თურქეთის ხელისუფლება გერმანიასა და ჰოლანდიას შემოსწყრა

თურქეთის ხელისუფლება გერმანიასა და ჰოლანდიას შემოსწყრა

თურქეთის ხელისუფალნი ევროპულ ქვეყნებს ერთი-მეორის მიყოლებით უხეშ მესიჯებს უგზავნიან. ჯერ იყო და, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა გერმანიას ნაცისტური ჩვევების გამეორებაში დასდო ბრალი, მიიღო რა უარი გერმანიის ორ ქალაქში მხარდამჭერი აქციის ჩატარებაზე. ამ აქციაზე თურქი მინისტრები სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ და თურქეთის საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა გაემართლებინათ.

„გერმანია, შენ არაფერი გაქვს საერთო დემოკრატიასთან“, -ერდოღანის ამ სიტყვების შემდეგ ნიდერლანდების ჯერიც დადგა. ოღონდ ერდოღანის ნაცვლად, ამჯერად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ჩაერთო სიტყვიერ პაექრობაში.

ჩავუშოღლუს ტონალობაც მკვეთრი იყო. ის აცხადებდა, რომ ანკარას შეეძლო ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაეწესებინა ნიდერლანდებისთვის, თუკი ქვეყნის ხელისუფლება უარს ეტყოდა როტერდამში ჩაფრენის ნებართვაზე, რათა მას მონაწილეობა მიეღო თურქულ დიასპორასთან შეხვედრაში.

„ჰოლანდიელი ნაციონალისტი პოლიტიკოსი გერტ ვილდერსი ნაცისტივით იქცევა. ის ემუქრება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არშეშვებით, მაგრამ მე დღეს მაინც გავემგზავრები“, -აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თურქ პოლიტიკოსთა მკვეთრ ტონს ნაწილობრივ რუსეთის ფაქტორს უკავშირებს. მისი თქმით, ერდოღანმა საერთო ენა უკვე გამოძებნა პუტინთან, გახშირდა მათი შეხვედრები. ბოლო ხანს ძალზე გააქტიურდა თავად პუტინიც და შეჰპირდა ერდოღანს, რომ რუს ტურისტებს დააბრუნებს თურქეთში. ცხადია, პუტინს ეს არ გაუჭირდება, მით უმეტეს, თუ თურქეთში დასვენება უფრო იაფი უჯდებათ რუსებს, ვიდრე სოჩაში ან ყირიმში.

რაც შეეხება ჰოლანდიას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს მუქარა სრულიად გასაგებია. 15 მარტს არჩევნებია ჰოლანდიაში, სადაც რუტესის მთავრობას პრაქტიკულად შანსი არ აქვს. რეიტინგით მას საგრძნობლად უსწრებს გერტ ვილდერსი. თუმცა ამერიკის არჩევნების შემდეგ ამ რეიტინგების აღარავის სჯერა.

„მევლუთ ჩავუშოღლუ პერიოდულად ორიგინალური განცხადებებით გამოირჩევა, მათ შორის, ქართველებთან მიმართებითაც. მისი მკვეთრი ტონი იმით აიხსნება, რომ თურქეთმა ზურგი გაიმაგრა რუსეთის მიმართულებით, ამიტომ ევროპასთან სულ სხვა ტონალობაში გადადის. ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. შემთხვევითი არ გახლავთ თუნდაც იმავე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ამ პატარა ბიჭის განცხადება, რომ საქართველოში, ეგვიპტესა და ბალკანეთში უკანონო მიგრანტების ბანაკი უნდა მოეწყოს. ეს იმიტომ, რომ თურქეთის იმედი აღარ აქვთ.

თურქეთში ახლა 3 მილიონამდე მიგრანტია დაგროვილი. თურქეთს შეუძლია, გახსნას ჭიშკარი და შეუსიოს მიგრანტები ევროპას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 7 მილიარდ ევრომდე თანხა მიიღო თურქეთმა და ეს ფული ჩაიჯიბა. ახლა თუ სურს მერკელს, უჩივლოს თურქეთს სასამართლოში. ასევე ხდება ჰოლანდია-ნიდერლანდებთან მიმართებითაც. თურქეთის მხრიდან სანქციებით დამუქრება შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ თურქეთმა ზეგავლენა მოახდინოს ჰოლანდიელ ამომრჩეველზე.

