საქართველოს ხელისუფლება "საგადასახადო ტერორიზმში" დაადანაშაულეს. ბიზნესმენებს ფინანსური პოლიციით აშინებენ და ჯარიმებითა და ტერორით იღებენ დამატებით შემოსავლებს.
სწორედ ეს მონაცემები აქვს მოყვანილი ამერიკულ ჟურნალ "ბლუმბერგ ბიზნესვიკს" წერილში, რომლის სათაურია "თბილისში ჩარჩენილი". წერილი ეხება რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაპატიმრებას და საქართველოში არსებულ ბიზნესტერორს. ამერიკული ჟურნალი ასევე აქვეყნებს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტისა და "მაგთიკომის" გენერალური დირექტორის დევიდ ლიის ბლიცინტერვიუს:
"საქართველოს მთავრობა უმალ აპატიმრებს ყველას, მაშინ როცა იგივე საქმეები დასავლეთში განიხილება როგორც უმნიშვნელო სამოქალაქო და საგადასახადო საკითხები", - ამბობს დევიდ ლიი და მაგალითად მოჰყავს გასული წლის რამდენიმე ფაქტი, როცა საქართველოში უცხოური კომპანიის თანამშრომლები სასამართლო გარჩევის გარეშე დააპატიმრეს. კითხვაზე, რას ფიქრობს ფუქსის ეპიზოდის თაობაზე, ლიი პასუხობს,“"ეს საქმე არავისთვის იქნება სასიკეთო".
მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში "ვარდების ხელისუფლება" მოვიდა, ქვეყანა არაერთ საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. უცხოელი ინვესტორების შევიწროებამ არა მარტო ფინანსური ზარალი მოგვიტანა, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტიც საფუძვლიანად შეგვერყა. არავინ ამბობს, რომ ბიზნესმენს უცხოელობის გამო დანაშაული უნდა ეპატიოს, მაგრამ რატომღაც როცა საქმე საერთაშორისო ასპარეზზე გადის, მუდმივად საქართველოა გამტყუნებული და წაგებული. ნუთუ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს წინააღმდეგ შეიკრა?
სხვათა შორის, საქართველომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უცხოელ ინვესტორებთან კიდევ ერთი დავა წააგო. იტალიურ "მეტალ ჯგუფს" საქართველომ რამდენიმე მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.
არჩილ კბილაშვილი, ადვოკატი: - ამ ფირმას მეტალურგიული ქარხანა რეაბილიტაციისთვის ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობისას გადასცეს. ახალმა "ვარდების ხელისუფლებამ" კი დაასკვნა, რომ იტალიელები ვერ ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს და ვერც მომავალში შეასრულებდნენ. ამიტომ სასამართლომ ფირმას გაუუქმა მეტალურგიულ ქარხანაზე ყოველგვარი უფლება და ქონება აუქციონზე გაყიდეს. ფირმის პრეზიდენტი ჯანკარლო ონჯისი რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში ამ საკითხის მოსაგვარებლად.
ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილება სასამართლომ 2005 წლის თებერვალში, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მეორე დღესვე გამოიტანა. საქმე ის არის, რომ ჯანკარლო ონჯისი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ჟვანიას უნდა შეხვედროდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი წინადღეს გარდაიცვალა. ასე რომ, ფირმამ ქონებრივი უფლებები დაკარგა. 2005 წელს იტალიელებმა სარჩელი შეიტანეს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. 2008 წლის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს რამდენიმე მილიონის გადახდა დაეკისრა.
ებრაელი ბიზნესმენების სკანდალურ საქმეს წინ უძღოდა ავსტრიული "შირნჰოფერისა" და იტალიური "ბადაგონის" საერთაშორისო სკანდალები. ორივე შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტსა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრს უცხოელი კოლეგებისთვის მობოდიშება და რევერანსები დასჭირდა, მაგრამ დღემდე არავინ დაუსჯიათ. "ბადაგონს" ფინანსური პოლიცია 2006 წლის 14 ნოემბერს დაესხა თავს.
