„ზვიადისტები” და „მხედრიონელები” - დიდი დაპირისპირება

„ზვიადისტები” და „მხედრიონელები” - დიდი დაპირისპირება

პრეზიდენტის არაერთგზის განცხადებით, ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე ხელს მოაწერს მორიგ ბრძანებულებას სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.

შესაძლოა მან პარლამენტს შესთავაზოს სათანადო „მანიფესტის“ გამოცემაც. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ ვერაფერი დაუდგება პრეზიდენტის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას.

შევარდნაძემ კვლავ დაასწრო პოტენციურ მოწინააღმდეგეებს და სამოქალაქო ომის მონაწილე „ორივე მხარის“ შერიგების თეზისიც ოსტატურად გამოიყენა.

ამრიგად, შეწყალებას ან „მანიფესტით“ განთავისუფლებას ელოდება ათეულობით პატიმარი, რომელთაც ბრალად ედებოდათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ან უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა. თუმცა, ამ პროცესს შეიძლება სერიოზულად შეუშალოს ხელი „ზვიადისტების“ შეურიგებლობამ. მათი ერთ-ერთი ლიდერი ღიად აცხადებს კიდეც, რომ ამნისტიაც და მანიფესტიც უნდა შეეხოს მხოლოდ „პოლიტპატიმრებს“, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ „სამსახურებრივ მოვალეობას“, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს „მხედრიონელებს“, „გვარდიელებს“, რომლებმაც ჩაიდინეს კრიმინალური დანაშაული ან ნებისმიერი სხვა დანაშაული სამოქალაქო ომის დროს.

ასეთი მენტალიტეტითა და მოთხოვნებით ექსპრეზიდენტის მიმდევრები, რომლებმაც აბსურდული და უზნეო ალიანსებით თვით ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაციაც „მოახერხეს“, ვერც შეწყალებას მიაღწევენ და ვერც მანიფესტს. შეუძლებელია სამოქალაქო ომის მონაწილეთა მხოლოდ ერთი ნაწილის შეწყალება, - რა დანაშაულიც არ უნდა მიუძღოდეთ მეორე მხარეს მებრძოლებს, ვინაიდან ეს სამოქალაქო ომის განახლების ტოლფასი იქნება.

ამიტომ „საყოველთაო შერიგების“ მანიფესტი აუცილებლად გაითვალისწინებს არა მხოლოდ „კანონიერი გვარდიის“, არამედ „კიტოვანის გვარდიის“ მებრძოლთა გათავისუფლებასაც - რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი. შეუძლებელია პრეზიდენტმა შეიწყალოს ლოთი ქობალია, მაგრამ არ შეიწყალოს ჯაბა იოსელიანი. შეუძლებელია შეიწყალოს ხილიანის ქუჩაზე აფეთქების ორგანიზატორები და არ შეიწყალოს თუნდაც ზუგდიდში გოჩა ჯიქიას მკვლელი. ამიტომ „ზვიადისტები“ ამთავითვე უნდა შეურიგდნენ, რომ მხოლოდ მათთვის სასურველი და სასიამოვნო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

ედუარდ შევარდნაძე აუცილებლად შეიწყალებს „ზვიადისტებს“, მაგრამ არ დაუშვებს, რომ იმავდროულად „მხედრიონელთა“ და კიტოვანის გვარდიელთა შეუწყნარებლობით გაანაწყენოს და გააღიზიანოს მეორე მხარე.

რაც შეეხება იმას, რომ „ჯაბისტებსა“ და „კიტოვანისტებს“ მხოლოდ კრიმინალური დანაშაული აქვთ ჩადენილი - ჯერ ერთი, „უკანონო ხელისუფლების“ მიერ გამოცხადებული კომენდანტის საათის დროს ადამიანის დახვრეტა ჩვეულებრივ „კრიმინალურ დანაშაულად“ ვერ ჩაითვლება - ეს არის სამოქალაქო ომის აქტი. აქედან კვლავ მივდივართ სოფისტურ დისკუსიამდე, თუ ვინ იყო მართალი 1992-1993 წლების სამოქალაქო ომში, რაც სრული უაზრობაა, ვინაიდან სამოქალაქო ომში ორივე მხარე მართალია და იმავდროულად, ორივე მხარე მტყუანია.

თუ „ოპოზიცია“ დამნაშავეა იმაში, რომ 22 დეკემბერს, რუსეთის სპეცსამსახურთა დახმარებით „კანონიერ ხელისუფლებას ესროლა“, - ეს უკანასკნელი დამნაშავეა იმაში, რომ თავისი ჩლუნგი, უნიჭო და უნიათო პოლიტიკით მას ამის საშუალება მისცა, თორემ „რუსეთის სპეცსამსახურები“ ყველგან მოქმედებდნენ - რატომ სხვაგან ვერ მოახერხეს იგივე?

ამრიგად, „ზვიადისტები“ ტყუილად ემზადებიან „ტრიუმფისათვის“ შევარდნაძის მანიფესტის შედეგად - სამოქალაქო ომში მონაწილეთა „შერიგება“ გამორიცხულია - შეიძლება ჯაბა და ლოთი შერიგდნენ პიროვნულად, მაგრამ თავიანთ შეხედულებებს უკვე არ შეცვლიან, როგორც ვახტანგ ბოჭორიშვილი და ელდარ შენგელაია, ჯანსუღ ჩარკვიანი და მუხრან მაჭავარიანი, აგრეთვე ათეულობით ათასი ქართველი „ორივე მხრიდან“.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აბსოლუტურად სწორედ და ზუსტად იქცევა. ძველთაძველი ტექნოლოგიაა საზოგადოებაში წონასწორობისა და თანხმობის შესანარჩუნებლად: თუ შეუძლებელია ორივე მხარის გულის მოგება, თუ შეუძლებელია საზოგადო თანხმობის შენარჩუნება ორივე მხარის დაკმაყოფილებით, მაშინ წონასწორობის დაცვა ხდება ორივე მხარის გაღიზიანებით, რათა მათი ურთიერთდაპირისპირება არა ახალი დესტრუქციისა და ქაოსის, არამედ პირიქით წონასწორობის დაცვის გარანტიად იქცეს.

„ზვიადისტებმა“ კი პირწმინდად დაკარგეს ის მორალური კაპიტალი, რომელიც ნამდვილად გააჩნდათ. დაკარგეს უპირველესად ზემოთხსენებული უზნეო ალიანსებით და, რაც მთავარია იმით, რომ მათ იდეოლოგიაში ბინძური ტრაიბალიზმის ნიშნები გაჩნდა. ზვიად გამსახურდიას კი ყველაფერი შეიძლება დააბრალო, ტრაიბალიზმის გარდა.