თუ 15 მარტის შემდეგ გერტ ვილდერსი მოვიდა ჰოლანდიის ხელისუფლებაში, ის მარინ ლე პენზე უფრო ხისტი იქნება მიგრანტებთან მიმართებით. ამიტომ ცდილობს თურქეთი ევროპელ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას, რადგან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების კეთილდღეობა ძირითადად ვაჭრობაზეა დამყარებული. არც ინოვაციური მიღწევები, არც მეცნიერების განვითარება, ძირითადად ეს არის კომერციული სფერო. თურქეთსა და ჰოლანდიას შორის ვაჭრობა კი ნამდვილად არის და თურქეთი 80-მილიონიანი ქვეყანაა, უძლიერესი ეკონომიკით, რომლის დიდი ბაზარი, ვაჭრობა და კონკურენტუნარიანობა მიმზიდველია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისთვის“, - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, რომ ვალდერსის მოსვლა ხელისუფლებაში არც თურქეთს აწყობს და არც იმ ქვეყნებს, რომელთაც იმედი აქვთ, რომ თავის ჭარბ მოსახლეობას ნელ-ნელა შეუშვებენ ევროპაში.

ექსპერტი სოსო ზაალიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თურქეთის გონორი, უბრალოდ, კუნთების თამაშია და ეს შეტევა მხოლოდ ვერბალურ დონეზეა, თორემ თურქეთმა რა სანქციები უნდა გამოუცხადოს გერმანიას ან ჰოლანდიას?

სოსო ზაალიშვილის აზრით, ევროპაში მიმდინარე უარყოფითი ტენდენციებით თურქეთი კარგად სარგებლობს. საუბარია იმავე ბრექსიტზე, რომელმაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი. ამას ემატება ფრექსიტი, ანუ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები, როდესაც მარინ ლე პენის პოლიტიკური ორგანიზაცია- ნაციონალური, ანუ „ეროვნული ფრონტი“ სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს და ლე პენი გამოდის სწორედ იმ მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ლიბერალებს ჰქონდათ. ლე პენის თქმით, ბრექსიტის შემდეგ ფრექსიტი უნდა განხორციელდეს და საფრანგეთმა ნატო და ევროკავშირი უნდა დატოვოს.

„გასათვალისწინებელია ჰოლანდიაში მიმდინარე პროცესებიც. ჰოლანდიის პარლამენტის წევრი გერტ ვილდერსი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია. იგი „თავისუფლების პარტიას“ მიეკუთვნება, რომელიც ემიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგია და ევროპაში ტერორისტების შეშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გერტ ვილდერსის პარტია პოპულარობით სარგებლობს ჰოლანდიაში ისევე, როგორც მთელი ტენდენციებია ევროპაში მემარჯვენე ძალების მხარდასაჭერად. თურქებმა ეს იციან, რომ ამ ხალხის გამარჯვების შემთხვევაში, მათ პრობლემები შეექმნებათ. ამიტომ გამორიცხული არ არის, სანქციები იმით დაუწესონ ჰოლანდიას, რომ საკუთარი ტურისტები იქ არ ჩაუშვან. გერმანიას კი შეიძლება სულ სხვა სახის პრობლემები შეუქმნან, რადგან გერმანია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თურქეთის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში ქონებისა და მიწების შეძენა შეეძლო. გერმანელებს ჰქონდათ ამის პრივილეგია. ახლა შეიძლება, თურქებმა ეს უფლება წაართვან, მაგრამ ეს დააზიანებს თურქეთის ეკონომიკას“, - აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა და კიდევ ერთ მომენტზე გაამახვილა ყურადღება.

კერძოდ, იმით, რომ თურქეთი ევროპას აგინებს, ტრამპის ადმინისტრაციასთანაც ცდილობს დაახლოებას. მით უმეტეს, რომ ტრამპის ერთ-ერთი პარტნიორი წარმატებული თურქი ბიზნესმენია, რომლის სახელიც ანკარაში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობას უკავშირდება. თურქ ბიზნესმენს ერდოღანთანაც კარგი ურთიერთობა აკავშირებს. ამდენად, ქართველებისგან განსხვავებით, ერდოღანს ნამდვილად აქვს სიტუაციის დალაგების შესაძლებლობა ტრამპთან.