„მოგეხსენებათ, რომ ერდოღანი არის პოპულისტი, ავტორიტარი, ამიტომ მრავალწილად, იგი თამაშობს თავის შიდა მომხმარებელზე“, – ასე ახასითებს for.ge–სთან საუბრისას პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე თურქეთის პირველ პირს.
for.ge თამარ კიკნაძეს ესაუბრა.
თურქეთსა და ევროპას შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროპას დაემუქრა, რომ ევროპა მალე წმინდა ომების ადგილი იქნება, რასაც კონტინენტზე ასი წლის წინ, უკვე ჰქონდა ადგილი. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს მუქარა წმინდა ომზე?
თამარ კიკნაძე: მართლაც, ძალიან დაიძაბა ევროპასა და თურქეთს შორის ურთიერთობა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ კიდევ 1963 წლიდან დაიწყო ლაპარაკი თურქეთის ევროსტრუქტურებში გაერთიანების შესახებ, 1995 წელს დაიწყო ევროკავშირში მიღების პროცედურა და თურქეთი ასრუდლებდა ყველა იმ მოთხოვნას, რასაც ევროკავშირი უყენებდა, მაგრამ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდა.
თუმცა, თურქეთი არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი...
– ნამდვილად, მაგრამ გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ხელისუფლებაში არის ერდოღანი, რომელიც არ ჯდება დასავლური ტიპის მმართველების წარმოდგენაში. ერდოღანი რამდენჯერმე იყო პრემიერი, შედეგ უკვე პრეზიდენტად აირჩიეს. ახლა მიმდინარეობს გამოკითხვა ე.წ. „EVET“ – რეფერნედუმი, საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის შესახებ. ანუ, ერდოღანი იხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნის ვადას. ასეთი რამ დასავლურ პოლიტიკურ კულტურაში არ ზის. როგორც ჩანს, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების პარალელურად, გრძელდება ერდოღანის ავტორიტარული მისწრაფებები.
ამავე დროს, წარმოიდგენით, რომ ნატოს წევრი ქვეყანა ძალიან მჭიდრო ურთიერთობაშია რუსეთთან და შეირაღების შესყიდვაზეც კი არის ლაპარაკი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა იმიტომ, რომ დასავლეთისთვის თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი თავისი სეკულარიზმით, რომლის გარანტი 1923 წელს იყო თვით ქემალ ათათურქი. შემთხვევითი არ არის, რომ
თურქეთი არის ნატოს ერთ–ერთი დამფუძნებელი და მისი არმია სიდიდით არის მეორე. აი, ასეთი პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკის ცვლილება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს თვით მსოფლიო წესრიგში,
მით უმეტეს, ტრამპის რიტორიკის გათვალისწინებით, - რომ ამერიკა უნდა მიუბრუნდეს თავის შიდა პრობლემებს და ნატოს აღარ დააფინანსებს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. მოგეხსენებათ, ბევრი ქვეყანა არ იხდიდა შიდა პროდუქტის 2%–ს და ნატოს დაფინანსების 75% იყო აშშ–ზე. ტრამპი კი აცხადებს, რომ აწი ასე არ იქნება და ამიტომ, ევროპის უსაფრთხოების კონტურების ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ.
რას ფიქრობთ, ჰოლანდიასა და გერმანიის მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა, როგორ იმოქმედა ედროღანის იმიჯზე?
– განცხადებები, რაც ახლა ევროპასთან მიმართებაში კეთდება, ეს უფრო შიდა მომხმარებელზეა გათვლილი. მოგეხსენებათ, რომ ერდოღანი არის პოპულისტი, ავტორიტარი, ამიტომ მრავალწილად, იგი თამაშობს თავის შიდა მომხმარებელზე. რეფერენდუმის წინა პერიოდია და არაფერი ისე არ ახდენს ერის კონსოლოდაციას, როგორც საგარეო საფრთხე. ამიტომ, ამ განცხადებებმა პირიქით, ხელი შეუწყვო ერდოღანის პოზიციების გამყარებას.
როდესაც თურქეთი ღიად ემუქრება ევროპას საზღვრების გახსნით, წმინდა ომით და ევროპის დაშლით, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას?
– ერდოღანი აშანტაჟებს ევროპას თავისი განცხადებებით. ერდოღანის მმართველობის თურქეთი არ არის ის თურქეთი, როგორიც იყო 1923 წლიდან. თურქეთში სეკულარიზმი იყო სამხედრო გენერალიტეტით, რომელიც განათლებას იღებდა დასავლეთში და ამ სეკულარიზმისგან იყო დემოკრატიული პროცესების გარანტი. ავტორიტარიზმის ტენდენციები ყოველთვის იყო თურქეთში და ამიტომაც მოხდა 4 სახელმწიფო გადატრიალება. როგორც კი იგრძნობოდა ავტორიტარიზმის ტენდენციები და საფრთხე ექმნებოდა ამ სეკულარულ მმართველობას, მაშინვე დასავლეთში გამოზრდილი გენერალიტეტი ერეოდა საქმეში და თურქეთს ამ სეკულარიზმისკენ აბრუნებდა.
