კოსოვოს აღიარებისთვის დასავლეთს კრემლმა სამაგიერო ცხინვალისა და სოხუმის დაპყრობით გადაუხადა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარიბჭესთან მრავალწლიანი ლოდინი საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციად დაუჯდა. ახლა კი, ჯერ არც დამთავრებულა ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსება ევროპაში და მოსკოვი პუტინის პირით უკვე საქართველოს დაბომბვით იმუქრება!
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელიც ამერიკულ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასა და საქართველოს შეეხებოდა.
რატომღაც ჩვენთან პუტინის განცხადება ისე აღიქვეს, თითქოს 2008 წლის აგვისტოში რუსეთი იმიტომ შემოიჭრა საქართველოში, რომ ამერიკელებს ჩვენთან ამ სისტემის კომპონენტები არ განეთავსებინათ.
სინამდვილეში, თუკი პუტინის სიტყვებს გავაანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ მისი მუქარა, პირიქით, მომავალს შეეხება. იგი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სულერთი არ არის, სად განთავსდება ეს სისტემა და თუ იგი საქართველოში გამოჩნდება, მოსკოვს დამრტყმელი საშუალებების საქართველოსთვის დამიზნება მოუწევს, რაც, იმავე პუტინის განმარტებით, საშინელება იქნება...
აგვისტოს ომის დროს სწორედ ასეთი დამრტყმელი საშუალებები, კერძოდ კი, 25 ერთეულამდე ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ესროლეს საქართველოს ქალაქებს, ხოლო ბომბდამშენები და მოიერიშეები შეუჩერებლად ბომბავდნენ ჩვენს დასახლებულ პუნქტებს.
2008 წლის აგვისტომდე ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსების ზუსტი სქემა, ამიტომ ეს ნაკლებად იქნებოდა საქართველოზე თავდასხმის მიზეზი.
სიმართლე რომ ითქვას, სამხრეთი კავკასია და კერძოდ, საქართველოს ტერიტორია, მართლაც მოსახერხებელია იმ რადიოლოკაციური სადგურის განსათავსებლად, რომელიც ირანიდან სტარტაღებულ ბალისტიკურ რაკეტებს ადრეულად აღმოაჩენს.
ასეთი რადიოლოკატორის ფუნქციონირება რუსეთისთვის სახიფათო არ იქნება, რადგან ის მხოლოდ წინ აკონტროლებს გარკვეულ სექტორს და წრიულად არ ბრუნავს, ანუ საქართველოში რომელიმე მთაზე დაყენებული ამერიკული რადიოლოკატორი მხოლოდ ირანისკენ იქნება მიმართული.
ეს ტექნიკური ნიუანსი მოსკოვშიც მოეხსენებათ, მაგრამ იქ ხვდებიან, რომ საქართველოში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის - რადიოლოკატორის განთავსებას შეიძლება საქართველოში ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება, მაგალითად, ამავე რადიოლოკატორის უსაფრთხოების დამცველი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დამონტაჟება მოჰყვეს. თუკი საქართველოში მართლაც გამოჩნდება ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ეს სერიოზულად შეცვლის რუსი გენერლების გეგმებს, რადგან ქართულ ცაში რუსული საბრძოლო ავიაციის ფრენა რუსი პილოტებისათვის გაცილებით სახიფათო გახდება, ვიდრე აგვისტოს ომის დროს იყო.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სანამ თეთრ სახლში ბარაქ ობამაა, კრემლის ბინადართ შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, რადგან ობამა საქართველოს გამო პუტინის გაღიზიანებას მოერიდება. რუსეთის მიმართ უფრო აგრესიულად განწყობილი პოლიტიკოსისა და მისი ჯგუფის აშშ-ის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი საქართველოში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის რომელიმე კომპონენტის განთავსება გამორიცხული არ იქნება.
რუსეთ-აშშ-ის ჭიდილში საქართველო რამდენჯერმე უკვე გაიჭყლიტა და თუ ასე გაგრძელდა, ეს კარგს არაფერს გვიქადის...