ხარჯი უფრო სწრაფად იზრდება თუ შემოსავალი?

ხარჯი უფრო სწრაფად იზრდება თუ შემოსავალი?

საქართველოში საშუალო ხელფასი იზრდება, მაგრამ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ეცემა. ამის მიზეზი ინფლაცია და ლარის დევალვაციაა. თუკი ვინმეს, შემოსავალი ეზრდება, მას მაშინვე შთანთქავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ხარჯი. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2016 წლის მე-4 კვარტალში 1065,9 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა ოდენ 54 ლარით გაიზარდა მაშინ, როდესაც სწორედ ამ პერიოდში მკვეთრად გამოხატული იყო ინფლაცია და ეროვნული ვალუტის დევალვაცია. ამან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შეასუსტა, შესაბამისად, ანაზღაურების მატების სიკეთე ლარის გაუფასურებამ და ფასების ინდექსის ზრდამ აბსულუტურად შთანთქა.

„საქსტატის“ ცნობით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით 2016 წლის IV კვარტალში ყველაზე დაბალი განათლების სექტორშია და 589,2 ლარს უტოლდება, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი კი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა და 2023,9 ლარი შეადგინა. მას 1643,6 ლარით სამშენებლო სექტორი მოსდევს. საშუალოდ 1375,7 ლარის ანაზღაურება აქვთ უძრავი ქონების და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის სექტორში. თვეში საშუალოდ 1346,8 ლარს იღებენ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში დასაქმებული ადამიანები. საშუალოდ 1255,3 ლარითაა განსაზღვრული ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორში დასაქმებულთა ხელფასი.

2016 წლის IV კვარტალში თვეში საშუალოდ 1 000 ლარზე მეტ ხელფასს ასევე იღებენ სახელმწიფო მმართველობასა და თევზჭერა-მეთევზეობაში დასაქმებული ადამიანები. თვეში საშუალოდ 1 000 ლარზე ნაკლები აქვთ ხელფასი სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის, სასტუმროებისა და რესტორნების, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური დახმარების, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს.

ხელფასის ზრდის საკითხი ასე მწვავედ არ იდგებოდა ქვეყანაში რომ არა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, ინფლაცია და ლარის გაუფასურება. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და ეს კომპონენტები გავლენას ახდენს შინამეურნეობების ხარჯის ზრდაზე. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ პროდუქციაზე ფასი ლარის მკვეთრი დევალვაციის პროპორციულად არ გაზრდილა. „დავთავლოთ იმ საქონლის ფასები რისი ყიდვაც ჩვენი საშუალო ხელფასით გვინდა, აღმოჩნდება, რომ იმ საქონლის დიდი ნაწილის ფასი მცირდება. ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, საქონლის 70%-ზე მეტი უცხოეთიდან შემოდის. იმ ქვეყნების ვალუტებმაც ასევე განიცადეს დევალვაცია დოლართან მიმართებით, ამიტომ ჩვენ ერთეული იმპორტის ღირებულება საგრძნობლად შეგვიმცირდა. შეიძლება ხელფასების დინამიკა გავაკეთოთ წლების მიხედვით, მაგრამ მათი მსყიდველუნარიანობა უნდა განვსაზღვროთ კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფთან მიმართებით. პირობითად, 2013 წელს რამდენი კილოგრამი ხორცის ან ბრინჯის შეძენა შეგვეძლო, კარტოფილის, კარაქის და ა.შ. ეს უნდა შევადაროთ ახლა რამდენის შეძენა შეგვიძლია და ამის მიხედვით უნდა მოხდეს გაანალიზება“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ოფიციალურ ინფლაციას თუ ვენდობით, ამ მხრივ შარშანდელი წელი სულაც არ ყოფილა პრობლემური. 2016-ში ინფლაციამ 2%-საც ვერ გადააჭარბა. ასე რომ, ციფრებში ყველაფერი რიგზეა.