ქარხანაში დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გამომძიებლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები (მაშინდელი მინისტრი ცისკარიშვილიც იქ გახლდათ) და "სამტრესტის" თანამშრომლები შეიჭრნენ და ვითომ ფალსიფიცირებული ღვინის დაღვრის შემდეგ, რეზერვუარები დალუქეს. საქმე ისევ საერთაშორისო სკანდალამდე მივიდა. მასში იტალიის პრეზიდენტი და დიპლომატიური კორპუსიც ჩაერივნენ. "ბადაგონიმ" ქართველი მაკონტროლებლებისგან დაწუნებული ღვინის უმაღლესი ხარისხიანობის დამტკიცებაც შეძლო და ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ღვინის ფესტივალზეც სწორედ ამ ღვინომ გაიმარჯვა.
დავით ასათიანი, "ბადაგონის" ადვოკატი: - კომპანია "ბადაგონიმ" უფლებების აღდგენა სასამართლოს ძალით მოითხოვა. ამას მთავრობის შემხვედრი ნაბიჯი მოჰყვა და პრობლემა ამოიწურა. პრეტენზია ღვინის ხარისხზე იყო, აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც. მაგრამ პროდუქციას ჩაუტარდა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ხარისხზე პრეტენზია უსაფუძვლო იყო და შესაბამისად, ყველა ღონისძიება შეჩერდა.
ზარალის ანაზღაურება არ მოითხოვეთ?
- რადგან ადმინისტრაციული ორგანოები საქმეს ობიექტურად მიუდგნენ, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს აღარ მივმართეთ. ეს კომპანიის კეთილი ნება იყო.
"შირნჰოფერს" პრობლემები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ფირმის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ფინანსური პოლიციის მაშინდელი შეფის, დავით კეზერაშვილის მითითებით უხარისხობისა და "ჩხირების აღმოჩენის" საბაბით თვეობით საბაჟოზე დაატყვევეს. და როცა ამასაც დიდი სკანდალი მოჰყვა, გაირკვა, რომ "შირნჰოფერს" უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჰქონია და საბაჟოზე ტვირთის ორი თვით დაყოვნება გავლენიანი პირების წილში ჩაჯდომის სურვილით იყო გამოწვეული.
სწორედ იმ დროს ავსტრიაში ბიზნესფორუმზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაცია ჩაფრინდა.
დელეგაციის წევრების ინიციატივა, ინვესტორებს თავგამოდებით რომ ეპატიჟებოდნენ საქართველოში, ფორუმის მონაწილეებს სასაცილოდ არ ეყოთ, რადგან კარლ შირნჰოფერმა ქართველებს მიახალა, საქართველოში ჩემი ნებით ჩამოვედი და არ მამუშავებთ, ახლა კი აქ ჩამოდიხართ და ავსტრიელ ბიზნესმენებს ეპატიჟებითო.
ნოღაიდელმა ავსტრიაში თავი იმით იმართლა, რომ არაფერი იცოდა(?!). თუმცა სამშობლოში დაბრუნებული ნოღაიდელის მითითებებმაც ვერაფერი შეცვალა, "შირნჰოფერის" პროდუქცია საბაჟოდან ვერ დაიძრა მანამდე, სანამ ავსტრიის კანცლერი პირადად არ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს. სხვათა შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ პრეზიდენტის უშიშროების საბჭოზე გამოსვლის შემდეგ, სადაც მან თქვა, რომ სასწრაფოდ ამოწურულიყო ეს საკითხი, გამოიტანა გადაწყვეტილება და ფინანსურ პოლიციას "შირნჰოფერის" სასარგებლოდ 60 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. სკანდალი იმით დასრულდა, რომ "შირნოჰოფერმა", რომელიც 50-მილიონიანი პროექტის განხორციელებას აპირებდა საქართველოში, უარი თქვა ინვესტიციების ჩადებაზე და საქართველოსთვის დაგეგმილი პროექტი ყაზახეთში განახორციელა.
კორუფცია საქართველოში
საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში კორუფცია პრობლემაა. მონაცემები მსოფლიო ბანკმა დააფიქსირა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა ხელისუფლებაში კორუფციისთვის სასჯელს ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს მთავრობამ ეს კანონი მხოლოდ დაბალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ აამოქმედა.
ზოგიერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ თვალსაზრისით საქართველომ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩართული არიან მაღალი დონის კორუფციაში. როგორც დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ წვრილმანი კორუფციის დონე შემცირდა, მაგრამ კორუფცია მაღალ დონეზე საქართველოში კვლავაც პრობლემად რჩება. - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.