უვიზო რეჟიმის ამოქმედების წინ ევროპის საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება

უვიზო რეჟიმის ამოქმედების წინ ევროპის საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება

გახშირებული ტერაქტების ფონზე ევროპაში საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწყების წინ, ეს არც თუ სასურველი ინფორმაციაა. იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები მოულოდნელი ბარიერების წინაშე არ აღმოჩნდნენ, საქართველოს საერთაშორისო გამშვებ პუნქტებზე გამგზავრების მსურველთა კონტროლი გამკაცრდება.

„ლონდონში მომხდარი ტერაქტი გვიჩვენებს, რომ საჭიროა კონტროლის დაწესება ეროვნულ საზღვრებზე და რადიკალიზებული უცხოელების გაგდება“, - ეს განცხადება საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატს მარინ ლე პენს ეკუთვნის, რომელსაც მსოფლიო ლიდერების ნაწილიც იზიარებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

მსოფლიო ტერორიზმის ახალი ფორმის წინაშე დგას, როდესაც ტერორისტები მარტო მოქმედებენ - განაცხადა მარინ ლე პენმა და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლისთვის საჭიროა ყველა ქვეყნების თანამშრომლობა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კი აღნიშნა, რომ ტერორისტული აქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო.

„ტერორისტებმა დარტყმის განხორციელების ადგილად შეარჩიეს ჩვენი დედაქალაქის შუაგული, სადაც ყველა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ხალხი ერთად ზეიმობენ თავისუფლების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

მისი თქმით, ბრიტანეთის პარლამენტის ღირებულებები - დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ყველგან აღტაცებასა და პატივსცემას იწვევს თავისუფალი ხალხის მხრიდან და „ზუსტად ამიტომაც არის ეს სამიზნე მათთვის, ვინც უარყოფს ამ ღირებულებებს“.

ევროპის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების პარალელურად საქართველოს საერთაშორისო გამშვებ პუნქტებზე გამგზავრების მსურველთა კონტროლი მკაცრდება. პირველად ასეთი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მესაზღვრეებს უფლება ექნებათ, გამგზავრების მსურველებს საბუთები შეუმოწმონ და რეკომენდაციები მისცენ, ხოლო საბუთების მოუწესრიგებლობის შემთხვევაში, გამგზავრების საშუალებას არ მისცემენ.

„ვინაიდან უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მოქალაქეს, ვინც ფლობს ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ ბიომეტრიულ პასპორტს. მესაზღვრე კონტროლიორი ვალდებულია, არ მისცეს გამზავრების უფლება მათ, ვისი პასპორტიც მოცემულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს“, - განმარტავენ უწყებაში.

ევროპას მიგეზებულ ქართველებს კი არც ადგილობრივი კონტროლი აღელვებთ და არც დასავლეთის ქვეყნების მებაჟეთა სიმკაცრე. ბებერ კონტინენტზე წასვლის მსურველთა რაოდენობა სწრაფად მატულობს. ამიტომაც ევროპის მიმართულებით ავიაბილეთების ფასმა არნახულად მოიმატა. თუკი აქამდე ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბილეთები 140-160 ლარადაც იშოვებოდა, ახლა ფასმა 500 ლარს გადააჭარბა. ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს სექტემბრის საგზურებიც კი წინასწარ აქვთ შეძენილი. ქართველების მხრიდან ასეთმა ბუმმა, შესაძლოა, ევროპის ქვეყნების საზღვრებთან პრობლემა შექმნას, რასაც ტუროპერატორების ნაწილი არ გამორიცხავს.

„ფლაი თრეველის დირექტორი კახა ჯიმშიაშვილი აცხადებს, რომ „მეორე ისრაელის“ განმეორების საფრთხეა, რადგან უვიზო რეჟიმის სიტუაცია არც ისე მარტივია, როგორც ეს მგზავრთა უმეტესობას წარმოუდგენია.

„უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს, რომ საზღვარზე ევროპელები სიხარულით დაგვხვდებიან. არ გამოვრიცხავ, მოხდეს ისე, როგორც ისრაელის შემთხვევაში და გაუთვალისწინებელ ბირიერს შეეჩეხონ“, - აცხადებს ჯიმშიაშვილი და დასძენს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ტურისტული კომპანია მგზავრების წინაშე ვალდებული არ იქნება.