საწვავის 55 თეთრით გაძვირების შედეგად მისი მოხმარება შემცირდა. ამას ადასტურებს იმპორტის მონაცემებიც, რომელიც წლის დასაწყისიდან მუდმივად იკლებს. ძვირი საწვავის გამო პრობლემა ექმნება იმ ბიზნესს, რომელიც დიდწილად ნავთობპროდუქტების ფასზე არის დამოკიდებული. ამიტომ უკვე გაჩნდა მოსაზრება გაზრდილი აქციზის განაკვეთის შემცირების შესახებ.
2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 72,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, 2017 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 36,1 ათასი ტონა.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 20,8 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 28,8%), რუმინეთიდან - 19,1 ათასი ტონა (26,5%), ბულგარეთიდან - 13,8 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანიდან 12,6 ათასი ტონა (17,5%), თურქმენეთიდან - 3,0 ათასი ტონა (4,1%), საბერძნეთიდან - 1,6 ათასი ტონა (2,2%), კვიპროსიდან - 1,3 ათასი ტონა (1,8%).
ნავთობპროდუქტების შემოტანა შემცირებული იყო იანვარშიც, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში მისი მოხმარება შემცირებულია. ეს კი იმის გამოა, რომ აქციზის განაკვეთი წლის დასაწყისიდან მკვეთრად გაიზარდა. ამას მოჰყვა ინფლაცია და ფასების ზრდა. ასობით ათასმა ოჯახმა მყისვე იგრძნო უკუსვლა. ამან კიდევ უფრო დაამძიმა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი წყარო უნდა იყოს.
ამიტომ „ევროპული საქართველოს“ ხელისულებას სხვა რამდენიმე ინიციატივასტან ერთად ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრებას სთავაზობს, ეს გაზრდის მოხმარებას და გამოაცოცხლებს ბიზნესის სხვას სფეროებს. პარალელურად კი საშემოსავლო გადასახადმა უნდა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე; განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე; იმპორტის გადასახადი გაუქმდეს; საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს.
„ამ პროგრამის განხორციელება შეღავათს მისცემს ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილ საწარმოს, აგრეთვე, გარე მოვაჭრეებს და, ჯამში, შედეგად მოგვცემს: ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას; სამუშაო ადგილების შექმნას; კეთილდღეობის ზრდას“, - აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
2017 წლის წლის იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადმა მკვეთრად მოიმატა. 1 ტონა ბენზინის აქციზის ღირებულება 250-დან 500 ლარამდე გაიზარდა, დიზელისა _ 150-დან 400 ლარამდე, 1000 კუბ/მ ბუნებრივი აირიზე _ 80-დან 200 ლარამდე.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ კომპანიებმა ბოროტად ისარგებლეს აქციზის გადასახადის მომატებით და საწვავი აქციზის გადასახადის მომატებამდე გააძვირეს და მიუხედავად საერთოშორისო ბაზარზე კლების ტენდენციისა და ლარის გამყარებისა, საქართველოში არაფერი იცვლება.
„ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის ბაზარზე ფასები 5-ჯერ შეიცვალა და, ჯამში, 18%-ით გაძვირდა. ამის ძირითად მიზეზებად დასახელდა: მსოფლიოს ბირჟებზე ნავთობის გაძვირება; ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის მომატება. 2016 წლის დეკემბერში მსოფლიოს ბაზარზე მართლაც მოიმატა ნავთობის ფასმა და ბარელზე 58 დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში ნავთობის იმპორტიორმა ქართულმა კომპანიებმა წინასწარ საშუალოდ 5 თეთრით გააძვირეს 1 ლ ბენზინის ფასი (ამ პერიოდში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,58 იყო). ამის შემდეგ ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა და კომპანიებმა კიდევ 5 თეთრით გააძვირეს საწვავი.
დეკემბრის მიწურულს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა კომპანიებმა საწვავი კიდევ ერთხელ გააძვირეს 5 თეთრით. ექსპერტთა აზრით, კომპანიებმა ამ ქმედებით აქციზის გადასახადის მოსალოდნელი გაძვირება უფრო მეტი მოგების მისაღებად გამოიყენეს და აქციზის მარკა წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში. გაძვირება გაგრძელდა მთელი იანვრის განმავლობაში
დღეს ნავთობკომპანიები უსამართლოდ გაბერილი ტარიფებით ოპერირებენ, სახელმწიფო კი მათ ვერაფერს უპირისპირებს და შედეგად ზარალდება ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი მომხმარებელი“, - აცხადებს ბაირახტარი
ამჟამად 1 ლ ბენზინის საშუალო ფასი მსოფლიოში 1,01 აშშ დოლარია (2,4 ლ), მაგრამ ბენზინის ფასი სხვადასხვა სახელმწიფოში მნიშვნელოვნად განსხვავდება. მდიდარ ქვეყნებში ბენზინი ძვირია, ღარიბ ქვეყნებში - შედარებით იაფი. ერთადერთი გამონაკლისია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელშიც ბენზინი შედარებით იაფია - 0,68 დოლარი, ანუ 1,65 ლარი.