გზა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ

გზა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ

„ნელ-ნელა დავიწყეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ, ვიცით, რომ ეს ქვეყნის ენერგეტიკის და ჩვენი უკეთესი მომავალია“, - ასე აფასებს თორნიკე დარჯანია ჰობით დაწყებულ საქმიანობას, რომელიც 2006 წელს, გერმანიაში ჩაიფიქრა და სულ ახლახანს საქართველოში განახორციელა. 

თორნიკეს იდეის ხორცშესხმა სემეკის დადგენილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც ყველა მომხმარებელს საშუალება აქვს ელექტროენერგიის მოხმარების გარდა გახდნენ მისი მწარმოებლებიც. კერძოდ, დააყენოს საკუთარი მზის მიკრო ელექტროსადგური, რომლის საშუალებითაც მზის სხივი ელექტროენერგიად გარდაიქმნება, რაც საკუთარ მოხმარებას უზრუნველყოფს, ხოლო ჭარბი გამომუშავების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ცენტრალურ ქსელში მიწოდებით მიჰყიდოთ გამანაწილებელ ენერგოკომპანიას (თელასი, ენერგო-პრო, კახეთის ენერგოდისტრიბუცია). 

როგორ გავხდეთ მზის ელექტროსადგურის მფლობელი და რა მომავალი აქვს აღნიშნულ პროექტს?- ამ თემაზე უფრო კონკრეტულად თორნიკე დარჯანია მოგვიყვება, - ადამიანი, რომელმაც უკვე ორი მზის მიკრო ელექტროსადგურის აწყობა მოასწრო.

„ჩემით ვისწავლე და ავაწყვე სამასი და ორიათას ხუთას ვატიანი მზის მიკრო ელექტროსადგური. სამას ვატიანი მზიან ამინდში თვეში 45 კილოვატს გამოიმუშავებს, ხოლო ორიათას ხუთას ვატიანი 300-350 კილოვატს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩადებული ინვესტიცია 5-6 წელიწადში დამიბრუნდება“, - აღნიშნავს For.ge -სთან საუბრისას თორნიკე დარჯანია. 

იმისათვის რომ, თორნიკეს მსგავსად, თქვენც ააწყოთ მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური, საჭიროა დაამონტაჟოთ მზის პანელები, ქარის გენერატორები ან მიკრო ჰესები. თუმცა, თუ საკუთარი ხელით აწყობა გიჭირთ, შგიძლიათ მიმართოთ კომპანიებს, რომელიც გაგიწევენ კონსულტაციას, ან აგიწყობენ და დააყენებენ თქვენი მოთხოვნის შესაბამის მზის ელექტროსადგურს. 

და მაინც რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი მზის ელექტროსადგური და რა მომავალი აქვს მას, ამ კითხვაზე თორნიკე გვპასუხობს, რომ ეს არის გზა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ. მიზანი მოვიხმაროთ ელექტროენერგია უფრო ეფექტურად და ვიყოთ დამოუკიდებლები, სახელმწიფოს ხელშეწყობითა და დახმარებითაც უნდა მოხდეს. 

„ჩვენმა სახელმწიფომ თანადაფინანსებით უნდა შეუწყოს ხელი მზის ელექტროსადგურების დაყენებას. მაგალითად, ევროპაში სახელმწიფო უკეთებს მოსახლეობას თანადაფინანსებას, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ჩადებული ინვესტიცია მალე ამოიღოს და ამასთანავე მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიით, ამიტომაა განვითარებული და მაღალ დონეზე ეს სისტემა ევროპის ქვეყნებში.

ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მომავალში შიდაწვის ძრავის ავტომობილები ელექტრომობილებით ჩანაცვლდება, რაც შეამცირებს ეკოლოგიურ პრობლემებს, თუმცა გაზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას. 
წარმოების ზრდასთან ერთად გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც და ქვეყანა მომზადებული უნდა შეხვდეს ამ გამოწვევებს“,- აცხადებს For.ge-სთან საუბრისას თორნიკე დარჯანია.