ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, რამდენიმე თანამდებობის პირმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა. მათ შორის არიან ვანო მაჭავარიანი (პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი) და ლაშა აბაშიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი). წამოსვლის ნამდვილ მიზეზს არც წამოსულები განმარტავდნენ და არც პრეზიდენტი. საუბარი არ ისურვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, ვიდრე პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ გააკეთებდა განმარტებას. შეგახსენებთ, რომ ლაშა აბაშიძე გიორგი მარგველაშვილის ყოფილი ცოლისძმა გახლავთ, ხოლო ვანო მაჭავარიანი - საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ძმა. "კვირის პალიტრა" ლაშა აბაშიძეს დაუკავშირდა.
- ეს იყო პრეზიდენტისა და ჩემი ერთობლივი გადაწყვეტილება. ჩვენ შორის არავითარი გაუგებრობა არ ყოფილა.
ამ გადაწყვეტილების საფუძველი რატომ არის გასაიდუმლოებული?
- არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი. თუმცა, დაპირისპირება ამ ყველაფერს წინ არ უძღოდა.
ის მაინც დაგვიზუსტეთ, სამსახურებრივ მიზეზს უკავშირდებოდა თუ რამე პირადს?
- სამსახურებრივსაც და პირადსაც.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენმა მოადგილეებმა და ასევე ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა დატოვეს თანამდებობები.
- მათ ნაცვლად არ ვილაპარაკებ. თუმცა, ჩემი მოადგილეები და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსიც ჩემთან ერთად მოვიდნენ ამ სამსახურში და ჩათვალეს, რომ ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა, ეს შემთხვევითია თუ არჩევნებს უკავშირდება?
- არჩევნებთან არ არის დაკავშირებული.
კულუარებში საკადრო ცვლილებების ერთ-ერთ მიზეზად "ნაციონალებთან" ვანო მაჭავარიანის გასაიდუმლოებული შეხვედრები სახელდება.
- არ ვიცი, ვანომ რის გამო დატოვა თანამდებობა. მე ჩემი გადაწყვეტილებით წამოვედი, რომელიც მასთან კავშირში არ არის...
საკადრო ცვლილებების მიზეზი არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ დააკონკრეტა. რაც შეეხება ვანო მაჭავარიანს, მიზეზებზე არც ის საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და "ნაციონალების" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა არ გამართულა და "ეს გამოგონილია". ყბადაღებულ თემაზე, რომ ის და პრეზიდენტი მარგველაშვილი კიევში სააკაშვილსა და მის მრჩეველს, მიხაილ გლუქსმანს შეხვდნენ, თავად მაჭავარიანი ასეთ განმარტებას აკეთებს: "ეს გამოგონილია".
თუმცა პოლიტიკურ კულუარებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიით, კიევში მართლაც შედგა შეხვედრა მარგველაშვილის ადმინისტრაციისა და “ნაციონალების” წარმომადგენლებს შორის. ამ ვერსიის თანახმად, მარგველაშვილი შეხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო, თუმცა “ნაციონალებთან” ფარული დიალოგის ამბავი გახმაურდა "ქართული ოცნების" გუნდში და სკანდალის თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტმა აბაშიძე და მაჭავარიანი დაითხოვა. თუმცა მარგველაშვილთან დაახლოებული ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს - პრეზიდენტმა ზემოხსენებული შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდა და როგორც კი შეიტყო, ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურები დაითხოვაო. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფინანსური დარღვევები აღმოჩნდა, რასაც მაჭავარიანისა და აბაშიძის თანამდებობები შეეწირა.