ხანძრით დაზარალებულებმა პროტესტს უმატეს

ხანძრით დაზარალებულებმა პროტესტს უმატეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეების აქცია გრძელდება. როგორც ჩანს, მათ შეღავათი ვერც ერთი მხრიდან ვერ მიიღეს. ამიტომ მონაწილეები მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

„მოვიტანთ კარვებს და სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვიშიმშილებთ“, - ამბობენ აქციის მინაწილეები.

აქციაზე მივიდა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. ის „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს სოლიდარობას უცხადებს.

„ბავშვთა სამყაროს“ კომერციული დირექტორის ელგუჯა ცინცაძის ინფორმაციით, ზარალის ანაზღაურების პროცესი, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. ქონება სადაზღვევო კომპანია „ალდაგშია“ დაზღვეული, თუმცა ზარალი იქამდე ვერ ანაზღაურდება, სანამ გამოძიების და სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები არ გახდება ცნობილი. ცინცაძე იქვე დასძენს, რომ დასკვნა მალე იქნება.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“, მათი ინფორმაციით, ამ მიმართულებით ახალი არაფერია, რადგან კომპანია გამოძიების დასკვნას ელოდება.

„ზარალის ანაზღაურება გამოძიების დასვნის დადების შემდეგ დაიწყება. მისი დასრულება კი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - აცხადებენ კომპანიაში.

ჯერჯერობით რაც „ბავშვთა სამყაროს“ მიმართულებით გადაწყდა, სესხების გადავადებაა, თუმცა ბანკების წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.

რამდენიმე დღის წინ მერიაში დაზარალებულებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ კომერციულმა ბანკებმა სესხების გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს და მოვაჭრეებს კრედიტის მომსახურება 6 თვით გადაუვადეს.

საქართველოს ბანკების ასოციაციის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად 600-ზე მეტ დაზარალებულს აქვს საბანკო ვალდებულებები, რომლის ჯამური ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს. საშეღავათო პირობების განსაზღვრისთვის ბანკებს 200-მდე დაზარალებულმა მიმართა. ბანკებმა კი ყველა მათგანის სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია განახორციელა. გარდა ამისა, დაზარალებულებს სხვადასხვა სახის საშეღავათო პირობები ინდივიდუალურად განესაზღვრათ.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, კრედიტების გადავადება მართლაც ყველა მათგანს შეეხო, თუმცა პირობები მათთვის არახელსაყრელია, რადგან გადავადებული თვეების პროცენტი მათ სესხებს მაინც ემატება:

„არაფერი არავისგან ყოფილა, არც დახმარება, არც კომპენსაცია. კრედიტები გადაავადეს. 3-თვიანი ან 6-თვიანია, მაგრამ ის პროცენტები სამ თვეში რაც იქნება, მაინც ერიცხება. 6-თვიანი თუ გავაკეთეთ, რაცაა შესატანი ის ნაწილდება დანარჩენ დროზე. ასე რომ, არ არის მისაღები პირობები. ბაზრებზე არის ადგილები ჩვეულებრივ, თუმცა შეღავათი არ მომხდარა, ყველგან თანხა სჭირდება. ერთი ან ორი თვე რომ დასვან უფასოდ ეს დამწვარი ხალხი, არავინ ამბობს მაგას. ყველაფერი განადგურდა. ერთი ცალი ნივთი არ გამომიტანია“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ელიზა სუბელიანმა.

დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე სახელმწიფოსგან ითხოვენ და აქციების გაგრძელებას აპირებენ.