საკრებულოს დეპუტატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს და ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს
20 მარტს პარლამენტარ ეკა ბესელიასა და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს შორის დავაზე საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის თანახმად, ელისაშვილმა ბესელიას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1000 ლარი უნდა გადაუხადოს და ,,რუსთავი 2''-ის ეთერში, ბესელიას წინააღმდეგ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები უარყოს.
საქმე ეხება 2015 წლის 22 დეკემბერს ელისაშვილის მიერ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის გადაცემა ,,არჩევანში'' ე.წ. კოკაინის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას, თითქოს პოლიტიკოსი ბესელია პატიმართა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელისაშვილზე ზეწოლას ახდენდა და შესაწყალებელი პატიმრების სიაში ჩასმისთვის ფულს იღებდა. მოკლედ, ელისაშვილი ბესელიას კორუფციაში ადანაშაულებდა, რის გამოც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ საკრებულოს დეპუტატს ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 500 ლარი მოითხოვა. სასამართლომაც ბრალდებები ცილისწამებად ჩათვალა, თუმცა ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ალეკო ელისაშვილი ამ გადაწყვეტილებას არ სცნობს და გასაჩივრებას აპირებს.
ალექსანდრე ელისაშვილს მიაჩნია, რომ სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ კანონის შესაბამისად, გასაჩივრებას ჯერ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი გადაწყვეტილების მიხედვით, უზენაეს სასამართლოსა და სტრასბურგშიც აპირებს. ,,ეს ნიშნავს, რომ ბესელიას, ბიძინა ივანიშვილსა და მსგავს ადამიანებს ჯიბეში ჰყავთ სასამართლო. მაფიოზებივით იქცევიან და უნდათ, ყველას გააგებინონ, რომ თუ ვინმე გაბედავს ,,ოცნების'' მაღალჩინოსნებსა და მათ შორის საყოველთაოდ ცნობილ კორუმპირებულ პერსონაჟ ბესელიაზე რამის ხმამაღლა თქმას, ყველას ასე მოექცევიან. ეს ერთგვარი გაჩუმების ნიშანია'', - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი და აპირებს, ყველას მაგალითი მისცეს: ,,სასამართლო მართლა სამარცხვინო დღეშია და ეს ამბავი მურუსიძე-ურთმელიძე-ნაზღაიძის საქმის ტიპური გაგრძელებაა. გავაგრძელებ ბრძოლას, რათა ,,ოცნების'' მექრთამეობის თავგასულობას ადგილი მივუჩინო''.
რაც შეეხება, სამართლებრივ დავას, ეკა ბესელიას ადვოკატი გიგა კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ საკრებულოს დეპუტატმა ვერ წარადგინა თავისი განცხადებების დამამტკიცებელი საბუთები, სამაგიეროდ მათ წარადგინეს მტკიცებულებები, რომ ელისაშვილის განცხადებები სიცრუე იყო. ,,მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის დადგენილება წარვადგინეთ, სადაც წერია, რომ არანაირი კონტაქტი, სატელეფონოც კი, ეკა ბესელიასა და ალექსანდრე ელისაშვილს შორის არ ყოფილა. შეიძლება, მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი არ დაფიქსირდეს, მაგრამ ამონაწერში სმს-ს გაგზავნა მაინც უნდა დაფიქსირებულიყო'', - გიგა კვერენჩხილაძის ამ განცხადებას ელისაშვილი პასუხობს, რომ ბრალდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განიხილებოდა და მოსამართლეს შინაგანი რწმენით უნდა ეხელმძღვანელა: ,,მით უმეტეს, მეც შევიტანე შესაგებელი, სადაც ბესელია მექრთამეს მიწოდებდა და მის მიერ გაჟღერებულ ფაქტზე ჩემ წინააღმდეგ საქმეც კი აღიძრა. რომელიღაც პატიმარი წერდა, ელისაშვილი ფულს მთხოვდა შეწყალების კომისიაშიო. ამაზე პროკურატურაში საქმე აღიძრა, დაიხურა თუ ისევ გრძელდება, ესეც არ ვიცი, რადგან პროკურატურა არ მპასუხობს. მოსამართლემ თქვა, რომ ეს ეკა ბესელიას მოსაზრება იყო. ბესელიას ცილისმწამებლური განცხადება მოსაზრება ყოფილა, ჩემი ნათქვამი კი - მტკიცება (?!). სამარცხვინო ქალი აღმოჩნდა ქეთევან კუჭავა, მოსამართლე, ვინც ეს საქმე განიხილა!''
ეკა ბესელიას ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არ გაკვირვებია, რომ ელისაშვილს 20 500 ლარის ნაცვლად, 1000 ლარი დაეკისრა: ,,საქართველოს სასამართლოებში მსგავსი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული - ძალიან მცირე თანხით კმაყოფილდება მორალური ზიანი. ეს თანხა სიმბოლურია, არც ვფიქრობდით მის გამოყენებას, თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ფონდში გადავრიცხავდით და ასეც მოვიქცევით. რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ეს ტერმინი 7-8 წლის წინ გაუქმდა კანონში. ელისაშვილმა უბრალოდ გაკეთებული განცხადებები უნდა უარყოს. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა წაიკითხოს ეთერში''.
თავად ეკა ბესელიამ სასამართლოს გადაწყვეტილება, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ამგვარად შეაფასა: ,,ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომ ალეკო ელისაშვილი არის ცილისმწამებელი და მატყუარა!!! ეს თქვა გამოძიებამ დეტალური გამოძიებით და ეს თქვა ახლა უკვე სასამართლომ!!! პრინციპულია, შეიქმნას ადამიანის ღირსების დაცვის პრეცედენტები ასეთი ცილისმწამებლებისგან, როგორიც ელისაშვილია.!!! რაც შეეხება ჯარიმას, ბავშვთა ფონდს ჩაერიცხება. უარყოფა კი მისივე საყვარელ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ით მოუწევს!!!''.
ბესელია სასამართლოს განჩინებით კმაყოფილია, ელისაშვილი კი უკმაყოფილო და უკან დახევას არ აპირებს. საინტერესოა, სასჯელის რა ფორმა ემუქრება დეპუტატს, თუკი იგი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციებში გაასაჩივრებს, იდენტური გადაწყვეტილებების გამოტანის შემთხვევაში კი, განჩინებას არ შეასრულებს? როგორც ,,ვერსიამ'' იურისტებთან გაარკვია, ფულადი ჯარიმის შემთხვევაში საქმე მარტივადაა - ურჩ დეპუტატს თანხა დაუყადაღდება და იძულებითი აღსრულება განხორციელდება. განცხადებების ტელეეთერით უარყოფაზე უარის თქმა კი, როგორც ირკვევა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით რეგულირდება, რაც გულისხმობს განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, ანდა მისი შესრულებისთვის ხელის შეშლას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.