სვანეთის და ყაზბეგის მოსახლეობა ინვესტორს უპირისპირდება. სვანეთში საქმე შეიძლება ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მივიდეს. ადგილობრივები ოქროს შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის ოფიციალურ მფლობელ კომპანია „ოპტიკალ სისტემს“ სამუშაოების პროცესში შხამ-ქიმიკატების გამოყენებაში სდებენ ბრალს.
კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ადგილობრივებმა ისინი სვანეთიდან გამოაგდეს და მოკვლითაც ემუქრებიან.
მესტიის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ამერიკელი ინვესტორის დაქირავებული ჩინური კომპანიის საქმიანობა გახდა. მისი ინფორმაციით, სვანეთის მოსახლეობამ ადგილზე შხამ-ქიმიკატების არსებობა დააფიქსირა.
ამის შემდეგ გამგეობამ ინვესტორს მოსთხოვა წარედგინა ინფორმაცია რა ტექნოლოგიის გამოყენებით ხდებოდა ადგილზე სამუშაოები, რაც ინვესტორმა არ წარმოადგინა. მესტიის გამგებლის განცხადებით, მოსახლეობა „ოპტიკალ სისტემსის“ სვანეთში შეშვებას არ აპირებს.
„მოგვმართა 300-მდე მოსახლემ. თავიდან ბრალს გვიყენებდნენ, რომ მათთან ერთად ვმოქმედებდით. სვანეთის ტერიტორიის 10% „ოპტიკალ სისტემსის“ ლიცენზიის მფლობელობის ქვეშაა. ვთხოვეთ ინვესტორს ტექნოლოგიურად განემარტათ რა ტექნოლოგიით ახდენდნენ ოქროს მოპოვებას, რაც არ წარმოადგინეს. ამის შემდეგ მოსახლეობამ დაიფიცა კიდეც, რომ არ უნდათ ამ ხალხის შემოშვება. არსებობს ალტერნატიული გზებიც, შეთანხმების ნაწილია და ამაზე კომპანიაც უნდა წამოვიდეს.
არავინ არ ემუქრება მოკვლით ინვესტორს. მოსახლეობა ამბობს, რომ ქიმიური წესით მოპოვების საშუალებას არ მისცემენ. მე მოსახლეობის არჩეული ადამიანი ვარ. არ შემიძლია მათთან წინააღმდეგობაში შევიდე“, - განუცხადა „ბიზნეს კონტაქტს“ კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
საქმეში უკვე ჩართულია გარემოს დაცვის სამინისტროც, თუმცა როგორც უწყების მთავარი ინსპექტორი განმარტავს, სამინისტროს მხრიდან რიგი დარღვევები გამოვლინდა, მაგრამ კომპანიის მხრიდან ქიმიური ნივთიერების გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა.
„შემოვიდა შეტყობინება მოსახლეობიდან, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც არის სალიცენზიო ფართობი, ხდებოდა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება გადამუშავების პროცესში. ჩვენ განვახორციელეთ ინსპექტირება. დადგინდა, რომ იქ კომპანია ახორციელებდა შესწავლით სამუშაოებს და გამოვლინდა დარღვევები. კერძოდ, იყო ფიქლები უკანონოდ მოპოვებული. ნიადაგის ნაყოფიერი ფენა იყო არასწორად დასაწყობებული და ნარჩენებით იყო ტერიტორია დაბინძურებული, თუმცა ქიმური ნივთიერების გამოყენების კვალი არ დადასტურდა. გამოვლენილი დარღვევების გამო კომპანია დაჯარიმდა“,- განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარმა ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ.
ბოლო პერიოდში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოსახლეობა ინვესტორს უპირისპირდება. მაგალითად, ზუსტად ასეთი დაძაბულობის გამო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩხოტის წყაროს წყალზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. მტკნარი წყლით სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე აუქციონის გამოცხადებას სოფლის მოსახლეობა აპროტესტებდა და აქციებითაც კი იმუქრებოდა. მათივე ცნობით, წყაროს წყალს სასმელად არა მარტო აჩხოტის, არამედ სოფელ არშას მოსახლეობაც იყენებს. აუქციონის შემდეგ კი სოფლებს სასმელი წყლის მიწოდება მკვეთრად შეუმცირდებოდა და დროთა განმავლობაში შეუწყდებოდა.
აჩხოტში დაახლოებით 400, სოფელ არშაში კი 500 მოსახლე ცხოვრობს. ისინი აცხადებდნენ, რომ უკან არ დაიხევდნენ და წყლის მოპოვების უფლებას არავის მისცემდნენ.