თბილისში სატრანსპორტო ტიპის ცვლილებებია. ერთ მხრივ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისფლება მაქსიმალურად ერიდება შიდა საქალაქო ტრანსპორტის გაძვირებას და ამისათვის ახალი რეგულაციაც შემოიღეს. მეორე მხრივ კი, თბილისში ტურისტებისთვის საბაგიროს ტარიფი ორმაგდება. სხვათა შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დარეგულირება დედაქალაქის გარდა, სამ მსხვილ ქალაქშიც მოხდება.
თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ საბაგიროების ფასის ცვლილების ინიციატივით საკრებულოს უკვე მიმართეს. ამჟამად საბაგიროებით სარგებლობის საფასური 1 ლარს შეადგენს, თუმცა მისი თვითღირებულება 1.95 ლარია.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ არ არის მიზანშეწონილი მერიამ დააფინანსოს უცხოელი ტურისტების ან თუნდაც საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ-გასართობი ღონისძიებები.
„დღესდღეობით საბაგიეროებით სარგებლობის საფასური შეადგენს 1 ლარს. თუმცა, მისი თვითღირებულება არის 1.95 ლარი. მგზავრების 80% უცხოელი ტურისტია. ჩვენი პოზიცია ასეთია: მერია არ უნდა აფინანსებდეს მგზავრების, მათ შორის, უცხოელი ტურისტების კულტურულ გასართობ ღონისძიებებს. საბაგირო არ არის მგზავრობის საშუალება, დღესდღეობით, ეს კულტურულ-გასართობი მიმართულებაა, როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მერიას საბაგიროების შენახვა უჯდება დაახლოებით 1 720 000 ლარი, სწორედ იმიტომ, რომ ეს შეღავათებია დაწესებული. მერიის პოზიციაა, რომ არ არის მიზანშეწონილი დავაფინანსოთ უცხოელი ტურისტების ან თუნდაც საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ-გასართობი ღონისძიებები. უმჯობესია თანხა უფრო მართებულად დაიხარჯოს. მერია სხვადასხვა უფასო და შეღავათიან მგზავრობებს ყოველწლიურად აფინანსებს 60 000 000 ლარით“, - განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მერიის ინიციატივა, რომლითაც საკრებულოს მიმართეს, საბაგიროთი მგზავრობის ფასის 2 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
„2 ლარი თუ გახდება საბაგირო, იქნება რენტაბელური, თავის თავს შეინახავს. ამით მერია და სატრანსპორტო კომპანია 1 720 000-ის ეკონომიას გაწევს. კომპანიამ მიმართა მერიას წერილით, რომ მიზანშეწონილად მიაჩნდა ფასების გადახედვა და მერიამ მიმართა ინიციატივით საკრებულოს. საკრებულო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიტანოს საბაგიროთი მგზავრობის ფასში ცვლილებები თუ არა“, - აღნიშნეს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
საბაგირეობით გადაადგილება მერიის პრიორიტეტებში არ ჯდება, რასაც ვერ ვიტყვით შიდა საქალაქო ტრანსპორტზე. ამ მხრივ არათუ თბილისის მერია, არამედ ქვეყნის მთავრობაც არის დაინტერესებული, რომ ტარიფი არ გაიზარდოს. ამიტომ 2 მარტის მთავრობის დადგენილებით გადაწყდა, რომ 2017 წლის აპრილიდან საქართველოს 4 ქალაქში მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს მგზავრობის ფასის თვითნებურად დადგენა აღარ შეეძლებათ.
მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიებისთვის ახალი წესი ამოქმედდება პირველი აპრილიდან და 4 ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავის) სამაშრუტო ხაზების მესაკუთრეები ტარიფს საკუთარი ნებით ვეღარ შეცვლიან.
მთავრობის დადგენილებით, მგზავრობის საფასურს კონკრეტული ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრავს. სანაცვლოდ, კომპანიები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქალაქებში გაძვირების მგზავრობის მცდელობას უკვე ჰქონდა ადგილი.
შესაძლო რეგულაციის ამოქმედებით უკმაყოფლებას არ მალავენ, მიკროავტობუსის მძღოლები, რომლებიც გაძვირებულ ცხორებასა და დაბალ შემოსავალზე საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი მირიან ბეროშვილი აცხადებს, რომ მსგავსი რეგულაციების დაწესება მიკროავტობუსის კომპანიებზე ზეწოლაა. მისი თქმით, მძღოლები ისედაც მინიმალურ მოგებაზე მუშაობენ და მსგავსი გადაწყვეტილება კი მუშაობას აზრს დაუკარგავს. ამიტომ ისინი არც გაფიცვაზე დაიხევენ უკან.