გურამ დონაძე დააკავეს

გურამ დონაძე დააკავეს

პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ზურაბ მიქაძეს, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გურამ დონაძეს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს - დავით იაშვილს, ირაკლი ფირცხალავას, ალექსანდრე გვაზავას, ლევან გვაზავასა და ზაზა ბაქრაძეს წაუყენა. მათ ბრალი ედებათ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ძალადობასა და დაზარალებულის შეურაცხყოფაში. პროკურატურის განცხადებაში ვრცლად არის აღწერილი, როგორ მოახდინეს ზემოხსენებულმა მაღალჩინოსნებმა რობაქიძის საქმის ფაბრიკაცია. 

გურამ დონაძე, რომელიც საზღვარგარეთ იყო, საქართველოში დაბრუნდა და ის საზღვარზევე დააკავეს.

გურამ დონაძის ადვოკატებმა 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს და იქვე დონაძის ჯანმრთელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი მტკიცებით, იგი ბ და ც ჰეპატიტით არის დაავადებული, აქვს შაქრიანი დიაბეტი და გაკეთებული აქვს კუჭის ოპერაცია. მას შემდეგ, რაც დარბაზში რეპლიკა ისროლა სოსო რობაქიძემ, მოსამართლემ პროცესიდან გააძევა. მოგვიანებით სასამართლო დარბაზი ბუტას ბაბუამ და ბიძამ დატოვეს. ბრალდებულმა დონაძემ სცადა საჯაროდ სამძიმარი ეთქვა რობაქიძეებისთვის, რასაც დარბაზში შეძახილი მოჰყვა:

- შენ ვის უნდა მიუსამძიმრო, შე ნაგავო, სწორედ შენს თავში მოიხარშა ამ საქმის შეთითხნა, ხმას როგორ იღებ?

თბილისის საქალაქო სასამართლომ დონაძეს 25 ათასი ლარის, ალექსანდრე და ლევან გვაზავებს, ირაკლი ფირცხალავასა და დავით იაშვილს 15-15 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.