„არაერთხელ მომისმენია მამა გიორგისგან და სოსო ოხანაშვილისგანაც, რომ რაღაცა უფსკრულის პირას იყვნენ და, რომ უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. მისივე თქმით, სწორედ სოსო ოხანაშვილის და მამა გიორგი მამალაძის დამსახურებით აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მამალაძე იმასაც ამბობს, რომ სოსო ოხანაშვილის საპატრიარქოდან წასვლა პირდაპირ უკავშირდება ციანიდის საქმეს.
for.ge ირაკლი მამალაძეს ესაუბრა.
რატომ გახდა გამოძიებისთვის აუცილებელი თქვენი დამატებითი დაკითხვა, ეს უკავშირდება საქმეში არსებულ ახალ გარემოებებს?
ირაკლი მამალაძე: გამოძიებას ალბთა, გაუჩნდა შეკითხვები, მეც ვუპასუხე. არ ვიცი, როგორ გითხრათ, მეც მაქვს გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი და ძალიან ბევრ რამეს ვერ ვამბობ, რადგან მე ვიცავ ამ პრინციპს. ადვოკატები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ, რომ თითქოსდა ნორმალურად ვერ იცავდნენ ეჭვმიტანილს, ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში კითხულობენ ჩვენებებს. პირდაპირ გაზეთის ფურცლებიდან ხდება ცნობილი საქმის უამრავი დეტალი.
საქმის მასალების საჯაროდ ლაპარაკი დაიწყო მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო მიხეილ რამიშვილი, რომელსაც არ აქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობაზე...
- უკაცრავად, მაგრამ ფანცულაიას ხომ აქვს ხელი მოწერილი, რომლის ინტერვიუც ვნახეთ. როგორ არის, რამიშვილი ლაპარაკობს ფანცულაიას პირით? მათ როგორც აწყობთ ისე აკეთებენ. არ ვიცი რაში სჭირდებათ ჩემი ჩვენებების გამოქვეყნება. ვერ ვხვდები რატომ არის მათთვის საინტერესო ჩემი ჩვენება, როცა მათ სასრგებლოს ჩვენებაში არაფერს არ ვიძახი. ამ ადამიანებმა უნდა აწარმოონ ალტერნატიული გამოძიება და მოიპოვონ სხვა მტკიცებულებები, რომ როგორმე ნორმალურად შეძლონ მამა გიორგის დაცვა, მაგრამ როგორც ვხედავ, ამ ხალხს სახუმაროდ აქვს საქმე და პირადირ გეტყვით, რომ საზოგადოებას მასხრად იგდებენ.
საქართველოს მოსახლეობის 80% შოკირებულია ამ საქმით და ამ დროს მამა გიორგი ამბობს, რომ ის ხუმრობდა. ასევე, უკიდურესი ცინიზმით საუბრობენ ამ საქმეზე თავად ადვოკატები და ამბობენ, რომ მერე რა, რომ შორენა თეთრუაშვილი იყო მოსაკლავი, ეს არაფერი იყოო, წარმოუდგენელ რაღაცასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ოთხჯერ შეხვდე ადამიანს და ოთხივეჯერ ერთი და იგივე თემაზე იხუმროს, ეს წარმოუდგენელია, არაფერში არ ჯდება.
მამა გიორგი გამოირჩეოდა თავისი იუმორით?
- მინდა გითხრათ, რომ მამა გიორგის არ ჰქონდა კარგი იუმორის გრძნობა. თავიდან ამბობდნენ, რომ მამა გიორგი ისეთ ჩვენებას მისცემს, რომ შოკირებული დარჩებითო. რითი დარჩა საზოგადოება შოკირებული? იმით, რომ მამა გიორგი შორენა თეთრუაშვილისთვის ეძებდა ციანიდს, რითაც თურმე თავის მოკვლას აპირებდა ქალბატონი შორენა, მეც ვიცოდი ამის შესახებ და ხელს ვუწყობდი? ძალიან არასერიოზულად უდგებიან ამ საქმეს.
რატომ ფიქრობთ, რომ ადვოკატები არასერიოზულად უდგებიან ამ საკმაოდ სკანდალურ საქმეს?
