„იმელის“ შენობის საიდუმლო

„იმელის“ შენობის საიდუმლო

ბოლო აღმოჩენის თანახმად, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ცნობილ "იმელის" შენობას მშენებლებმა უზარმაზარი საფლავი დაარქვეს.

შენობის პირველი სართულის სარტყელი მხოლოდ საფლავის ქვებისგან შედგება. ამ საშინელ საიდუმლოს ფარდა ახლახან აეხადა, როდესაც მშენებლებმა "იმელის" დემონტაჟი დაიწყეს.

მოსაპირკეთებლად გამოყენებულია იმ მიცვალებულთა საფლავის ქვები, ვინც ბოლშევიკების მიერ აოხრებულ და განადგურებულ ქრისტიანულ სასაფლაოებზე განისვენებდნენ. "იმელის" შენობაში ათეული წლების განმავლობაში მომსახურე ხალხს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მათ კაბინეტებს გარს ერტყა ათასობით შეურაცხყოფილი მიცვალებულის უკანასკნელი განსასვენებლების ფრაგმენტები.

ორიოდე დღის წინ, როდესაც "იმელის" შენობაში ამაზრზენი კადრების გადასაღებად პირადად გახლდით, გამახსენდა, რამდენჯერ გამივლია ამ დერეფნებში. რას ვიფიქრებდი, რომ ფეხს მიცვალებულთა საფლავის ქვებს ვადგამდი. რამდენიმე ადგილას, ბეტონის ფენაზე მკაფიოდ ჩანს წარწერიანი ქვის ასლი. ეზოში ასეთი ქვების გორები დგას. ერთგან, ნაკლებად დაზიანებულ ფილაზე გარკვევით იკითხება, რომ იგი ეკუთვნოდა ვინმე არსინაშვილს, რომელიც 27 წლისა დაღუპულა ბრძოლის ველზე თურქეთთან ომის დროს, 1916 წლის 6 იანვარს.

გიორგი სეთურიძე, არაბული საინვესტიციო კომპანია "დაბი ჯგუფის" ხელმძღვანელი:

„საფლავის ქვებიდან წარწერების წაშლაც კი არ ინებეს, ისე მიაკრეს ფილები კედელს. წინათ ქვის მჭრელებად პატიმრებს ამუშავებდნენ. შესაძლოა, ამ შენობის აგების დროსაც რეპრესირებულები ჰყავდათ დაკავებული ამ საქმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიკვირს, ჭკუათამყოფელს ასეთ საქმეზე როგორ უნდა ემუშავა. ჩვენი ვარაუდით, შენობის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია რუსთაველის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიებზე განადგურებული ეკლესიებისა და სასაფლაოების ქვები. კერძოდ, ეკლესია იყო ალექსანდრეს და ვერის ბაღების ადგილზე, ასევე გრიბოედოვის ქუჩაზე და იქ, სადაც ახლა პარლამენტის შენობა დგას. ყველა ეკლესიის ეზოში იყო მცირე ან დიდი სასაფლაო. ამ "აღმოჩენის" შემდეგ კომპანია "დაბი ჯგუფმა" გადაწყვიტა, შენობა დაანგრიოს. თუმცა, მანამდე გადაწყვეტილი იყო, ფასადი შეგვენარჩუნებინა. ახლა მის ადგილას 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება".

„იმელის" მშენებლობა დაიწყო 1934 წელს და დასრულდა 1938-ში, სწორედ იმ დროს, როდესაც ლავრენტი ბერია მოსკოვში გადაიყვანეს. საარქივო მასალების თანახმად, სწორედ ბერია ხელმძღვანელობდა ამ მშენებლობას.

პროექტი ცნობილ რუს არქიტექტორს, ალექსეი შჩუსევს ეკუთვნის. მისივე პროექტით აშენდა ბათუმის „ინტურისტი" და ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში. შჩუსევმა უზარმაზარი „საფლავი" კი დააპროექტა ლენინისთვის, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, მისი ინიციატივა ყოფილიყო „იმელის" შენობაში მოსაპირკეთებლად საფლავის ქვების გამოყენება.

გიორგი სეთურიძე: „მარქსიზმ-ლენინიზმის სამეცნიერო ინსტიტუტის, ანუ „იმელის" ბიბლიოთეკა სამეცნიერო და საჯარო ბიბლიოთეკებს გადავეცით. აქ დაცული იყო სასიგნალო ეგზემპლარები იმ ავტორებისა, ვისაც ხვრეტდნენ ან აპატიმრებდნენ. ამიტომაც ბევრ ადგილზე მათი სახელი და გვარი გადაშლილია. ჩანს, მათი ხსენება ისე იკრძალებოდა, რომ ცდილობდნენ შემთხვევით სადმე არ ამოეკითხათ ტაბუდადებულთა ვინაობა".

„იმელის" შენობამ კიდევ ერთი საიდუმლო გაამხილა. სარდაფებში უზარმაზარ ლაბირინთებსა და გვირაბებს წააწყდებით, რომელთა „შესწავლა" ჯერ ვერავინ გაბედა და ალბათ ისე დაინგრევა ეს შენობა, ვერც ვერავინ დაადგენს, რა იმალებოდა ოდესმე იმ გვირაბებში. შესაძლებელი გახდა მხოლოდ გისოსებიანი საკნების, ე.წ. დილეგებისა და დაკითხვის ოთახების ნახვა.

ერთ-ერთ ოთახში შემორჩენილია დაფა, რომელზეც ცარცით ვიღაცას წაუწერია, - ხატებს მოუარეთ, ბუთხუზი, ჯიმა, გვიშველეთ!..

მალე ბულდოზერი გაანადგურებს ამ ოთახსაც და სამუდამოდ დასამარდება ტრაგიკული ამბავი, რომელსაც უთუოდ უნდა ენახა დღის სინათლე, თუნდაც იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

მასალაზე მუშაობის დროს უშიშროების ყოფილ მინისტრს, ანზორ მაისურაძეს დავუკავშირდი. მეგონა ათწლეულების განმავლობაში კომუნისტური უშიშროების სისტემის პროფესიონალ წარმომადგენელს რაიმე ეცოდინებოდა „იმელის" საიდუმლოს შესახებ. - გაოგნებული ვარ, ასეთი რამ არც მსმენია, არც წამიკითხავს და ცხადია, თვალითაც არასდროს მინახავსო, - აღშფოთებულმა განაცხადა.

ამბობენ, გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებული ახლანდელი პარლამენტის შენობის მოსაპირკეთებლადაც საფლავის ქვები უნდა იყოს გამოყენებულიო. ღმერთმა ნუ ქნას! ამ შენობას ისიც ეყოფა, საძირკველი იუნკერთა საფლავებზე რომ უდგას.