გამარჯობა, ევროპა! დაკარგული შენი შვილი დაბრუნდა!
არის, ასრულდა ოცნება - საქართველო მსოფლიო ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ბებერმა ევროპამ საუკუნეების წინ დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ჩვენ, ქართველები, რომლებიც დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ პირველი ევროპელები ვართ, თავისიანად გვაღიარა! ის, რომ ამიერიდან, ესე იგი, 2017 წლის 28 მარტიდან ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მიმოსვლა თავისუფლად შეგვეძლება, ბევრს უხარია. ზოგს კი გულში შხამიანი ისარივით მოხვდა და ეს „ზოგი“, რაღა თქმა უნდა, ისაა, ვისაც ორი ათეული წლის წინ დანგრეული საბჭოთა კავშირის ნოსტალგია დღემდე სიცოცხლეს უმწარებს და შესაბამისად, რუსეთს საქართველოს „ერთადერთ მხსნელად და გადამრჩენელად“ მიიჩნევს.
ახლა, ვიღაცებმა შეიძლება თქვან, დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ საკუთარი აზრი ყველამ გამოთქვასო. კი ბატონო, ასეა, მაგრამ აზრსაც გააჩნია, უფრო სწორად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ „ერთმორწმუნე“ ძმას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, მაშასადამე, რუსეთი ოკუპანტია!
შესაბამისად, საქართველოში ოკუპაციის კანონი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის, მინიმუმ, იდეოლოგიის გატარება დასჯადია, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა; ამიტომ ამჯერად, „ვერსია“ ყურადღებას იმ საფრთხეებზე გაამახვილებს, რაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ჩრდილოეთისგან შეიძლება დაგვემუქროს.'
ზოგადად, კრემლს არასოდეს დაუმალავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ვერ შეეგუება და ყველაფერს გააკეთებს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მხოლოდ თვითონ ბოგინობდეს. ამ მიზნის მისაღწევად ოფიციალურ მოსკოვს არაერთი ბერკეტი აქვს.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუსეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, ამ დიდი იმპერიის ჯარებს უფლება აქვთ, თავიანთი ქვეყნის მოქალაქეების დაცვის საბაბით, უცხო სახელმწიფოში შევიდნენ.
სხვათა შორის, სწორედ ეს კანონი გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების ერთ-ერთი საბაბი. არ გვინდა, შავი ყვავის როლში გამოვიდეთ, მაგრამ თუ მსჯელობას ამ კუთხით გავაგრძელებთ, მივხვდებით, რომ ანალოგიური საფრთხე დღესაც რეალურია ანუ არავინ მალავს, რომ საქართველოში რუსული სპეცსამსახურების აგენტურა მძლავრადაა წარმოდგენილი. ჰოდა, არსებობს საშიშროება, რომ იგივე ამ აგენტურამ შექმნას ფონი, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ან, სულაც, ეთნიკურად რუსების უფლებები ილახება და მათ დასაცავად აგვისტოს ომის მსგავსი მოვლენები განმეორდეს.
გარდა ამისა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ ღრმა საბჭოეთიდან საქართველოში არსებობს ე.წ. მოწყვლადი რეგიონები, კერძოდ, ჯავახეთი და ქვემო ქართლი, სადაც ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები სახლობენ.
ქვემო ქართლის ნაკლებად, მაგრამ აი, ჯავახეთის „აფეთქება“ კი რუსულ უშიშროებას ხელეწიფება, რამეთუ ამ რეგიონში, როგორც ამბობენ, ძლიერია ორგანიზაცია „დაშნაკ ცუტუნი“, რომელიც, სხვადასხვა წყაროს ვერსიით, პრაქტიკულად, ტერორისტული ღირებულებების მატარებელია.
ამასთან, ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციის „თავები“ პირდაპირ კრემლზე არიან „მიბმულები“ და დავალებებს რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან იღებენ.