- იმიტომ, რომ უბრალოდ, მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. თუ უფრო გონივრულად და სერიოზულად არ მიუდგებიან ამ ყველაფერს, ეს საქმე თავიდან ბოლმდე მარცხისთვის არის განწირული სასამართლოში. შეუძლებელია მოსამართლე დაარწმუნო იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი თავს იკლავდა და ამიტომ ვიღაცა მისთვის ციანიდს ეძებდა. მეც ვნერვულობ, შოკირებული ვარ და ძალიან განვიცდი მამა გიორგის დღევანდელ მდგომარეობას. გინდა არ გინდა, მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამაში, ადამიანურად ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო ის, რომ მომიხდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა, მე სხვა გამოსავალიც არ მქონდა.
საკუთარ თავსაც ვიღუპავდი, ჩემს ახლობლესაც და ჩემი დუმილით მილიონობით ადამიანს მივაყენებდი დიდ ტკივილს. ეს ყველაფერი რომ არ მეთქვა, არ ვიცით როგორ განვითარდებოდა პროცესები. ვნერვიულობ ადამიანზე და თურემ ამ ადამიანს და მის ადვოკატებს სანერვიულო არაფერი ჰქონიათ. თურმე მამამ გიორგის ამ ხუმრობას შეეწირა სოსო ოხანაშვილის თანამდებობა, სასწრაფოდ მოიწვიეს სინოდის დაუგეგმავი სხდომა. აი, არ მესმის, რა ლოგიკასთან გვაქვს საქმე, ეს არის საზოგადეობის და ქვეყნის ინტერესების აგდება.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თქვენ ეხმარებით პროკურატურას ვერსიების შექმნაში, როდესაც ამბობთ, რომ პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და რომ საქმის მასალებს მეტ-ნაკლებად იცნობთ...
- მეც მაქვს კითხვა, თუ მარტო მე ვლაპარაკობ, როგორ შეიძლება ერთი პირის ჩენებაზე რაიმე ვერსია შეიქმნას? კარგად იცის რამიშვილმა, რომ ერთი პირის ჩვენება არაფერს არ ნიშნავს, თუ საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებები. ჩემი დახმარება პროკურატურას ნამდვილად არ სჭირდება არანაირი ვერსიის შექმნაში. საგამოძიებო უწყება ვალდებულია სასამართლოზე მიიტანოს ეს საქმე და დაამტკიცოს. რამიშვილმა სასამართლოში ამტკიცოს, რომ მე ვერსიებში ვეხმარებოდი პროკურატურას, რა ვთქვი და როგორ ვთქვი.
არც ერთ ეტაპზე, არანაირი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა, პირიქით, ყველა პირობა მაქვს იმისთვის, რომ ჭეშმარიტება ვისაუბრო ამ საქმეზე და შემიძლია სრული პასუხსიმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი ყველა სიტყვა, ეს იქნება ჩვენება, თუ ჩვენების გარეთ, არის მოზომილი. ნამდვილად, იმაზე მეტად ხელოვნურად ვერ დავამძიმებ საქმეს, ვიდრე ამ მომენტისთვის არის.
გასაგებია, მაგრამ თქვენს პირველ სამ ჩვენებაში რატომ არ ფიგურირებენ სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი?
- სრული ჩვენება მივეცი მას შემდეგ, როცა გამოქვეყნდა ვიდე-აუდიო ჩანაწერები. იქიდან გამომდინარე, რომ მე სტრესული მდგომარეობაც მქონდა, რადგან პირველად მომიწია ასეთი ნაბიჯის გადადგმა, იყო გარკვეული დაბნეულობაც, ადამიანები ვართ ყველა, მე ყველაფერი არ მახსოვდა ამ ჩანაწერებიდან და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მას შემდეგ, რაც მოისმინა საზოგადოებამ ეს ჩანაწერები და მეც მათ შორის, ამის შემდეგ დაიგეგმა ჩემი დაკითხვა. მივეცი სრულყოფილი ჩვენება.
სწორედ ამ ჩანაწერებში ჩანს იგივე მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის გვარიც, როცა მამა გიორგი მეუბნება, რომ ისინიც დელეგაციაში არიან და ა.შ. ამაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ადვოკატები ცდილობენ რაღაცა დისონანსი შემოიტანონ, ეს მათი საქმეა იხმაურონ და რაც უნდათ ის გააკეთონ, თუმცა, ყველას მოვუწოდებ, არ შეიძლება საზოგადოება აიგდო მასხრად და ასეთ ფაქიზ თემას მოეპყრო ისე, როგორც ეს ადამიანები ეპყრობიან, რომ თითქოს შორენა თეთრუაშვილს თავის მოკვლა უნდოდა და მამა გიორგი ამიტომ ეძებდა ციანიდს. ეს არის უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულება.