დღეს ნახეთ რა სურათი გვაქვს - ერდოღანმა ფაქტობრივად, ჯარი უთვაოდ დატოვა. დღეს ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ზის ციხეში. ყველა მათგანს ბრალად შერაცხული აქვს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება.
ამ თვალსაზრისით პირველი დარტყმის ობიექტი გახდა ინჯირლიყის სამხედრო ბაზა, რომელსაც აშშ და საერთაშორისო კოალიცია ISIS–ის წინააღმდეგ ავიაიერიშებისთვის იყენებდა...
– იმისაც კი არ შეეშინდა, რომ შეიძლებოდა ამერიკასთან მდგომარეობა გართულებულიყო და იცით რატომ? – იმიტომ, რომ ერდოღანისთვის ყველაზე უფრო დიდ საშიშროებას სამხედროები წარმოადგენდნენ. როგორც გითხარით, ერდოღანს ქვეყანა ისლამიზაციისკენ მიჰყავს, რასაც სამხედროები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ.
ისლამი გახდა პოლიტიკის წარმმართველი?
– ერდოღანი აღიარებს ტრადიციულ ისლამურ ღირებულებებს და მარტო ისიც საკმარისია, რაც ქალებთან მიმართებაში ხდება. როდესაც პარლამენტში აკრძალული იყო ისლამური თავსაბურავებით სიარული, დღეს თავსაბურავები დაშვებულია და მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. აღარაფერს ვამბობ ტრადიციული ისლამის მომენტებზე. გარდა ამისა, ერდოღანს, გიულენის სახით, ძალიან სერიოზული მტერი ჰყავს, რომელიც აშშ ცხოვრობს და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თურქულ წრეებში.
დღეს გიულენის მომხრეების უმეტესი ნაწილი ციხეშია, ეს უჩვეულო არ არის თურქეთისთვის. 1980 წელს 230 ათასი ადამიანი დააკავეს და დაახლოებით 14 ათასმა ადამიანმა დატოვა თურქეთი და მოქალაქეობა შეიცვალა. დღესაც ანალოგიური სიტუაციაა. ვფიქრობ, რომ ეს გადატრიალება კიდევ ერთი საშუალება იყო იმისათვის, რომ ერდოღანი გასწორებოდა გიულენის მომხრეებს და თავის ოპონენტებს.
დღეს თურქეთში ძალიან რთული პროცესები მიდის. ეს ავორიტარიზმისკენ წასული თურქეთი დღეს გაცილებით მეტ საერთოს ნახულობს რუსეთთან, ვიდრე ევროპასთან. პოლიტიკაში ამბობენ, რომ არაფერი არ აერთიანებს ისე, როგორც საერთო მტრები.
თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო, ამ დროს ნატო რუსეთთან ცივი ომის პირობებში იმყოფება, ამ ფონზე ნატოს წევრი საახელმწიფო ართულებს ურთიერთობას ევროპასთან და უახლოვდება რუსეთს, ეს რას ნიშნავს?
– ეს არის ინტერესებით გამოწვეული მოქმედებები. ბევრი დასავლელი პოლიტოლოგი, ვინც ობიექტურად აფასებს ამ პროცესებს, ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იყო რუსეთთან ასეთი დაპირისპირება. პირიქით, მათთან საჭირო იყო ურთიერთობა, თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობით რუსეთის დემოკრატიზაცია. გარდა ამისა, ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი მიადგა ევროპას.
გათვლილი იყო, რომ სანქციები დააზარალებდა რუსეთს, მაგრამ არანაკლებ დააზარალა თვითონ ევროპა. სწორედ ასეთმა მოქმედებებმა უბიძგეს რუსეთსა და თურქეთს ერთმანეთს დაახლოვებოდნენ, მით უმეტეს, რომ საერთო ინტერესები გამოაჩნდათ იგივე გაზზსადენის, თუ პარტნიორული სავაჭრო ურთიერთობების სახით. ერდოღანი გუშინ ამბობდა, რომ რუსეთი საშინელი ქვეყანა იყო, რომელიც თურქეთს საფრთხეს უქმნიდა, მაგრამ დღეს ერდოღანი პუტინს თავის ძმას უწოდებს, ისინი ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.
ამ სანქციებთან დაკავშირებით საინტერესოა რუსების და პუტინის განწყობა, სანქციები მოიხსნა რაღაცა სახის პროდუქტებზე, ტურიზმის კუთხით უვიზო რეჟიმია, მაგრამ საინტერესოა, რომ სანქციები არ მოეხსნა სამშენებლო ბიზნესს, რაც ყველაზე უფრი დიდი შემოსავლის წყარო იყო თურქი ბიზნესმენებისთვის.
ანუ, ერდოღანის პრაგმატული პოლიტიკის ფონზე, რუსეთიც ძალიან კარგად ვაჭრობს თავისი შესაძლებლობებით?
