მტკვარმა გაუჩინარებული მომიტინგეების გამორიყვა დაიწყო?

მტკვარმა გაუჩინარებული მომიტინგეების გამორიყვა დაიწყო?

[თიკო ოსმანოვა, „რეზონანსი“]



არასამთვარობო ორგანზიაციების მტკიცებით, მდინარე მტკვარმა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ გაუჩინარებული მომიტინგეების გამორიყვა დაიწყო. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში კი ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მტკვრის მიერ გამორიყული გვამების მოჭარბებული რაოდენობა არ შეიმჩნევა.



საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ რედაქციაში კი სატელეფონო შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ მცხეთის ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ნაპოვნია პლასტმასის ხელბორკილდადებული 4 გვამი, სავრაუდოდ, ისევე დაღუპული მომიტინგენი, როგორც 27 მაისს თავისუფლების მოედანზე მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი ორი ადამიანი.



გავრცელებული ინფორმაციის სიმართლეში დარწმუნებულები არიან „სახალხო კრებაში“ და სხვადასხვა არასამთავარობო ორგანიზაციებში. ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაცია მათ მანამდეც ჰქონდათ. თუმცა მის დამტკიცებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, რადგან, მათი თქმით, გვამები ოჯახის წევრებისთვის არ გადაუციათ და თავად პოლიციის თანამშრომლებმა დამარხეს.



„ასეთი ინფორმაცია მეც მომაწოდეს. მითხრეს, რომ მტკვრის მიერ გამორიყულ ადამიანებს ბორკილების მიერ დატოვებული იარები ამჩნევიათო. ძალიან ცუდი ხელბორკილებია, ხელი ჩემს შვილს ჯერ კიდევ სტკივა. შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ გამკვირვებია.



არ გამოვრიცხავ, რომ მტკვარმა კიდევ ბევრი ადამიანის ცხედარი გამორიყოს, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია დაკარგული. თუმცა, სამწუხაროდ, ალბათ ამის დამტკიცებას ვერ შევძლებთ, რადგან სიმართლის დასაფარავად გვამებს გადამალავენ, რათა ოჯახის წევრებმა ექსპერტზის ჩატარება არ მოითხოვონ“, -ამბობს „რეზონანსთან“ საუბარში „სახალხო კრების“ ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი.



„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მტკვრის მიერ გამორიყულ ადამიანების ცხედრების შედარებით დიდ რაოდენობა შეიმჩნევა, რაც მას გარკვეული ეჭვის საფუძველს აძლევს. მისი განცხადებით, მტკვრის მიერ გამორიყული ადამიანის ცხედრებით გაზრდილი რაოდენობა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ გაუჩინარებული მომიტინგეების ბედს უკავშირდება.



საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით კი, ბოლო ორი კვრის განმავლობაში თბილისში, მტკვარმა მხოლოდ ორი ადამანის ცხედარი გამორიყა. აქედან ერთ-ერთის ვინაობა დაუდგენელია, ხოლო მეორე 59 წლის ოთარ პაპავა გახლავთ.



„ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში მდინარე მტკვრის მიერ ცხედრის გამორიყვის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია, სავარაუდოდ იგი დიდი ხნის გარდაცვლილია, რის გამოც მისი ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება.



„რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, მისი ცხედარი მაშველებმა 8 ივნისს „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიყვანეს. გარდაცვლილი გახლავთ 59 წლის ოთარ პაპავა“, - განუცხადეს „რეზონანსს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში.



ასევე 8 ივნისს საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მდინარე მტკვარმა რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ გოგონას ცხედარი გამორიყა.



20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეთევზემ შენიშნა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურს აცნობა. გარეგანი დათვალიერებით გარდაცვლილს მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდა. გოგონას ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.



რაც შეეხება მცხეთას, მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურის უფროსის გია აბუაშვილის თქმით, ბოლო ორი კვრის განმავლობაში მდინარემ მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა.



„მცხეთაში მდინარემ მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან სავარუდოდ, იგი დიდი ხნის მკვდარია.



„რაც შეეხება 4 გვამის აღმოჩენას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადამანის ცხედარია აღმოჩენილი სოფელ ძეგვთან, მდინარე მტკვარსა და არაგვის შესართავთან. გარდაცვლილი დახლოებით, 40-45 წლმადე მამაკაცია, თუმცა მისი ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება”, - უთხრა „რეზონანსს“ აბუაშვილმა.



გავრცელებულ ინფორმაციას არც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ირწმუნებია, რომ აქციის დარბევისას 4 ადამიანი გარდაიცვალა და არცერთი ადამიანი არაა უგზო-უკვლოდ დაკარგული.



შეგახსენებთ, 2 გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია შსს-მ აქციის დაშლიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაავრცელა. თუმცა უკვე მესამე დღეს ცნობილი გახდა, რომ მეტრო „თავისუფლებასთან“ მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის სახურავზე კიდევ ორი გარდაცვლილის ცხედარს პოულობენ.



წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან მათი შეხება იყო, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა დაღუპული ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანიც 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დარბევას ემსხვერპლნენ.



„მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, მიეწოდებინა ინფორმაცია 26 მაისის არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს დაკარგული მოქალაქეების შესახებ, დღემდე სამინისტროს სახელზე არცერთი განცხადება არ შემოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იგი არცერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავს“, -ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავჯდომარის ნანა კაკაბაძის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი
მიძღვნილ აღლუმს დახლოებით 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 40-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.



„ის, რომ მდინარებმა ცხედრების გამორიყვა დაიწყო და ისინი სავარაუდოდ 26 მაისს დარბევისას გარდაიცვალნენ, მსგვსი შეტყობინება მეც მომოვიდა. ასეთი ინფორმაცია ერთ-ერთმა თვითმხილველმა შემატყობინა და, სიმართლე გითხრათ, მის სისწორეში ეჭვი არც შემპარვია, რადგან მე ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მსგავსი ინფორმაცია“, - უთხრა „რეზონანსს“ კაკაბაძემ.



ის, რომ ოფიციალურ მონაცემთან შედარებით დარბევისას გაცილებით ბევრი ადამიანია გარდაცვლილი, ამას წინააღმდეგობის მოძრაობაშიც ადასტურებენ.



„გვითხრან სიმართლე იმის თაობაზე, თუ რამდენი არის დაღუპული და რამდენი დაკარგული”, - აღნიშნული მოთხოვნა 28 მაისს სოლიდარობის აქციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა დავით თარხან-მოურავმა გაახმოვანა.