რა კონტექსტში ახსენებთ ახალ ჩვენებაში მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილს?
- დეტალების მოყოლის უფლება არ მაქვს. არაფერი ისეთი, როგორც მე მახსოვს, ზოგად კონტექსტშია საუბარი. მე ვთქვი, რომ სოსო ოხანაშვილი, მამა გიორგი და მეუფე დიმიტრი იყვნენ უახლოესი პირები, ეს ადამიანები, სხვა მეუფეებთან ერთად ერთ ფრთას წარმოადგენდნენ საპატრიარქოში. სოსო ოხანაშვილი განკარგავდა დაცვის სამსახურს, მამა გიორგი ქონების მართვის სამსახურს, ეს ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ როგორც პირადი, ასევე საქმიანი ურთიერთობებით.
ესენი იყვნენ მეგობრები და ა.შ. თუ რომელიმე ეტაპზე სოსო ოხანაშვილს, ან მეუფე დიმიტრის გამოძიებასთან რაიმე პრობლემები შეექმნება, მე მგონია მათ ფანცულაიას დასაცავი არაფერი სჭირთ, რაღაცას მოიფიქრებენ და თავს როგორმე დაიცავენ. ფანცულაიამ და რამიშვილმა სრულყოფილად დაიცვან მამა გიორგი.
უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ სოსო ოხანაშვილს და მეუფე დიმიტრის შეიძლება გამოძიებასთან გაუჩნდეთ პრობლემები?
- არ ვიცი, მე წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით. მე გამოძიებას მივეცი სრულყოფილი ჩვენება. დანარჩენი, გამოძიება რას და როგორ დაადგენს, ეს მათი საქმეა. ვერ გავიგე რა ხელს აძლევს დაცვის მხარეს ის, რომ ჩემს ჩვენებაში გამოჩნდა მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი? ამით რამე შუმსუბუქდება მამა გიორგის?
დაცვა ამბობს, რომ გამოძიებას არ აქვს მტკიცებულება, რითაც დასტურდება მამა გიორგის დანაშაული, ამიტომ გამოძიებამ მეოთხედ დაგკითხათ და უკვე ახალ ჩვენებაში ჩნდება სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ახალი ჩვენების საფუძველეზე ოხანაშვილი ბრალდებულთა სიაში გადაინაცვლებს...
- რა მტკიცებულება არ აქვთ? თუ მტკიცებულება არ აქვთ, მაშინ გამოუშვან ის კაცი. მესმის, რომ ძალიან მძიმე და ძნელი საქმე აქვთ. ამიტომ, მათი განცხადებები ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას, შექმნან შთაბეჭდილება, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა. როცა 47 მიტროპოლიტი გიცხადებს ნდობას, უკვე ყველაფერი ცხადდზე ცხადია. ყველა ხვდება, რომ ეს მართლაც მძიმე საქმეა და მართლაც მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული, რომელიც აიცილა ქვეყანამ.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლოშია, მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კვლავ დაუდგენელია, თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი...
- მე რატომ უნდა გაგცეთ ამაზე პასუხი, ჩემგან არ შეუძენია. გამოძიებამ უნდა იმუშაოს და დაადგინოს ვისგან შეიძინა. რაც შეეხება ჩემთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ყველამ დაინახა, რომ აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. როცა ორი ადამიანი ლაპარაკობს მომწამვლელი ნივთიერების შოვნაზე, მის შეძენაზე, გადაცემაზე, ასევე თურმე არსებობს სუბიექტი, რომელიც შაქარს არ ჭამს და ა.შ. აქ დანაშაულის ნიშნები არსებობს. ამიტომ, ჩემთან დაკავშირებით ვერავის ვერ ექნება პრეტენზია, რომ მე რაიამეში ვინმეს დავეხმარე, ეს არის აბსურდი. მე ამ ადამიანებმა ჩამაგდეს უმძიმეს მდგომარეობაში.
ვინ არიან ეს ადამიანები?
- მამა გიორგიმ, სოსო ოხანაშვილმა და იმ პირებმა, რომლებიც ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ.
სოსო ოხანაშვილმა რატომ ჩაგაგდოთ უხერხულ მდგომარეობაში?
