გესტაპოს შეფი - საბჭოთა აგენტი?!

გესტაპოს შეფი - საბჭოთა აგენტი?!

1973 წელს საბჭოთა ტელეეკრანებზე გამოვიდა სერიალი "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" (იულიან სემიონოვის რომანის მიხედვით). - ეს იყო პირველი საბჭოთა კინოსურათი, სადაც გერმანელები ღირსეულ მოწინააღმდეგეებად იყვნენ გამოყვანილი, - აღნიშნავდა საბჭოთა ჟურნალისტი და საერთაშორისო მიმომხილველი ლეონიდ მლეჩინი. - ფილმიდან საბჭოთა მაყურებელმა იხილა გესტაპოს ხელმძღვანელ ჰაინრიხ მიულერის არაკარიკატურული სახე. ამან ბევრ ჭორს მისცა დასაბამი. პირველი ბიძგი კი დისიდენტ ანდრეი ამალრიკის სტატია იყო, რომელიც ჯერ დისიდენტურ ჟურნალ "ექსპრესქრონიკაში" გამოქვეყნდა, შემდეგ კი რადიო "თავისუფლებით" გადაიცა. მასში პირველად გახმიანდა ვერსია, რომ გესტაპოს შეფი საბჭოთა აგენტი იყო.

ინციდენტი მოსკოვის უნივერსიტეტში

- ამის თაობაზე ჯერ კიდევ ვალტერ შელენბერგი, მესამე რეიხის პოლიტიკური, შემდეგ კი სამხედრო დაზვერვის  შეფი, წერდა, - ამბობს ამალრიკი, - თუკი "გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებას" ყურადღებით გავეცნობით, დავრწმუნდებით, რომ ეს ასეა. მიულერმა გაშიფრა შტირლიცი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მასზე ზეწოლა გაეძლიერებინა, ალიბის მოფიქრების საშუალება მისცა.  შტირლიცი ჩავარდნას მხოლოდ მიულერის წყალობით გადაურჩა.

მალე მიულერის როლის შემსრულებელი ლეონიდ ბრონევოი სტუდენტებთან შეხვედრაზე მიიწვიეს. ერთ-ერთმა სტუდენტმა ჰკითხა:

- მართალია, რომ თქვენი პროტოტიპი ჩვენი აგენტი იყო?

დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. გამოცდილმა მსახიობმა ბრონევოიმ სცადა, ვითარება ხუმრობით განემუხტა:

- მაპატიეთ, მაგრამ ვინ გყავთ მხედველობაში? მე იმდენი როლი ვითამაშე, რომ სათვალავი ამერია!  თქვენ რომელს გულისხმობდით?

- მიულერს! - იყო პასუხი.

- მიულერი? - ბრონევოი ჩაფიქრდა, - უცნაურია, რომ მეფე ლირზე წინ ეს როლი დააყენეთ.

სტუდენტები უკმაყოფილოდ ახმაურდნენ. ბრონევოიმ ეს შენიშნა და მარჯვენა ხელი ასწია: - სიმართლე გითხრათ, გამიგია ჭორი, რომ მიულერი საბჭოთა აგენტი იყო, თუმცა ამის არ მჯერა!

რამდენიმე წუთის შემდეგ შეხვედრა დამთავრდა.

ამ შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში თავად იულიან სემიონოვი გამოვიდა. წამყვანმა მას პირდაპირ დაუსვა შეკითხვა:

- თქვენი რომანისა და განსაკუთრებით, ფილმის გამოსვლის შემდეგ გავრცელდა ჭორი, თითქოს მიულერი საბჭოთა დაზვერვისთვის მუშაობდა. რამდენად შეეფერება ეს სინამდვილეს?

- ეს სრული აბსურდია! არც რომანი, არც ფილმი ამის საფუძველს არ იძლევა! პირიქით, იქ ხაზგასმულია, რომ მიულერი ნაცისტი და თავდაჯერებული ანტიკომუნისტი იყო.

- და რა ბედი ეწია მას?

- მიულერი 1945 წელს ბერლინისთვის ბრძოლებში დაიღუპა! ცნობილია მისი საფლავი, ასე რომ...

იულიან სემიონოვი აშკარად ნირწამხდარი გამოიყურებოდა. შემდგომში (უკვე პერესტროიკის ეპოქაში) ის იგონებდა, რომ სუკის მაშინდელმა შეფმა იური ანდროპოვმა ტყავი გააძრო. სატელევიზიო გამოსვლაც ამით იყო განპირობებული.

