საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის შემოღებაზე უკვე სერიოზულად მიდის მსჯელობა. მართალია საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ შორია, მაგრამ, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ორიოდე დღის წინ საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირმა მთავრობას ინიციატივით მიმართა, რომ პირებს, რომლებიც არ მუშაობენ, ექვსი თვის განმავლობაში, პენსიის ოდენობის თანხა გადაუხადონ. როგორც პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, სამმხრივ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ინიციატივას განიხილავს, შედის როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე პროფკავშირები და დამსაქმებლების ორგანიზაცია.
„ინიციატივა ითვალისწინებს კომპენსაციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კარგავენ სამსახურს და ვერ პოულობენ. ესაა უმუშევრობის შემწეობა. ასეთი ადამიანებისთვის უნდა იყოს მინიმალური პენსიის ოდენობის ანაზღაურება 6 თვის განმავლობაში. ეს თანხა შეადგენს 180 ლარს“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა. მისივე განმარტებით, შემწეობის გაცემა იმ მოქალაქეებზე იგეგმება, რომლებიც სამსახურს ეძებენ, თუმცა ვერ პოულობენ და არა ყველა უმუშევარ პირზე.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო გარკვეულწილად ეთანხმება პროფკავშირების მოსაზრებას, მაგრამ საკითხს უფრო გლობალურად იხილავს. მისი თქმით, ქვეყანაში უნდა იქნეს მიღებული უმუშევრობის კომპენსაციის ისეთი სქემა, რომელიც იქნება ოპტიმალური და რეალური. ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ სამინისტროში პროფკავშირებთან უმუშევრობის კომპენსაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ესაა კომპლექსური საკითხი, რომელზეც მსჯელობა და კონსულტაცია უნდა გაგრძელდეს. ეს არ არის ჯადოსნური გასაღები. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა გამოცდილება აქვს ამ მხრივ. ამაზე მუშაობა და მსჯელობა რაც სამინისტროშია, სულ მიმდინარეობს. ვფიქრობ, უმუშევრობის კომპენსაცია მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი გახდება, როდესაც ახალგაზრდა, ფიზიკურად ჯანსაღ ჩვენს მოქალაქეებს აქტიურად დავეხმარებით დასაქმებაში, მაგრამ თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ არ ისურვეს მრავალჯერადი შეთავაზების შემდეგ, ალბათ, სოციალური დახმარება მილევადი იქნება. ეს მრავალი ქვეყნის პრაქტიკაა. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და საბოლოო სახე ჯერ არ გვაქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებელი 12%-ია (241 ათასი ადამიანი) რაც გასული 10 წლის მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. თუმცა ასეთი დაბალი უმუშევრობის მიზეზი ის მეთოდლოგიაა, რომლითაც უმუშევრობის მაჩვენებელი გამოითვლება.
„საქსტატის“ მეთოდოლოგიით დასაქმებულად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს. თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს.
თვითდასაქმებულთა აბსოლუტური ნაწილი, ანუ დაახლოებით ერთი მილიონი ეკონომიკურად აქტიური მოქალაქე, სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. მათი შემოსავლები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე ინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9.9%-ს ქმნიან. თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ ან ნატურისთვის მუშაობს, ამავდროულად ისინი თავს დასაქმებულად არ თვლიან. პირველად უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში მიიღეს 1911 წელს. მას შემდეგ ასეთი მოდელი ბევრი ქვეყანამ გადმოიღო. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში სამსახურის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფო მოქალაქეს 180–დან 300 დღემდე ეხმარება ისიც გარკვეული პირობებით – პირი ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ მცირე, 600 დღე მაინც უნდა იყოს ნამუშევარი. სამუშაო საკუთარი ნებით არ უნდა დატოვონ და რაიმე გადაცდომის გამო არ უნდა გაათავისუფლონ.
რუსეთში უმუშევრობის დახმარება საკმაოდ მცირეა – 850 რუბლიდან იწყება (36 ლარი) და მაქსიმუმ 4,900 რუბლს აღწევს (210 ლარი). კომპენსაცია აქაც დამოკიდებულია პირის სამუშაო გამოცდილებასა და ანაზღაურებაზე.
აზერბაიჯანში ამ დროისთვის მთავრობა, უმუშევართა კომპენსაციის გაუქმებას განიხილავს. კანონის მიხედვით, აზერბაიჯანში ხელფასის დაზღვევა შემოვა, სადაც კომპენსაციის თანხის ნახევარს დამქირავებელი, ნახევარს კი თავად დასაქმებული გადაიხდის. თუ დასაქმებულის სამუშაო გამოცდილება 10 წელზე მეტია ის კომპენსაციას 12 თვე მიიღებს, ხოლო მინიმალურ კომპენსაციას მიიღებს ის უმუშევარი, რომელსაც სამუშაო გამოცდილება 3 წელზე ნაკლები ექნება.
სომხეთში უმუშევართა კომპენსაცია 2012 წელს გააუქმეს.