– რასაკვირველია. რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები პრაგმანტული, ურთიერთინტერესებზე და ურთიერთსარგებელზეა დაყრდნობილი. რაც შეეხება ლტოლვილებისთვის საზღვრის გახსნას, მე ეს უფრო ვაჭრობის თემად მიამაჩნია, ერდოღანი თავისი ბუნებით არის ავანტურისტი და აი, ამ შემთხვევაშიც აშანტაჟებს ევროპელებს. ასეთი განცხადებების შემდეგ თავის სასრგებლოდ რაღაცას გამოსტყუებს ევროპელებს.
როგორ ფიქრობთ, ევროპა დათმობს თურქეთთან?
– გააჩნია... საერთაშორისო ურთიერთობა და პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა ვაჭრობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული. თურქეთი დევნილებით აშანტაჟებს ევროპას. ევროპაც, ალბათ, რაღაცა ალტერნატიულ გზებს ეძებს, ამითიც იყო განპირობებული ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ვგულისხმობ ლტოლვილთა ბანაკების გახსნას, რაც საქართველოსთვის ძალიან დიდი საფრთხე იქნება.
როგორ ფიქრობთ, ეს ერთგავრი პოლიტიკური ნიადაგის მოსინჯვა იყო იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთ–ევროპას შორის გართულდებოდა ვითარება, ალტერნატივა იქნებოდა საქართველო?
– არა მარტო საქართველო, ლაპარაკი იყო ეგვიპტეზე და დასავლეთ ბალკანეთზე. ევროპელები ასე არ აკეთებენ განცხადებებს. შეიძლება ეს თურქეთის მისამართით იყო გაკეთებული, შეიძლება მოსინჯვის ელემენტი იყო. მე ვთვლი, რომ ლტოლვილების ქვეყანაში შემოყვანა შეცვლის როგორც ეთნიკურ, ასევე რელოგიურ სურთს, გააჩენს ტერაქტების საფრთხეს. ეს იქნება ძალიან მძიმე მოვლენა საქართველოსთვის და მე ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მსგავსი რამ არ დაუშვას. ოფიციალურად გაკეთდა განცხადება, რომ მსგავსი რამ არ იგეგმება.
ანკარა დიდ მნიშვნელონას ანიჭებს უცხოეთში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს, აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერდოღანი არ არის დარწმუნებული თვითონ თურქეთში გამარჯვებით და ამიტომ სჭირდება საზღვარგერთ მცხოვრები თურქების მხარდაჭერა? დასავლელი ექსპერტები ამბობენ, რომ თურქეთის მოსახლეობა არ უჭერს მხარს ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას...
– ქვეყნის გარეთ მცხოვრები თანამემაულეები ანკარისთვის მეორეხარისხოვანი არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, არ კარგავენ თურქულ იდენტიფიცირებას. შესაბამისად, ისინი მონაწილეობენ ამ რეფერენდუმში, გარდა ამისა, ძალიან დიდ გავლენას ახდენენ იმ ქვეყნების განწყობაზე, რომელშიც ცხოვრობენ. საქართველო პატარა ქვეყანა არის, მაგრამ საქართველოშიც ჩამოვიდა პრემიერ–მინისტრი იმისთვის, რომ ამ თანამემაულეებთანაც ჰქონოდა შეხვედრის შესაძლებლობა. ანუ, თურქეთი მიზანმიმართულად მოქმედებს, რადგან მას უნდა, რომ ჰქონდეს გარანტიები იმისა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას.
საქართველო ახსენეთ, რა ეტაპზეა დღეს თურქეთ–საქართველოს ურთიერთობა?
– თურქეთი ჩვენი უახლოესი მეზობელია, სავაჭრო–ეკონომიკურ და სახელმწიფო ურთიერთობების დონეზე მეტად მჭიდრო ურთიერთობა არის ორ ქვეყანას შორის. ხანდხან საქართველოსთვის წამგებიანი, მაგრამ საქართველო ახლა არის მოლოდინის რეჟიმში. დღეს მსოფლიო ცვლილების ეტაპია, ტრამპს დიდი წინააღმდეგობა აქვს ამერიკაში, მაგრამ ერთი რაც გასაგებია, ტრამპი აცხადებს, რომ არ ჩაერევა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში.
შესაბამისად, თურქეთსაც კარტლბლანში აქვს იმისთვის, რომ ერდოღანმა განახორციელოს ყველა ის ქმედება, რაც მას სურს თურქეთთან მიმართებაში. დღევანდელი მსფოლიო წესრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით და მათ საშინაო პრობლემებისთვის ამერიკას ჯერ არ სცალია. თუმცა, ივლისამდე, დიდი ოცეულის შეხვედრაზე, როდესაც პირველი პირები შეხვდებიან ერთმანეთს რაღაცა სურათი გამოიკვეთება ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით და ჩვენ მაშინ შეგვეძლება ანალიზის გაკეთება. დღეს ეს ყველაფერი არის ფორმირების პროცესში.