არის თუ არა განხეთქილება ოპოზიციურ «რვიანში»?

არის თუ არა განხეთქილება ოპოზიციურ «რვიანში»?

«რვიანში» ქუჩის აქციებსა და მანისფესტაციებზე აზრთა სხვადასხვაობაა. «თავისუფალი დემოკრატების» ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ «რვიანში» აღნიშნული საკითხი განიხილება და კონრეტული გეგმაც არსებობს. აქციებს ემხრობა «ეროვნული ფორუმიც», თუმცა განხსავებულია «ახლების» პოზიცია. როგორც »რეზონანსთან» საუბარში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, «აქციების გამართვა მაისში განვითარებული მოვლენების ფონზე, პარტიების მხრიდან ავანტურიზმის დემონსტრირება და მორიგი უპასუხისმგებლობის დეკლარირება იქნება».

ხომ არ არის «რვიანში» განხეთქილება და რატომ ეწინააღმდეგებიან «ახალი მემარჯვენეები» აქციების გამართვას? ამაზე მამუკა კაციტაძეს ცალსახა პასუხი აქვს: «დაპირისპირება არ არსებობს და არც რაიმე განხეთქილებაზე შეიძლება იყოს საუბარი. დღესდღეობით რაიმე ტიპის საუბარი ე.წ. ქუჩურ აქტივობაზე, ანუ მიტინგებზე და მანიფესტაციებზე გარკვეული ავანტურის მომცველია. »ახალი მემარჯვენეები» ამ ტიპის აქტივობებს კატეგორიულად გამოვრიცხავთ.

«რვიანის» განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად გარკვეულწილად აუცილებელია ქართული საზოგადოების ჩართულობა, რაც შეიძლება გამოხატული იყოს საერთო სახალხო გამოკითხვით. ქართული საზოგადოების მეტი ჩართულობა კი ვფიქრობთ, რომ არის კარგი.

«რაც შეეხება აქციებს, ვიმეორებ, დღეს და ახლო მომავალში ამ თემაზე საუბარი მიზანშეუწონლად მიგვაჩნია და ამასთან დაკავშირებით განცხადება ოპოზიციურ «რვიანს» არც გაუკეთებია».

«რეზონანსი»: თუმცა ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ აღნიშნული საკითხი «რვიანში» უკვე განიხილება...

მამუკა კაციტაძე: თუკი «რვიანში» ადგილი ექნება რაიმე აზრთა სხვადასხვაობას, «ახალი მემარჯვენეების» პოზიცია იქნება ის, რაც მოგახსენეთ და რაც გულისხმობს ქუჩის პოლიტიკის განსაკუთრებული აქტივობების გამორიცხვას; მაისის პროცესებმა გვაჩვენა ამ ყველაფრის ნაკლებად პერსპექტიულობა.

ალასანია ამბობს ერთს, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს ასე არ უნდა მოხდეს. თუკი «რვიანში» არსებობს ამასთან დაკავშირებით ალტერნატიული და განსხვავებული პოზიცია, ბუნებრივია, ეს შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. საერთო საკითხებია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ეს არის თანმხვედრი პოზიცია «რვიანში». რაც შეეხება ფორმებსა და მეთოდებს, აქ არის გარკვეული სხვაობები და ამავდროულად არის თანხვედრაც. რაშიც თანხმობა, იქ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიმოქმედოთ.

«»: და კიდევ რა საკითხი იწვევს უთანხმოებას?

მ.კ: მე არც იმ საკითხს დავარქმევდი უთანხმოებას, სადაც ქუჩის აქციებზეა საუბარი, რადგან დოკუმენტის შექმნის პროცესში ჩვენ არაერთგზის განვიხილეთ სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტები და ბოლო შევჯერდით იმაზე, რაც ყველასთვის იყო მისაღები. ამ შემთხვევაში ყველასთის მისაღებია საერთო სახალხო გამოკითხვა. სხვა თემა, რომელზეც საერთო პოზიცია არ არსებობს, ვფიქრობთ, რომ »რვიანის» სახელით არც უნდა გაჟღერდეს და არც უნდა გაკეთდეს.

«»: კიდევ ერთი, სულ ცოტა ხნის წინ ლევან გაჩეჩილაძემ პოლიტიკურ ძალებს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდა, რის საპასუხოდაც «რვიანის» რამდენიმე წევრმა, მათ შორის კობა დავითაშვილმა გაჩეჩილაძე «რვიანში» მიიპატიჟა და სამართლიანი არჩევნებისათვის ბრძოლა შესთავაზა. მეტიც, დავითაშვილმა «რვიანის» «გაცხრიანებაც» არ გამორიცხა...

მ.კ: «რვიანის» კარი არ არის საბოლოდ დახშული და არც იქნება, მაგრამ ნებისმიერი ტიპით მის გაფართოებას სჭირდება საერთო კონსესუსი, აქ არ არის საუბარი უმრავლესობასა და უმცირესობაზე. აქედან გამომდინარე, მოსაზრება, რომ გაჩეჩილაძე გაერთიანდეს და «რვიანი» «გაცხრიანდეს» ვერც ერთ შემთხვევაში »რვიანის» გადაწყვეტილებად ვერ ჩაითვლება.