კონსტანტინე გამსახურდიას მთელი ცხოვრების მანძილზე უხდებოდა ბრძოლა ლიტერატურული მტრების წინააღმდეგ, რომლებიც მას ქართული ენის დამახინჯებაში, წარსულის გაიდეალებაში, გერმანოფილობაში და ვინ მოთვლის, კიდევ რაში აღარ სდებდნენ ბრალს. მწერალი არც ერთ შემოტევას უპასუხოდ არ ტოვებდა. ამიტომ გარეგნულად ცოტა უხასიათო და უკარება კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არადა, კრიტიკას, თუ იგი სამართლიანი და გულწრფელი იყო, ყურადღებით და სიამოვნებითაც კი იღებდა.
არსებობს ჩანაწერი, სადაც კონსტანტინე გამსახურდია იორელ მეკამეჩეებთან სტუმრობას იხსენებს. ნადირობისას მათ ბინაში შეუფარებია თავი და იქვე თავისი წიგნი აღმოუჩენია, მწყემსების შენიშვნებით. ამის გახსენებისას მწერალი თავს ვერ იკავებს და ცრემლი მოსდის. იმასაც აღიარებს, "დიდოსტატის მარჯვენის" ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით (მეფე გიორგი და გირშელი ფხოვში გამართულ ხატობაზე ვარდისახარსა და პირიმზეს რომ გადაეყრებიან) როგორ მიიღო ერთ-ერთი მთიულისაგან შენიშვნა - ეე, ბატონო კონსტანტინე, ხატობაში ქალს რა უნდოდაო...
იოლად არ უახლოვდებოდა ადამიანებს, მაგრამ ვისაც თავის მეგობრად ჩათვლიდა, მისი ერთგული იყო.
კონსტანტინე გამსახურდიას მეგობარი იყო შესანიშნავი მწერალი გიორგი შატბერაშვილიც, რომელიც კასპის რაიონში, სოფელ თვალადში ცხოვრობდა. საბჭოთა ხელისუფლებამ მის შემოქმედებაში კომუნისტური იდეოლოგიისათვის მიუღებელი მოტივები აღმოაჩინა და 1933 წელს სამი წლით შუა აზიაში გადაასახლეს, გადასახლებიდან დაბრუნებულს კი თბილისში ცხოვრება აუკრძალეს. შატბერაშვილი თავის მშობლიურ სოფელში დასახლდა და სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ხელისუფლებისაგან შერისხულ მწერალთან ახლობლობაზე მაშინ ბევრმა თქვა უარი, თუმცა, შემორჩნენ ნამდვილი მეგობრები, ვინც არ ივიწყებდნენ მას, სოფელშიც აკითხავდნენ და თავს საფრთხეში იგდებდნენ.
გიორგი შატბერაშვილი 1910 წლის 14 აპრილს დაიბადა. თვალადში ყოფნისას დაბადების დღეს არ აღნიშნავდა, ოჯახის წევრები თუ მიულოცავდნენ - ეს იყო და ეს, ამიტომ სოფელში გატარებულ მხოლოდ ერთ დაბადების დღეს იგონებდა განსაკუთრებულად.
ის დღეც ჩვეულებრივ, უხმაუროდ დაუღამებია. ქარიანი, ცივი და წვიმიანი ამინდი ყოფილა. კაი ხნის ჩაძინებული კარზე ბრახუნმა გამოაღვიძა. შუაღამისას სტუმარს არ ელოდა, ამიტომ უსიამო ამბის მოლოდინით გააღო კარი (30-იანი წლები იდგა) და ხელში ერთიანად გაწუწული და ტალახში ამოსვრილი კონსტანტინე გამსახურდია შერჩა. დაგვიანებულ სტუმარს შინ შეუძღვა და როდესაც დარწმუნდა, რომ მის წინაშე ნამდვილად კონსტანტინე იდგა, გაოცებულმა ჰკითხა უფროს მეგობარს:
- ბატონო კონსტანტინე, ამ შუაღამისას, ასეთ ამინდში ჩემთან რამ ჩამოგიყვანა?
ღამეული სტუმრისგან კი ასეთი პასუხი მიიღო:
- კონსტანტინემ იცის, ვის სანახავადაც დღისით ორი ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ვის სანახავად კი დროსა და ამინდს არ უნდა შეუშინდეს.