1946 წელს ბერლინთან მიულერის საფლავი მართლაც იპოვეს, გათხარეს, მაგრამ იგი ცარიელი აღმოჩნდა. სად გაქრა გესტაპოს შეფი?

მიულერმა თავი საბჭოთა კავშირს შეაფარა. ამასვე იმეორებენ ვალტერ შელენბერგი და მოგვიანებით გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის შემქმნელი გენერალი რაინჰარდ გელენი. პერესტროიკის ეპოქაში მათი მემუარები რუსულად ითარგმნა და ლეგალურად გამოქვეყნდა.

თავად იულიან სემიონოვმა 1988 წელს განაცხადა: - მუდამ მჯეროდა, რომ მიულერი საბჭოთა კავშირში დაიმალა.  ამისი დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ლოგიკიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად ასეა.

დაკომპლექსებული ჭკვიანი

ჰაინრიხ მიულერი 1900 წელს დაიბადა ბავარიაში. მამამისი ალოის მიულერი ჟანდარმერიის ჩინოვნიკი იყო. გესტაპოს მომავალი შეფი ასკეტიზმის პირობებში იზრდებოდა.

- მამა მას აიძულებდა შეედგინა და ზედმიწევნით დაეცვა დღის რეჟიმი, - მოგვითხრობს გერმანელი ისტორიკოსი კურტ ფონ ტიპელსკირჰი, - რეჟიმიდან ოდნავი გადაცდენაც კი სასტიკად ისჯებოდა.

ამგვარმა აღზრდამ იგი ეჭვიანი, გულჩახვეული გახადა, გაურბოდა ქალთა საზოგადოებას.

"თექვსმეტი წლის მიულერს პიკანტური ინციდენტი გადახდა, - წერს იურგენ თორვალდი, გერმანელი მწერალი და ისტორიული ნაშრომების ავტორი, - 1916 წელს მიულერი დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ საავიაციო ქარხანაში მუშად მოეწყო, სადაც ახალგაზრდა მუშა ჰელენა რორბახი შეუყვარდა. გოგონამ კოცნის უფლება მისცა და მიუნხენის გარეუბანშიც წაჰყვა, სადაც მიულერის ბიძას პატარა კერძო სახლი ჰქონდა. თავდაპირველად ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა. კონფლიქტი მას შემდეგ მოხდა, რაც გესტაპოს მომავალმა შეფმა ჰელენას აკოცა და ლოგინში ჩაიწვინა. აღმოჩნდა, რომ გოგონა უმანკო იყო, მიულერმა კი უბრალოდ არ იცოდა, ასეთ ვითარებაში როგორ მოქცეულიყო. გოგომ მას იმპოტენტი უწოდა. გააფთრებულმა მიულერმა ჰელენას მთელი ძალით გაარტყა". მიულერი მოკრივე იყო (გერმანიის ჩემპიონატის არაერთგზის პრიზიორი). მისმა დარტყმამ ჰელენა ნოკაუტში ჩააგდო. გოგოს მშობლებმა პოლიციას მიმართეს. მალე მიულერი დააპატიმრეს.

- პოლიციის ჩინოვნიკი შმიდტი, რომელმაც მიულერი პირადად დაჰკითხა, მოგვიანებით მას ასე ახასიათებდა: ჭკვიანი, მაგრამ ძალიან დაკომპლექსებული.  თუკი მის მტკივნეულ ადგილს შეეხები, შეუძლია სასიკვდილოდაც გაგიმეტოს.

ციხეს მიულერი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ფრონტზე მოხალისედ წავიდა. გესტაპოს მომავალი შეფი სამხედრო მფრინავი გახდა. 1918 წელს თადარიგში გავიდა. 1919 წლიდან იწყება მისი, როგორც პოლიციელის კარიერა.

ბორმანის პროტეჟე

მიულერი ჯერ კრიმინალურ პოლიციაში მსახურობდა, შემდეგ პოლიტიკურ განყოფილებაში გადაიყვანეს. 1929 წელს ბავარიის პოლიციის პოლიტიკური განყოფილების შეფი ხდება. ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ მას პატიმრობა დაემუქრა. მასზე ბევრი იყო დაბოღმილი! აქ მას მხსნელად მარტინ ბორმანი მოევლინა. ბორმანმა ის უსაფრთხოების სამსახურის (სდ) შეფს, ჰაიდრიხს წარუდგინა. ამ უკანასკნელმა უმალ შენიშნა მიულერში პროფესიონალი და მაღალ თანამდებობაზეც გაამწესა. მალე ჰიტლერის ყურამდე მიაღწია ამბავმა, რომ ჰაიდრიხმა ვაიმარის რესპუბლიკის დროინდელი მოხელე დააწინაურა, კაცი, რომელიც თავის დროზე ნაცისტებს სასტიკად დევნიდა. ფიურერმა ჰაიდრიხთან საუბრისას ეს შეკითხვა ჯიქურ დასვა. ჰაიდრიხმა მიუგო:

- დიახ, ჩემო ფიურერო! ჩვენებს სდევნიდა, მაგრამ ასეთი იყო მისი სამსახური! თავისი საქმე კი მან ბრწყინვალედ იცის.