ყველაფერ აქედან გამომდინარე კი, მოვლენათა განვითარების ჯაჭვი შესაძლოა, ასეთი იყოს:
„დაშნაკ ცუტუნის“ აქტივისტებმა ჯავახეთში იმის მსგავსი პროვოკაცია მოაწყონ, რომელიც 11 მარტს ბათუმში მოხდა. ეს შეიძლება, იმის საწინდარი არ გახდეს, რომ რუსეთის არმია საქართველოში შემოიჭრას, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ევროპაში, მინიმუმ, იმიჯი შეელახება და ამ კონტექსტში არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმიც არსებობს.
ვიზალიბერალიზაციას საფრთხე იმ შემთხვევაშიც დაემუქრება, თუკი იგივე რუსეთის წაფითილებით, ცალკეული პოლიტიკური აქტივისტები დაიწყებენ მტკიცებას, რომ ქართული სასამართლო კორუმპირებულია.
ახლა, შეიძლება, ზოგს გაუჩნდეს კითხვა, რატომ მიიტანენ იერიშს მიტანილი მაინცდამაინც სასამართლოზეო?
რატომ და, ევროპაში ადამიანის უფლებებს ანუ სამართლიანობას თითქმის ყველა ღირებულებაზე მაღლა აყენებენ. ჰოდა, თუ შეიქმნება საერთო ფონი და ისტერიკა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებს თავად ის ინსტიტუტი არღვევს, რომელიც ადამიანის ღირსების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რასაკვირველია, ევროკავშირში, მინიმუმ, იკითხავენ, შეცდომა ხომ არ დაუშვეს, ჩვენ, პირველ ევროპელებს ვიზალიბერალიზაცია ანუ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება რომ მოგვცეს?
სხვათა შორის, შეიძლება, სწორედ ამ კონტექსტში განვიხილოთ 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები.
მართალია, ამ არეულობას გაგრძელება არ მოჰყოლია, მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტები, მათ შორის, ისინიც, ვინც ჩრდილოეთის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი, არ გამორიცხავენ, რომ 11 მარტის კვალი შესაძლოა, იმ მეზობელ ქვეყნამდე მივიდეს, რომელიც ჩვენს მიმართ მაინცდამაინც კეთილად არაა განწყობილი.
ზოგადად, აჭარა რომ რუსეთისთვის საჯილდაო ქვაა, ამის თაობაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, თუმცა მოგეხსენებათ, გამეორება ცოდნის დედაა. ჰოდა, „ვერსიაც“ ორიოდ სიტყვით აღნიშნავს, რომ აჭარის მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც ისტორიის უკუღმართობით, ე.წ. რელიგიური იდენტობის გარკვევაშია, ზემოქმედება ძალიან ადვილია. საამისოდ კი ისეთი მესიჯებიც გამოდგება, როგორიც იგივე 11 მარტის აქციაზე გამოსულ ხალხს ჩააწვეთეს, რომ ხელისუფლების რომელიღაც შტოს წარმომადგენელი მათ თითქოს „თათრებს“ ეძახის (ამ თემაზე „ვერსიამ“ ვრცელი წერილი უკვე გამოაქვეყნა და დეტალებს აღარ ჩავუღრმავდებით. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მსგავსი „მესიჯბოქსი“ წმინდა რუსული ნარატივია და მეტი არაფერი).
ერთი სიტყვით, მინიმუმ, სამი „ნაღმი“ მაინც არსებობს, რაც კრემლმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ შეიძლება გაააქტიუროს.
ამიტომ, როგორც იტყვიან, ასი ყური და ასი თვალი გვჭირდება, რომ ის, რის მიღებასაც საუკუნეები ველოდით და, ძლივს, მივიღეთ, ისევ არ დავკარგოთ, ჩვენდაუნებურად წინ, წარსულში არ დავბრუნდეთ და დათვისთვის ისევ „ბაბაიას'' დაძახება არ მოგვიწიოს!
ასე რომ, გამარჯობა, ევროპა! დაკარგული შენი შვილი დაბრუნდა!