ქართული ფეხბურთი დიდი ფეხბურთელების სიმცირეს არასოდეს განიცდიდა, მათ შორის გამორჩეული იყო მიხეილ მესხი. უსაზღვროდ ნიჭიერი, ცოტა თავკერძა გულშემატკივართა აღტაცებას იწვევდა.
ემილ კუსტურიცას დიეგო მარადონაზე გადაღებულ ცნობილ ფილმში, სადაც თავად რეჟისორიც მონაწილეობს, არის ასეთი ეპიზოდი: ერთ-ერთ ღამის კლუბში კუსტურიცა სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონების ცქერით ტკბება. ამ დროს ტელევიზორში მარადონას ,,სასწაულებს" აჩვენებენ. კუსტურიცა თავს მოატრიალებს და ეკრანს მოჯადოებულივით მიაშტერდება, გოგონებისაკენ აღარც კი გაიხედავს. ბარმენს გაეცინება - სხვებსაც ასე ემართებათო...
ეს ამბავი გამახსენდა, როდესაც მიხეილ მესხის ყოფილი მეუღლის ნაამბობი მოვისმინე. ქალბატონმა განქორწინების მიზეზად მესხის ცხოვრების წესი დაასახელა... კითხვაზე, თუ რატომ არ გათხოვდა ასეთი ლამაზი ქალბატონი მეორედ, მიპასუხა, მამაკაცებისაგან ყურადღება არასოდეს მაკლდა, მაგრამ როდესაც გაიგებდნენ, რომ მიხეილ მესხის ყოფილი მეუღლე ვიყავი, ყველაფერი ავიწყდებოდათ და წამსვე თავიანთ სათაყვანებელ კერპზე მიწყებდნენ ლაპარაკსო...