- მართლა? - ჰიტლერმა გაიღიმა, - ადრე ჩვენებს დასდევდა, ახლა კი ჩვენთვის იმუშავებს?

- რა თქმა უნდა!

- შეგიძლია მასზე პასუხისმგებლობა აიღოთ?

- დიახ!

მიულერი პოსტზე დატოვეს. ის ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებდა.

- მიულერისთვის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არსებობდა: ეს შეფმა მიბრძანა. ისიც კლავდა, აწამებდა, აშანტაჟებდა.

მალე მიულერი საიდუმლო პოლიციის (გესტაპოს) უფროსად დაინიშნა. 1939 წელს ის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი გახდა.   

მიულერის რუსული კვალი

1942 წელს გერმანელებმა დაადგინეს, რომ დასავლეთ ევროპაში რუსების კარგად ორგანიზებულმა ჯაშუშურმა ქსელმა გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში შეაღწია.  შეიქმნა ზონდერჯგუფი "წითელი კაპელა," რომელმაც ქსელის  განადგურება შეძლო.

- გერმანელთა ხელთ უმნიშვნელოვანესი საბჭოთა აგენტები აღმოჩნდნენ. მათ შორის იყო თავად რეზიდენტი ლეოპოლდ ტრეპერი. მიულერმა მისი ჯგუფის განადგურებაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. იგი თავად ჩავიდა პარიზში, რათა დაპატიმრებული რუსი რეზიდენტი დაეკითხა. ტრეპერი დათანხმდა, მუშაობა გერმანელთა კონტროლქვეშ განეგრძო.

როგორც ცნობილია, ტრეპერმა შეძლო და ცენტრში გადასცა სიგნალი, რომ გერმანელთა კონტროლქვეშ მუშაობდა. შემდეგ მოხდა გაუგონარი რამ: ტრეპერი, რომელიც გესტაპოს უმკაცრესი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, გაიქცა.

- მან ეს მიულერის დახმარებით შეძლო, - მიაჩნდა ვალტერ შელენბერგს.

ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მიულერმა რუსებთან კონტაქტები სწორედ მაშინ დაამყარა.

ყალბი "დღიურები"...

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გესტაპოს ბევრი დიდმოხელე სასამართლოს წინაშე წარდგა, თუმცა  მიულერი  უკვალოდ გაქრა. მალე გამოვიდა ვალტერ შელენბერგის მემუარები, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მიულერი საბჭოთა კავშირში დაიმალა.

მალე დასავლურ პრესაში ჩნდება მასალები, თითქოს მიულერი ამერიკელებმა გადაარჩინეს. ამის შემდეგ  მიულერის "დღიურები" გამოქვეყნდა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როგორ გადარჩა გესტაპოს შეფი და როგორ შეიფარეს იგი ამერიკელებმა.

მალე დამტკიცდა, რომ "დღიურები" ყალბი გახლდათ.

გადიოდა წლები. გაუჩინარებული მიულერის ძებნა გრძელდებოდა. ზოგი წერდა, რომ მიულერი არგენტინაშია. სხვები ამტკიცებდნენ, პარაგვაიშიო. ავტორიტეტული ექსპერტები კი შელენბერგის აზრს იზიარებდნენ.

- მიულერი რუსების მხარეს გადავიდა. მათ ის გადაარჩინეს, - მიიჩნევდა დასავლეთ გერმანიის დაზვერვის შეფი რაინჰარდ გელენი.

მოსკოვი ამას, ბუნებრივია, კატეგორიულად უარყოფდა. დღესაც, რუსები ძალიან ღიზიანდებიან, როცა გაზეთები მიულერის მოსკოვისთვის მუშაობის შესახებ წერენ - ეს მითი ანტირუსულმა ძალებმა შეთხზეს! - ამბობენ ისინი.

უდავოა ერთი რამ: მიულერი 1945 წელს არ დაღუპულა, მაგრამ როდის, სად დაასრულა გესტაპოს შეფმა სიცოცხლე,  ამას პასუხი დღემდე არ გასცემია.