„მიწას, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, არც ერთი ქვეყანა არ ასხვისებს“

„მიწას, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, არც ერთი ქვეყანა არ ასხვისებს“

უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის საკითხმა საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა. ხელისუფლება, ოპოზიცია და საზოგადოება ამ საკიხის ირგვლივ ორად არის გაყოფილი. უმრავლესობა ემხრობა მიწის მკაცრ რეგულაციას, თუმცა საკმაოდ გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია არ ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის რეგულირება საჭიროა:

„დიდი ალბათობით, არ არის სწორი კონსტიტუციაში ასეთი შეზღუდვები არსებობდეს. რეგულირება საჭიროა და ცალკე საკანონმდებლო მუშაობაა ჩასატარებელი. მთავარი ამოცანაა, რომ მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილი. კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ.

ამ თემაზე დღეს მიმდინარეობს მუშაობა. ეს სერიოზული საკითხია. ფუნდამენტური თემაა, რომელზე მუშაობასაც შეიძლება 5 წელი დასჭირდეს, რადგან ეს გახლავთ მიწის შესახებ კანონი. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს მაქსიმალური შესაძლებელი კონსესუსის საფუძველზე“, - განაცხადა გახარიამ.

განსხვავებული მოსაზრებისაა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში დავით კირვალიძე. იგი ამბობს, რომ სანამ კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ რამე ჩაიწერება, ეს საკითხი ასჯერ არის დასაფიქრებელი. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის წესები ნათლად გაიწეროს, რადგან „გაყიდულს მერე უკან ვეღარ

დაიბრუნებ“.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ ჯერ ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ხელაღებით არ შეიძლება არაფრის არც აღკვეთა და არც გადაწყვეტა, მაგრამ ასჯერ არის ეს დასაფიქრებელი, შემდეგ არის მისაღები. შეიძლება ისეთ რეგიონზე ვსაუბრობთ, სადაც რესურსი საერთოდ არ არის; შეიძლება ისეთზე ვსაუბრობთ, სადაც საერთოდ ადამიანი არ არის და პირიქით, გვჭირდებოდეს ინვესტორის მოყვანა.

საკითხი მიწასთან დაკავშირებით უნდა იყოს ნათლად და მკაცრად რეგულირებული. ვერაფერს გაყიდულს მერე უკან ვეღარ დაიბრუნებ. თამაშის წესები უნდა იყოს მკაფიო და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კირვალიძემ.

ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე კი შეზღუდვას უარყოფითად აფასებს. მისი აზრით, ეს აკრძალვა შეაფერხებს საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს და უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.

„უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხზე ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. არ შეიძლება უცხოელების შეზღუდვა, ძალიან ბევრ ბიზნესსა და ადგილობრივ ქართულ ბიზნესს ჰყავს უცხოელი ინვესტორები. ეს გამოიწვევს ბიზნესის გაჩერებას, ინვესტიციების შეფერხებასა და პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე“, - ამბობს გიორგი ჭირაქაძე

ნაწილობრივ შეზღუდვაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტარი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მიწა შეზღუდული რესურსია და იგი ახლანდელი და მომავალი თაობების საკუთრებაა. საკითხის გადაწყვეტისას გამოიკვეთა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში, ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებში, მიწის გასხვისება უცხოეთის მოქალაქეებზე და არარეზიდენტ პირებზე აკრძალულია.

„ჩვენ ამ პრაქტიკის გამოყენება გვინდა საქართველოს კონსტიტუციაში, ასე გვინდა დავარეგულიროთ ეს საკითხი. ამაში არასწორს უმრავლესობა, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის ის წევრებიც, რომლებიც არ არიან უმრავლესობის წევრები ვერაფერს ხედავენ“, – ამბობს ნარჩემაშვილი.

მიწის უცხოელებზე აკრძალვას ემხრობა არასაპარლამენტო ოპოზიცია. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა ამბობს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან მიწა არის ქვეყნის ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრე.

„ჩვენი წინაპრები წარსულში იმისთვის იბრძოდნენ, რომ მიწები შეენარჩუნებინათ. ცალსახად უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უნდა აიკრძალოს უცხოელებზე“, – ამბობს გიორგი გუგავა.

პროფესორი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ მიწა არის შეუცვლემლი, გაუმრავლებელი და შეზღუდული რესურსი. მოსახლეობის გამრავლებასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სავარგულები და, აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა. ისინი თვლიან, რომ მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებელია.

„სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი. რადგან მიწა არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური და კულტურული ფასეულობა.

ქართველი გლეხკაცი, როგორც მიწის მესაკუთრე - მისი პოტენციური მყიდველი, მომხმარებელი, მფლობელი და გაჭირვების გამო გამყიდველი - არაკონკურენტუნარიანია უცხოელებთან მიმართებაში. ამ უკანასკნელებს შესაძლებელია მიწის ეს ნაკვეთი სხვა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის უნდოდეს - აგარაკების აგებით დაწყებული და სხვა ქვეყნებში წასაღებად ნაყოფიერი ზედა ფენის მოჭრით დამთავრებული. საკამათო არც ისაა, რომ უცხოელებს გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ საქმის წამოწყებისთვის, ვიდრე ადგილობრივებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ და მოწყვლად დარგში, როგორიც სოფლის მეურნეობაა.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობა არ არის ინვესტიციატევადი დარგი და აქ ინვესტორის წახალისების პოლიტიკა ყველაფრის ფასად არ უნდა ტარდებოდეს. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწას, პრაქტიკულად, არც ერთი ქვეყანა არ ასხვისებს ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რადგან მიაჩნიათ, რომ უცხოელი ინვესტორები აჩანაგებენ მცირემიწიან ადგილობრივ ფერმერებს“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.