოში, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ საქმეს გამოიძიებს?
- ვერ გეტყვით... ყოველ შემთხვევაში, ერთი საინტერესო მომენტი იყო, რომ სააკაშვილმა, ვადის ამოწურვამდე 3 დღით ადრე, ზვიადს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
- ამით რისი თქმა გინდათ?
- არაფრის. უბრალოდ საინტერესო ფაქტია, რომ მანამდე ეს ვერც ვითომ თავზეხელაღებულმა და მამაცმა მიშამ გაბედა.
- ამის მიზეზიც უკვე ხსენებული ,,სამი მიზეზია'', არა?
- რა თქმა უნდა, სააკაშვილიც მსგავს ილუზიებში იყო, მაგრამ ხომ იცით, ,,მტერნი არ შეგვიბრალებენ, ვაებითა და ვიშითა'' ანუ მტრის წინაშე მიწისა და მტრის ფეხსაცმლის ლოკვა არაფერს მოგვიტანს.
- სამაგიეროდ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, გამსახურდიას ნეშტის გროზნოდან საქართველოში გადმოსვენების გადაწყვეტილება მიიღო.
- დიახ. საკაშვილის როლი ცალსახად დიდი იყო გადმოსვენებაშიც და ,,ბესტ ჯორჯიანის'' პროექტის განხორციელებაშიც, რომელშიც ზვიადმა საპატიო, მესამე ადგილი დაიკავა, დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის შემდეგ.
- თქვენი მთავარი მიზანი რა არის, რას ელით პროკურატურისგან?
- ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში მონაწილეობა მიღებული აქვს უშიშროების სამსახურს. ძნელია თქვა, იმ პერიოდში სად მთავრდებოდა ქართული უშიშროება და იწყებოდა რუსული, რადგან მცირე დროში ზვიადმა ნამდვილი ქართული უშიშროების აწყობა ვერ მოასწრო. გარდა ამისა, 1990 წელს, უშიშროების ერთი ნაწილი პირდაპირ მიუერთდა გრუ-ს. ეს უფრო გრუ-ს სპეცოპერაცია იყო, ვიდრე ეფესბე-სი. მკვლელიც, როგორც ჩანს, მათი მოყვანილია, სავარუდოდ, აფხაზეთიდან. აი, ეს უნდა თქვას სახელმწიფომ პირდაპირ. უნდა გახსნან უშიშოების დალუქული არქივი, რადგან ეს საქმე, ზუგდიდელი, ნარაზენელი და ჩხოროწყუელი მოქალაქეების დაკითხვით, არ გაიხსნება.
მიუხედავად ყველაფრისა, 31 მარტს საზეიმო განწყობა მაქვს, რადგან ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. გამარჯვების დღეა 31 მარტი და მას ბევრი ნათელი მოგონება უკავშირდება. ზოგადად, ფსიქოანალიტიკურად თუ შევხედავთ, პოზიტიურმა, ნათელმა მოგონებებმა, შესაძლოა, სძლიონ ნეგატიურ, ტანჯვისა და ტკივილისმომტან მოგონებებს. ჩემ შემთხვევაშიც ასეა - ნათელმა მოგონებებმა სძლია ნეგატივს; მით უმეტეს, რომ ზვიადმა, საკუთარი მისია შეასრულა. მასზე ხშირად ამბობდნენ, იქნებ სჯობდა, დარჩენილიყო უნივერსიტეტში და ეკითხა ლექციებიო. ამ კითხვას ზვიადმა თავად უპასუხა, როცა თქვა, მე ვიყავი, როგორც კეთილი სამარიტელიო. ზუსტად ასე ვუყურებ ამ საკითხს - მარტო ის რად ღირს, რომ დამოუკიდებლობის გარდა, ზვიადმა თავისი ცხოვრებით გვაჩვენა - რეალპოლიტიკა, რომელიც არაკეთილშობილური ინსტიქტებისა და საკმაოდ ბოროტი საქმეების სფეროა, შესაძლოა, მორალური ბრძოლის იარაღადაც იქცეს, თუკი იგი ღირსეული ადამიანის ხელშია.