ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ცერემონია ივნისში გაიმართება. 10-წლიანი მშენებლობა მრავალგზის გადავადების შემდეგ, როგორც იქნა, მთავრდება. პროექტი საერთაშორის მასშტაბისაა, მაგრამ რა სარგებელს მოუტანს საქართველოს?
თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობის და კომუნიკაციის მინისტრის ახმეტ არსლანის ინფორმაციით, მაგისტრალზე დიზელის ლოკომოტივები იმოძრავებენ და ამ გზით ევროპა და აზია უწყვეტი სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებენ.
ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება, მაგალითად რუსეთის ან ირანის ტერიტორია, ასევე საზღვაო გადაზიდვებში, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის ჩატანას 45-60 დღე სჭირდება, მაშინ როცა ახალი მაგისტალით ეს დრო 12-15 დღე იქნება.
„ეს არის ნამდვილი რევოლუცია ლოგისტიკის სფეროში. პროექტი ჩინეთს და ევროპას დააკავშირებს. რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ლონდონიდან მატარებელი პირდაპირ შუა აზიაში ჩავა“, - აცხადებს თურქი მინისტრი და მიიჩნევს, რომ რკინიგზის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის ვაჭრობას თურქეთში.
„თურქეთის რკინიგზაზე დღეისათვის წლიურად 26,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდება. ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ ყაზახეთი უზრუნველყოფს წელიწადში დამატებით 10 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას ახალი პროექტის გაშვების შემდეგ“, - განაცხადა არსლანმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება. პროექტის მაქსიმალური საპროექტი გამტარუნარიანობა წელიწადში 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. საწყის ეტაპზე რკინიგზა წელიწადში 1 მილიონ მგზავრს გადაიყვანს, ხოლო ტვირთბრუნვა 6,5 მილიონ ტონას შეადგენს.
როგორც ცნობილია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას საფუძველი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით ჩაეყარა. პროექტის განხორციელება კი საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა 2007 წელს დაიწყეს.
პირველ ეტაპზე რკინიგზის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, ხოლო შემდეგ მოცულობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული. ამასთან, თითოეული მატარებელი 350 მგზავრს მოემსახურება. პროექტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 825 კილომეტრია, აქედან 180 კილომეტრს ქართული მონაკვეთი შეადგენს.
საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია დიდი სარკინიგზო პროექტისა და საინტერესოა რა სარგებელს მოუტანს ის ჩვენ ქვეყანას. სპეციალისტები უფრო მეტად პოლიტიკურ დივიდენდებს ხედავენ, რადგან მათი გათვლებით, ეკონომიკური კუთხით ქვეყანა მნიშვნელოვანს ვერაფერს გამორჩება.
„საქართველო ტრანზიტული ფუნქციის მატარებელი ქვეყანაა და ამ ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობა მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას აძლიერებს. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, აქ გარკვეული კითხვის ნიშნებია. სხვა რომ არაფერი, ამ მონაკვეთის ღირებულება მთლიანად ჩვენი გადასახდელია. ვფიქრობ, რისკი გვექნება ფოთისა და ბათუმის პორტების მიმართულებით, რადგან თუ არ გაიზარდა ტვირთბრუნვა და არსებული ტვირთნაკადები ორ ნაწილად გაიყო, ამით ფოთისა და ბათუმის პორტები შემოსავალს დაკარგავენ.
ახალი სარკინიგზო პროექტიდან ფინანსური სარგებელიც მინიმალური იქნება, რადგან მოხმარდება იმ კრედიტის გასტუმრებას, რაც მისი განხორციელების პროცესში იქნა აღებული. იმედი ვიქონიოთ, გაიზრდება ტვირთბრუნვა და რისკი მინიმუმამდე შემცირდება. სიმართლე გითხრათ, ამ პროექტის მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ მესმოდა მისი პოლიტიკური მნიშვნელობა“, - აცხადებს ეკონომისტი გია ხუხაშვილი.