რიკოთის ავტომაგისტრალი 2020 წელს დასრულებული იქნება

რიკოთის ავტომაგისტრალი 2020 წელს დასრულებული იქნება

რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთისმონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობისპროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში დედაქალაქს ზღვისპირა ქალაქებთან მაგისტრალი დააკავშირებს. თავისი მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ყველაზე მოცულობითი კომპონენტის სივრცითი მოწყობის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

„ეს არის, როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა, ასევე, მას აქვს სატრანზიტო ფუნქცია ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის. ეს ჩვენი სივრცითი განვითარების გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია და მიხარია, რომ ამ პროექტებში წინ კარგი სიჩქარით მივიწევთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავას ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად რამოდენიმე ათეული გვირაბისა და ამდენივე ხიდის აშენება გახდება საჭირო. საბოლოო ჯამში მოხდება რიკოთის მონაკვეთის მოდერნიზება, გაკეთდება ფართო დაჩქაროსნული ავტობანი, რაც მგზავრობის დროს შეამცირებს.

„რადგან მთიანი მონაკვეთია, დასჭირდება როგორც გვირაბების, ისე ხიდების აშენება, რომ ეს გზა იყოსთანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და იმაზე სწრაფი, ვიდრე დღეს არის. სამუშაოები რიკოთის მისადგომებთან გადასულია აქტიურ ფაზაში. მიმდინარეობს რიკოთის მონაკვეთის პროექტირების სამუშაოები, ხოლო მშენებლობა დაიწყება მომავალი წლიდან“, - განუცხადა „საქმის კურსს“ მატკავამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომავალი 4 წლის განმავლობაში 3-ნახევარი მლრდ დოლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი, რომლის დიდი ნაწილი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნას მოხმარდება. მათ შორის, ერთ-ერთი უმტავრესი სწორედ რიკოთის ავტომაგისტრალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. ახალი გზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება.

ავტობანის რიკოთის მონაკვეთი მაღალი დანახარჯის გამო, შესაძლოა ფასიანი გახდეს. ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს ალტერნატიული გზა, რომელზეც ტრანსპორტი გადაადგილებას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებს.

ამიტომ გათვალისწინებულია, რომ ავტობანი ამჟამად მოქმედი გზაზე არ გაივლის და იგი ცალკე მის გვერდით აშენდება.

„მაგისტრალური გზა ბევრ ქვეყანაში არის ფასიანი. საქართველოს შემთხვევაში, თუკი იგი ფასიანი გახდება, აუცილებლად უნდა განვითარდეს ალტერნატიული გზაც. მძღოლს უნდა ჰქონდეს არჩევანი, რომელი გზით ისარგებლებს. ახალ ზელანდიაში გზის მფლობელი არის კერძო კომპანია, რომელიც პასუხს აგებს გზის კეთილმოწყობაზე და თავად ადგენს ტარიფსაც. ჩვენთან ეს წარმოუდგენელია. ახლა ვინმესთვის გზის მიყიდვა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება და გადაადგილებასაც გააძვირებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ალტერნატიული გზა უნდა არსებობდეს“, - აცხადებს ტრანსპორტის სფეროს ექსპერტი დავით მესხიშვილი.