„ღმერთმანი, რა არაყია ამისთანა? ვერაფერს მივაგენით”

„ღმერთმანი, რა არაყია ამისთანა? ვერაფერს მივაგენით”

პირველივე შემხვედრი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ: გეთაყვა, აბა თუ მეტყვი, სახელმწიფო სათავეში მოსვლის უმალ გორბაჩოვმა რა მოიმოქმედაო, დარწმუნებული ვარ, მეხსიერების წვალების გარეშე გულჯავრიანად მოგიგებთ: ჯანდაბას მაგის თავი! ალკოჰოლს დაეძგერაო!

ძნელი სათქმელია, ახლადგამომცხვარი გვირგვინოსნის უდღეური ორიგინალური დებიუტი გახლდათ ეს თუ „კრემლის დედოფლის“ შურისგება საყვარელი ძმის გალოთებით გამოწვეული.

ასეა თუ ისე, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სულ მალე, ლოთისა და სასმელ-სათრობის ორანიც აღარ დარჩებოდა მსოფლიოს ერთ მეექვსედზე.

ისტორიამ იცის საოცარი დაცინვა. და რაკი ჩვენი საუკუნე „დიდი სივრცეების დაძლევის საუკუნეა“ - დიადიდან სასაცილომდე მანძილიც სულ უფრო მცირდება, და პირუკუ. ასე მოხდა ამჯერადაც: გორბაჩოვის სახელი, რომელიც ალკოჰოლთან „თავდაუზოგავი“ ბრძოლებისა გამო წყევლა-კრულვით იხსენიებოდა საბჭოთა მემთვრალეებში, გაღმერთებულ იქნა ევროპელი „კოლეგების“ მიერ, სწორედ არყის დახმარებით.

თავშესაქცევად გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ „იზვესტიის“ ამა წლის 5 ნოემბრის პუბლიკაციიდან.

„არაყმა „გორბაჩოვმა“, რომელსაც დასავლეთგერმანული ფირმა „გორბაჩოვი გმბხ“ აწარმოებს, 1985 წლიდან ელვის უსწრაფესად იწყო პოპულარობის მოხვეჭა მთელს ევროპაში. ხოლო ახლახან მან არყების ისეთ დიდ ხუთეულში ამოყო თავი, რომლებიც ყველაზე ფართო მოთხოვნილებით სარგებლობენ ალკოჰოლის მოყვარულთათვის.

საბჭოთა ფირმა „ვინექსპორტს“ მიაჩნია, რომ ეს თავბრუდამხვევი წარმატება დაუმსახურებელია, რადგან სასმელის რეკლამაში წვლილი მის ხარისხს კი არა, გორბაჩოვს მიუძღვის.

„ვინექსპორტი“ გულმოდგინედ ემზადება სასამართლო პროცესისათვის და არც მეტი-არც ნაკლები, განზრახული აქვს პირისაგან მიწის აღგავოს „გორბაჩოვი“. გამძვინვარებული „ვინექსპორტისაგან“ საკუთარი ფირმის დასაცავად, გერმანელი კოლეგები ერთ ამაღელვებელ ისტორიას იშველიებენ: მათი მტკიცებით, ეს არაყი 1880 წელს პეტერბურგში ჩამოასხა მეფის გენერალმა ლ. გორბაჩოვმა. ხოლო 1919 წელს, ფირმის სხვა თანამშრომლებთან ერთად ლტოლვილმა გენერალმა თავისი საქმიანობა ბერლინში განაგრძო.

საბჭოთა მხარე არყის წარმოშობის გერმანელი კოლეგებისეულ ამ ვერსიას, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვის ქვეშ აყენებს და მიაჩნია, რომ ეს ოდენ სარეკლამო ტრიუკია, და თანაც, არცთუ ორიგინალური.

ამ საკითხის გარკვევისათვის არქივებში გაძლიერებული ჩხრეკაც, ჯერჯერობით, უნაყოფო აღმოჩნდა. „ვინექსპორტის“ დირექტორის მოადგილე ა. სეჩენოვის სიტყვით, არანაირი ცნობები მეფის გენერალ გორბაჩოვზე და მის არაყზე არ ჭაჭანებს.

„ღმერთმანი, რა არაყია ამისთანა? ვერაფერს მივაგენით: არც სასმელის რეგისტრაციის ცნობა, არც დამზადების რეცეპტი“ - საგონებელში უნუგეშოდაა ჩავარდნილი ამხ. სეჩენოვი.

მაგრამ, საცა სამართალია, უნდა ითქვას, რომ მოადგილემ კარგად დააგემოვნა არაყი და არც მისი ზემოქმედებით დარჩენილა უკმაყოფილო. თუმცაღა ეს საქმეს არ ცვლის და საბჭოთა ფირმაც „ფსევდორუსული გორბაჩოვის“ წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადება...“