როგორ აშუქებს უცხოური მედია ბათუმში განვითარებულ მოვლენებს

როგორ აშუქებს უცხოური მედია ბათუმში განვითარებულ მოვლენებს

რაზე ამახვილებენ ყურადღებას „ბი-ბი-სი“ „ევრონიუსი“, „რია ნოვოსტი“, „ლენტა რუ“, „ინტერფაქსი“ და „ტასი“

შაბათს, 11 მარტს, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედიაც გამოეხმაურა. საღამოს დაწყებული საპროტესტო აქცია, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა გამთენიისას რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა, 12 მარტს, ,,ბი-ბი-სის'', ,,ევრონიუსის'', ,,რია ნოვოსტის'', ,,ლენტა რუს'', ,,ინტერფაქსისა'' და ,,ტასის'' მთავარ გამოშვებებში მოხვდა.
სააგენტო ,,ბი-ბი-სიმ'' ბათუმის მოვლენები დეტალურად გააშუქა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პოლიციამ 40 პირი დააკავა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო აცხადებს, რომ 40 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავეს, თუმცა იქვე დასძენს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს და შესაბამისად, დაკავებულთა ნაწილიც სწორედ ამ მუხლით გასამართლდება: ,,ყველა, ვინც ამ ვანდალურ აქტს ორგანიზატორობდა ან მასში მონაწილეობდა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება'', - განაცხადა მღებრიშვილმა. მისივე თქმით, აქციის დაშლის დროს, პოლიციამ ადეკვატური ძალა გამოიყენა. 
თვითმხილველების განცხადებით, 12 მარტს, გამთენიისას, ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან პროტესტანტები უკვე აღარ იმყოფებოდნენ. ქალაქის მუნიციპალური სამსახურები კი მიმდებარე ქუჩებს ასუფთავებენ და დაზიანებული ავტომობილების ნარჩენებისგან წმენდენ. 
,,ბი-ბი-სი'' აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებასაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში 33 პირი გადაიყვანეს, მათგან 15 სამართალდამცველია. მიქელაძის თქმით, კლინიკაში გადაყვანილთა ნაწილი ქვების სროლის, ნაწილი კი ცრემლსადენი გაზის შედეგად დაშავდა: ,,ყველა მათგანი გაწერილია, მხოლოდ ერთი დაშავებული რჩება სტაციონარში, რომელსაც, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აღენიშნება''. 
ამის შემდეგ, სააგენტომ დეტალურად მიმოიხილა ვითარება, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. ,,ბი-ბი-სის'' ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ბათუმში, შაბათ საღამოს იმ ინციდენტის შემდეგ დაიწყო, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ერთ-ერთი მძღოლი დააჯარიმა. ამას მძღოლის აღშფოთება მოჰყვა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ის დააკავეს, თუმცა შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა გამოჩნდა, რომელიც დაკავებულს მხარს აქტიურად უჭერდა. მოქალაქეები იმის გამო აღშფოთდნენ, რომ ბოლო დროს პოლიცია მკაცრად და უსაფუძვლოდ აჯარიმებდა ბათუმელებს. შედეგად, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკება დაიწყო, რასაც კიდევ 5 ადამიანის დაკავება მოჰყვა. მოგვიანებით, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ექვსივე დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით გაათავისუფლეს, თუმცა ამან სიტუაცია ვერ განმუხტა. 
პარალელურად, აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობასთან, ხალხის მღელვარება დაიწყო, სადაც ათასობით პროტესტანტი შეიკრიბა. არეულობა რამდენიმე საათს გაგრძელდა. პროტესტანტები სხვადასხვა საგნებს ესროდნენ პოლიციის სამმართველოს შენობას, დააზიანეს ავტომობილები და გადაწვეს ხეები. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით, არეულობის შედეგად, დაზიანდა ტროტუარები, შუქნიშნები და ათამდე ავტომობილი. 
,,ევრონიუსი'' მშრალი ინფორმაციით შემოიფარგლა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბათუმში, მომიტინგეებისა და სპეცდანიშნულების რაზმის შეხლა-შემოხლის დროს, მრავალი ადამიანი დაშავდა. ,,ევრონიუსის'' ინფორმაციით, ბათუმში დემონსტრაცია ერთი მძღოლის დაჯარიმების გამო დაიწყო, რომელმაც პარკირების წესი დაარღვია. დაჯარიმებულ მძღოლს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და პოლიციამ 6 პირი დააკავა. ამის შემდეგ, პროტესტანტები ბათუმის პოლიციის სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. 
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ისინი, ვინც არეულობაში მონაწილეობდნენ, უმკაცრესად დაისჯებოდნენ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მოგვიანებით შეიცვალა. გვიან ღამით, გიორგი მღებრიშვილმა დაკავებულები გაათავისუფლა. 
ბათუმში გამართული საპროტესტო აქცია რუსულმა სააგენტოებმაც გააშუქეს. ,,რია ნოვოსტიმ'' 12 მარტს, გამთენიისას განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. სააგენტოს ინფორმაციით, პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა, კვირას, გამთენიისას მთლიანად გაწმინდეს ჭავჭავაძის ქუჩა დემონსტრანტებისგან, რომლებმაც ქალაქში არეულობა მოაწყვეს. ,,რია ნოვოსტის'' ინფორმაციითვე, რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში არბევდა ქალაქის ქუჩებს, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე მიიმალა. ადგილზე დარჩენილი მომიტინგეების წინააღმდეგ კი რეზინის ტყვიები გამოიყენეს. 
,,შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები მაშინვე შეუდგნენ საქმიანობას და ქალაქი დაასუფთავეს. ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა, დაზიანდა ტროტუარები, შუქნიშნები, განადგურდა ღობეები და ჩაიმსხვრა ვიტრინები,'' - წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო. 
,,ლენტა რუს'', ,,ინტერფაქსისა'' და ,,ტასის'' ინფორმაციები თითქმის იდენტურია. ეს სააგენტოებიც დეტალურად აღწერენ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს და ყურადღებას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებაზე ამახვილებენ. მინისტრის განმარტებით, დაკავებულ პირთა დიდი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. 
ამ სააგენტოებმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებაც გაავრცელეს. მისი თქმით, 12 მარტს, გამთენიისას, ბათუმში წესრიგი დამყარდა და საავტომობილო მოძრაობაც შეუფერხებლად აღდგა. 
,,ლენტა რუმ'', ,,ინტერფაქსმა'' და ,,ტასმა'' დეტალურად მიმოიხილეს 11 მარტის საღამოს განვითარებული მოვლენები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტანტებმა პოლიციის სამმართველოს შენობას ქვები დაუშინეს და პოლიციელთა კუთვნილი, რამდენიმე ავტომობილი დაწვეს. გამთენიისას კი, სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დასაშლელად, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 
რუსულმა სააგენტოებმა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებიც გაავრცელეს. პრეზიდენტმა მომიტინგეებს სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ მოუწოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა სიტუაციის დაძაბვაში ,,დესტრუქციული პოლიტიკური ძალები'' დაადანაშაულა.