- იმიტომ, რომ სოსო ოხანაშვილს და მამა გიორგის ვიცნობდი, ორივემ იცოდა, რომ მე მათ ვეხმარებოდი სრულიად უანგაროდ. ისინი გარკვეულ მასალებს მაძლევდნენ და ვმუშაობდი როგორც ჟურნალისტი, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი, რომელიც მიგაჩნია თითქოს შენს ნათესავად და ახლობლად თვლი, მას შესთავაზო ციანიდის შოვნა და ჩაითრიო ასეთ ბინძურ საქმეში. პირდაპირ გეუბნებით, რომ ასეთი დღეები ცხოვრებაში არ მქონია. მათი დამსახურებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩდი და როცა ამბობენ, რომ მე ისინი გავწირე, პირველი მათ გამწირეს, როდესაც შემომთავაზეს ციანიდის შოვნა.
ამბობთ, რომ პირველი მათ გაგწირეს, როდესაც შემოგთავაზეს ციანიდის შოვნა, ამ ნაწილში სოსო ოხანაშვილსაც გულისხმობთ?
- სოსო ოხანაშვილმა კიდევ სხვა კუთხით ჩამაგდო უხერხეულ მდგომარეობაში, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვიტყი. არსებობს რაღაცა თემები რაზეც არ უნდა ისაუბრო. მაგრამ ეს ადამიანები ყოველგვარი ბინძური და აკრძალული მეთოდებით ცდილობდნენ თავის დამკვიდრებას და თავის შენარჩუნებას იმ თანამდებობებზე, რომელშიც იმყოფებოდნენ.
სოსო ოხანაშვილს ციანიდის თემაზე ჰქონდა თქვენთან კონსულტაციები?
- ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს გამოძიების საკითხია.
ე.წ. ციანიდის საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის რაიმე სახით ფიგურირებას უარყოფს მთავარი პროკურორი. ირაკილ შოთაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებამ მხოლოდ ერთი პირის მიმართ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე მისცა პასუხისგებაში მამა გიორგი, ერთი პირი და სხვა პირებთან დაკავშირებით კი, საქმეში არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- არ ვიცი, ეს მათი საქმეა. თუ არ მოიპოვება ე.ი. არ მოიპოვება. ეტყობა სერიზოული არ არის ის მტკიცებულება, არ ვიცი რა გითხრათ. არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ სოსო ოხანაშვილმა იცის რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი მათი წყალობით. სწორედ მათი წყალობით და ეს უნდა გაიაზრონ. როცა ჩემსკენ იშვერენ ხელებს, პირველ რიგში საკუთარ გულში ჩაიხედონ და საკუთარი ნაბიჯები გაანალიზონ როგორ მოქმედებდნენ და რას აკეთებდნენ.
მაგრამ სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ არ გიცნობთ, ერთხელ შეგხვდათ რესტორანში, ისიც მამა გიორგის თხოვნით...
- კარგი ერთხელ მნახა თუ ორჯერ, მან ხომ იცის რა საუბარი ჰქონდა ჩემთან. უკაცრავად, მაგრამ ისიც არ ახსოვს „კვირის პალიტრაში“ ვინ დაუგეგმა ინტერვიუ, როგორ მოხდა ამის დაგეგმვა და შეხვედრა და ა.შ.? რა ვიცი, ენას ძვალი არ აქვს და რაც უნდა ის ილაპარაკოს სოსო ოხანაშვილმა. ეტყობა ოხანაშვილი ძალიან მყარად არის დარწმუნებული, რომ მის წინააღმდეგ არაფერი არ არსებობს, მაგრამ დიდ ხანს ნუ იქნება ასე დარწმუნებული.
ანუ, გამოძიებას აქვს მასალები სადაც ოხანაშვილი ფიგურირებს?
-არა, ზოგადად ვამბობ. ოხანაშვილი რამდენჯერმე მყავს ნანახი, მას მე დავუგეგმე გარკვეული პიარ სტრატეგია. აქედან გამომდინერე ვთხოვე ჩემს მეგობარს „კვირის პალიტრაში“ მისი ინტერვიუს დაბეჭდვა. ასე რომ, ადამიანს არ იცნობდე, ერთხელ გყავდეს შენახვედრი და ინტერვიუებს გიგეგმავდეს, ეს ცოტა წარმოუდგენელია.
ამბობთ, რომ ოხანაშვილმა ჩაგაგდოთ მძიმე მდგომარებაში, მაგრამ როგორ ხსნით იმას, როდესაც გამოძიება ამბობს, რომ მასთან მიმართებაში კითხვები ციანიდთან დაკავშირებით არ აქვთ?
- არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ციანიდმა ჩააგდოს ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში. სხვა რაღაცეებიც არსებობს.
ეს სხვა რაღაცეები გამოძიებისთვის ცნობილია?
- ამასთან დაკავშირებით სოსო ოხანაშვილმა საკუთარ გულში ჩაიხედოს.
ეს საკითხი შესაძლებელია ცალკე გამოძიების საფუძველი გახდეს და თავისი შინაარსით უფრო მძიმე იყოს, ვიდრე ციანიდის საქმე?
- შესაძლოა, ვნახოთ. მოვლენები გვაჩვენებს ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, მე ამ ეტაპზე არაფერს არ გამოვრიცხავ. სოსო ოხანაშვილმა იმაზე მძიმე სასჯელი გამოუტანა თავს, ვიდრე მას გამოძიება გამოუტანდა. შეუძლებელია ადამიანი 14 წლის მანძილზე პატრიარქს ემსახურებოდეს და ასე სამარცხვინოდ წავიდეს საპატრიარქოდან, ეს ყველაზე დიდი დარტყმა იყო.
საპატრიარქოდან წასვლის ოფიციალურ მიზეზად მამა მიქაელთან დაპირისპირებას ასახელებს...
- იცით რა, მანამდეც აქტიურად საუბრობდნენ სოსო ოხანაშვილის წასვლაზე, ყველამ იცოდა, რომ ეს ადამიანი ადრე თუ გვიან ამ თანამადებობას დატოვებდა. არ მგონია და ვერანაირად ვერ დაუვკავშირებ მის წასვლას მამა მიქაელის თემას. ეს ნამდვილად შემიძლია გითრათ.
თქვენ რას უკავშირებთ?
- სოსო ოხანაშვილის საპატრიარქოდან წასვლა უკავშირდება ციანიდის საქმეს და იმას, რომ მან ვერ შეძლო პატრიარქის დაცვა და უსაფრთხოება. ის დაკავშირებულია ციანიდის საქმესთან. სამომავლოდ როგორ, რა ფორმით და რანაირად იქნება, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ყველამ იცის, რომ სოსო ოხანაშვილი, რომელიც იმყოფებოდა ბერლინში, გამოაგდეს პატრიარქის პალატიდან და ის იძულებული გახდა წამოსულიყო და პროკურატურისთვის ჩვენება მიეცა. ასე არ ხდება როცა არაფერი კავშირი არ გაქვს არც მამა გიორგი მამალაძესთან, არც ამ საქმესთან. ასე რომ, მიქაელ ბოტკოველის გამო ნამდვილად არ გამოუგდიათ გერმანიიდან პატრიარქის პალატიდან.
უშვებთ შესაძლებლობას, რომ ციანიდი მამა გიორგის ოხანაშვილთან შეთანხმებით მიჰქონდა ბერლინში შორენა თეთრუაშვილის მოსაკლავად?
- ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ. უბრალოდ, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ არაერთხელ მომისმენია მამა გიორგისგან და სოსო ოხანაშვილისგანაც, რომ რაღაცა უფსკრულის პირას იყვნენ, რომ უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ. პირდაპირ ამბობდნენ, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.
ამ საუბრისას აკონკრეტებდნენ რისთვის იბძოლებდნენ და რატომ იყვნენ უფსკრულის პირას?
- იბრძოლებდნენ საკუთარი გავლენისთვის და საკუთარი თანამდებობისთვის და ა.შ. არ ვიცი შიგნით რა ხდებოდა. უფსკრულის პირას იყვნენ იმიტომ, რომ მათ გარკვეულწილად რაღაცა იმედები ჰქონდათ ბოლო სინოდის სხდომასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იმედები გაუცრუვდათ. ისინი ელოდებოდნენ, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქი დააკმაყოფილებდა შორენა თეთრუაშვილის განთავისუფლების საკითხს. ასევე, მეუფე იაკობის ფინანსური საბჭოდან ჩამოცილების საკითხს. როცა ეს არ მოხდა, უკვე გადავიდნენ ღია დაპირისპირებაზე.
მანამდეც იყო ცნობილი, რომ საპატრიარქოში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და ა.შ. აქედან გამომიდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები თავიანთი არასწორი სტრატეგიით და არამართებული ნაბიჯის გამო, ასე ვთქვათ, საბოლოოდ ხელმოცარულები დარჩნენ. მათდა სამწუხაროდ ჩაეშალათ ეს დიდი გეგმები, რომელიც მათ საპატრიარქოში დიდხანს ყოფნას და წინსვლას უკავშირდებოდა.